უგოლო ფრეები კლოზემ დაჩრდილა

AutoSharing Option
ტურის სიმბოლური ნაკრები
ჰანდანოვიჩი ("უდინეზე") - აბატე ("მილანი"), ბარცალი ("იუვენტუსი"), ჰაინცე ("რომა"), პელუზო ("ატალანტა") - ნოჩერინო ("მილანი"), ალმირონი ("კატანია"), ერნანესი ("ლაციო") - ფლოკარი ("პარმა"), იბრაჰიმოვიჩი ("მილანი"), კლოზე ("ლაციო").

მიუხედავად იმისა, რომ ათი გამართული შეხვედრიდან ხუთი ნულოვანი ფრით დასრულდა, მაინც მოიძებნა სამი ფორვარდი, რომლებიც სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ. გასაკვირი ის გახლავთ, რომ ამ სამმა თავდამსხმელმა მთლიანობაში მხოლოდ ერთი კინკილა გოლი გაიტანა და ისიც, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში. დიახ, სერჯო ფლოკარიმ და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა უგოლოდ დატოვეს მოედანი, სამაგიეროდ, უდიდესი შრომა გასწიეს მინდორზე და
საგოლე გადაცემებიც არიგეს. რაც შეეხება მიროსლავ კლოზეს, მასზე ვრცლად ქვემოთ მოგახსენებთ.

სამაგიეროდ, ნახევარმცველები გვყავს უხვგოლიანი - ნოჩერინომ, ალმირონმა და ერნანესმა თითო გოლი "მიართვეს" მეტოქეებს და დიდი წვლილი შეიტანეს საკუთარი გუნდების გამარჯვებაში; როგორც იცით, "მილანმა" "პალერმო" დაამარცხა, "კატანიამ" - "ინტერი", "ლაციომ" კი - "რომა".

დაცვით ფაზაში ანდრეა ბარცალი უნდა გამოვარჩიოთ, რომელიც მესამეჯერ ხვდება რჩეულ ფეხბურთელთა შორის, არადა, ჩემპიონატის დაწყებიდან მხოლოდ ექვსი ტურია გასული. მართლაც შესანიშნავი შედეგია და თუ ასე გააგრძელა ანდრეამ, უდავოდ სეზონის საუკეთესო მცველის სტატუსს მოიპოვებს.

ტურის გმირი
რომაულ დერბიში მსაჯის მიერ კომპენსირებული დრო იწურებოდა, როდესაც მიროსლავ კლოზემ "ჯალოროსის" საჯარიმოში შეირბინა, თანაგუნდელისგან უზუსტესი გადაცემა მიიღო - ერთი შეხებით ბურთი დასარტყმელად გაისწორა და გამარჯვების გოლი გაიტანა. ამ გოლით 33 წლის გერმანელმა ფორვარდმა საბოლოოდ დაიმკვიდრა ადგილი "ლაციოს" ისტორიაში და შეუძლია ვალმოხდილმაც კი ჩათვალოს თავი.

დიახ, მირომ მორიგი და ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა იტალიურ კარიერაში, მისი შედეგიანი დარტყმა VII ტურის ბოლო, ყველაზე ემოციური და შთაბეჭდავი აკორდი გახლდათ. ამ გოლით, კლოზემ ის უგოლო ფრეებიც კი დაჩრდილა, რომლებიც გასულ ტურში მრავლად დაფიქსირდა. მატჩის შემდეგ, კლოზე ბედნიერი გახლდათ და განაცხადა:

"ამდენი ხანია ფეხბურთს ვთამაშობ და ასეთი ემოციური მომენტი არც კი მახსენდება. საოცარია, როდესაც ხედავ, რომ ამდენი გულშემატკივარი გააბედნიერე. ეს იყო ნამდვილი დღესასწაული, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. მადლობა მთავარ მწვრთნელს, ბოლომდე მენდო, არ შემცვალა და საბედნიეროდ, ყველაფერი ძალიან კარგად, ფანტასტიკურად დამთავრდა".

ტურის ფიასკო
4 მარცხი 6 თამაშში მართლაც მეტისმეტია, მით უმეტეს, როდესაც საქმე ევროპული ფეხბურთის აღიარებულ გრანდს, "ინტერს" ეხება. კლაუდიო რანიერიმ თავიდან თითქოს გამოაცოცხლა გუნდი და მიჯრით ორი შეხვედრაც მოიგო, მაგრამ შემდეგ აირია ყველაფერი და "ინტერმა" ძველი, გასპერინისდროინდელი სახე დაიბრუნა.

