კლოზეს ამბიციური გეგმები

AutoSharing Option
მიროსლავ კლოზეს ყურადღება არასდროს აკლდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც რომაულ დერბიში გამარჯვების გოლი გაიტანა, მასზე ნამდვილი ტაციაობა გაჩაღდა. მირო ერთ-ერთ საფეხბურთო თოქშოუს ესტუმრა და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის განვლილ დერბისა და სამომავლო გეგმებზე. კლოზეს საუბრის ყველაზე საინტერესო ფრაგმენტებს ქვემოთ გაეცნობით და გირჩევთ, როგორც მინიმუმ თვალი გადაავლოთ...

დერბი
მატჩის შემდეგაც აღვნიშნე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ "რომას" კარში გატანილმა გოლმა გონება დამიბინდა. ასეთი ემოცია მხოლოდ სანაკრებო მატჩებში განმიცდია და ბედნიერი ვარ, რომ დაახლოებით ანალოგიური განცდა კიდევ ერთხელ დამეუფლა.

იტალიაში
განსაკუთრებული ქომაგობა იციან, ფეხბურთი ტიფოზებისთვის მთელი ცხოვრებაა და როდესაც ხვდები რამხელა სიხარული მიანიჭე მათ, თავს უბედნიერესად გრძნობ.

შეხვედრა მაღალ ტემპში წარიმართა და მუდმივად იგრძნობოდა ის დაძაბულობა, რომელზეც რომში ჩამოსვლის დღიდან არაერთხელ მსმენოდა. ზურგს ხანგრძლივი კარიერა მიმაგრებს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რომაული გუნდების დაპირისპირება ყველასგან გამორჩეულია.

აქ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სატურნირო ცხრილს და იმას, თუ რომელი გუნდი როგორ ფორმაში იმყოფება. ერთი სიტყვით, დერბისგან უდიდესი სიამოვნება მივიღე და დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ არაერთ რომაულ დაპირისპირებაში მივიღებ მონაწილეობას.

კალჩო
იტალიური ფეხბურთი დაახლოებით ისეთია, როგორიც წარმომედგინა - ტაქტიკურად გადატვირთული, ხისტი და ემოციური. აქ პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რომ ერთმა გუნდმა მეორე ექვსი და შვიდი ბურთის სხვაობით დაამარცხოს, როგორც ეს სხვა ჩემპიონატებში ხშირად ხდება. თითოეულ პაექრობაში ბოლომდე კონცენტრირება და მაქსიმალურად დახარჯვაა საჭირო იმისთვის, რომ სასურველ რეზულტატს მიაღწიო. ასეთი ფრაზები ზოგადად ძალიან ხშირად ისმის, მაგრამ მერწმუნეთ, ყველაზე უფრო მეტად ეს ყველაფერი იტალიის სერია A-ს მიესადაგება.

სამომავლო გეგმები
"ლაციოსთან" 2014 წლამდე მაკავშირებს ხელშეკრულება და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მხრივ არაფერი შეიცვლება. მსურს დარჩენილი პერიოდი სწორედ "ბიანკოჩელესტეში" გავატარო, შემდეგ კი ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზეც მივიღო მონაწილეობა. შესაძლოა, ბევრს ეს უტოპიად მოეჩვენოს, მაგრამ თუ რაღაც გულით გინდა და თავს არ დაზოგავ, აუცილებლად აგისრულდება. აი შემდეგ კი ნამდვილად დავასრულებ კარიერას და ბუცებს ლურსმანზე ჩამოვკიდებ.