გასულ ტურში, მილანელები სიცილიაში შერცხვნენ, სადაც ადგილობრივ "კატანიასთან" წააგეს და თანაც ისე, რომ უპირატესობას სწორედ მასპინძელთა გუნდი ფლობდა. დიახ, "კატანიამ" თამაშით დაჯაბნა მეტოქე და სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა, მილანელებს კი ისღა დარჩენოდათ, მსაჯობაზე გაემახვილებინათ ყურადღება - მათ კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი ერთობ საეჭვო იყო, რაც ბევრმა ხელზე დაიხვია. თუმცა, ყველაზე კარგი პასუხი მათ ინტერელმა ხავიერ ძანეტიმ გასცა, რის შესახებაც "კვირის ფრაზიდან" შეიტყობთ.

ტურის მოულოდნელობა
ტურის მოულოდნელობა "სტადიო სან პაოლოზე" დაფიქსირდა, სადაც "ნაპოლიმ" "პარმას" უმასპინძლა და არა თუ სამი, ერთი ქულაც კი ვერ მოიპოვა. პარმეზანელებმა მეორე ნომრად ითამაშეს - კონტრიერიშებით შეეცადნენ ფონს გასვლას და გამოუვიდათ კიდეც. შედეგი მართლაც რომ მოულოდნელია და  მიუხედავად ამისა, რომ შუა კვირაში ნეაპოლელებს ჩემპიონთა ლიგის პაექრობა უწევთ "ბაიერნთან" - ვალტერ მაძარიმ ძირითადი შემადგენლობა დაუპირისპირა "პარმას, რითაც დაგვანახვა, რომ ძალების დაზოგვას არ აპირებდა. ასეა თუ ისე, გამარჯვება სტუმრებს დარჩათ, მაძარის კი ჟურნალისტებთან თავის მართლება მოუწია.

ტურის ფრაზა
ხავიერ ძანეტი (ინტერის კაპიტანი): "არ შეიძლება წარუმატებლობა მსაჯს დააბრალო, როდესაც ეს მეოთხე მარცხია ექვს შეხვედრაში"

სერიები
მოგება: "ლაციო", "პარმა" - 2 თამაში
წაგება: "ინტერი" - 2
წაუგებლად: "უდინეზე", "იუვენტუსი" - 6
მოუგებლად: "ჩეზენა" - 6

ციფრები და ფაქტები
- სერია A-ს ისტორიაში მეხუთედ მოხდა, რომ ტურის ერთბაშად ხუთი შეხვედრა ნულოვანი ფრით დასრულდა. ბოლოს, ასეთი შედეგი 1989 წელს დაფიქსირდა;

- "ლაციომ" რომაულ დერბიში 5-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა, ედუარდო რეიასთვის კი ეს პირველი გამარჯვება იყო "რომაზე";

- სიმონ კიაერი მეათე ფეხბურთელია ბოლო შვიდ რომაულ დერბიში, რომელიც მოედნიდან გააძევეს;

- მიროსლავ კლოზე პირველი გერმანელი ლეგიონერია, რომელმაც რომაულ დერბიში გოლი გაიტანა 1992 წლის შემდეგ, როდესაც თავი თომას ჰესლერმა გამოიჩინა;

- "რომას" თავდამსხმელ პაბლო ოსვალდოს მიჯრით მეოთხე თამაშია გოლი გააქვს;

- "კატანიას" საკუთარ მოედანზე აპრილის შუა რიცხვების შემდეგ არ წაუგია;

- 4 ქულა 6 თამაშში, ყველაზე ცუდი სტარტი "ინტერის" ისტორიაში;

- პირველ 6 თამაშში "ინტერმა" 13 გოლი გაუშვა, ასეთი ცუდი მაჩვენებელი გუნდს ბოლოს 1930/1931 წლების სეზონში ჰქონდა, როდესაც "ნერაძურიმ" 17 ბურთი მიიღო საკუთარ კარში;

- "ინტერის" კარში ოთხი თერთმეტმეტრიანი შესრულდა, რაც "საუკეთესო" მაჩვენებელია მთელ სერია A-ში;

- "მილანს" საკუთარ მოედანზე 2010 წლის 18 დეკემბრის შემდეგ არ წაუგია;

- "პალერმოს" გასვლით 3 პაექრობაში არც ერთი გოლი არ აქვს გატანილი, ასეთი რამ ბოლოს 1972/1973 წლების სეზონში მოხდა;

- "პარმამ" 5-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა "ნაპოლისთან";

- "ჩეზენას" ჯერ კიდევ არ მოუგია არც ერთი შეხვედრა მიმდინარე სეზონში, 346 წუთია გოლი არ გაუტანია და შესაბამისად, ჩემპიონატში ყველაზე ცუდი თავდამსხმა ჰყავს ;

- ადრიან მუტუმ პირველი წითელი ბარათი მიიღო იტალიურ კარიერაში;

- "უდინეზეს" დაცვა საუკეთესოა ჩემპიონატში, ფრიულელებს მხოლოდ 1 გოლი აქვთ გაშვებული;

- "უდინეზეს" ნახევარმცველმა ჯამპიერო პინციმ მე-12 წითელი ბარათი მიიღო კარიერაში, ასეთი მაჩვენებელი სერია A-ში მოასპარეზე სხვა არც ერთ ფეხბურთელს არ აქვს;

- "იუვენტუსი" "კიევოს" დამარცხებას უკვე მეოთხე მატჩია უშედეგოდ ლამობს;

- "ლეჩემ" მიმდინარე სეზონში პირველი შეხვედრა დაასრულა ფრედ;

- "ბოლონიამ" პირველი შეხვედრა მოიგო ჩემპიონატში, ერთზე მეტი გოლი კი "როსობლუმ" 15-ტურიანი პაუზის შემდეგ გაიტანა;

გლობალური სტატისტიკა
საუკეთესო დასწრება:
VI ტური, ინტერი-ნაპოლი, 64 824 გულშემატკივარი

ყველაზე დაბალი დასწრება:
II ტური, კიევო-ნოვარა, 7 000 გულშემატკივარი

ყველაზე დიდი საშინაო გამარჯვება:
იუვენტუსი-პარმა 4:1 (II ტური), ფიორენტინა-პარმა 3:0 (IV), ჯენოა-კატანია 3:0 (IV), სიენა-ლეჩე 3:0 (V), მილანი-პალერმო 3:0 (VII).

ყველაზე დიდი საგარეო გამარჯვება:
ინტერი-ნაპოლი 0:3 (VI ტური).

ყველაზე უხვგოლიანი თამაში:
პალერმო-ინტერი 4:3 (II ტური).

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 6 3 3 0 9-3 12
2. უდინეზე 6 3 3 0 7-1 12
3. კალიარი 6 3 2 1 8-5 11
4. ლაციო 6 3 2 1 9-7 11
5. ნაპოლი 6 3 1 2 10-5 10
6. პალერმო 6 3 1 2 9-9 10
7. კიევო 6 2 3 1 6-5 9
8. კატანია 6 2 3 1 7-8 9
9. პარმა 6 3 0 3 8-11 9
10. რომა 6 2 2 2 7-6 8
11. ფიორენტინა 6 2 2 2 6-4 8
12. ჯენოა 6 2 2 2 9-8 8
13. მილანი 6 2 2 2 8-8 8
14. სიენა 6 1 3 2 4-4 6
15. ატალანტა 6 3 2 1 8-7 5
16. ნოვარა 6 1 2 3 10-12 5
17. ინტერი 6 1 1 4 8-13 4
18. ბოლონია 6 1 1 4 4-10 4
19. ლეჩე 6 1 1 4 3-9 4
20. ჩეზენა 6 0 2 4 2-7 2

შენიშვნა
: ატალანტა - 6 ქულა

მომდევნო ტური
22 ოქტომბერი: ფიორენტინა-კატანია, იუვენტუსი-ჯენოა.
23 ოქტომბერი: ლეჩე-მილანი, კალიარი-ნაპოლი, ინტერი-კიევო, პარმა-ატალანტა, რომა-პალერმო, სიენა-ჩეზენა, უდინეზე-ნოვარა, ბოლონია-ლაციო.

ბომბარდირები: 5 - პალასიო (ჯენოა), ჯოვინკო (პარმა); 4 - კლოზე (ლაციო), ოსვალდო (რომა), დენისი (ატალანტა), დი ნატალე (უდინეზე); 3 - მიკოლი (პალერმო), მილიტო (ინტერი), რიგონი (ნოვარა), ჩერჩი (ფიორენტინა), კავანი (ნაპოლი).

ასისტენტები:3 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო), ანდრეა პირლო (იუვენტუსი), როდრიგო პალასიო (ჯენოა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული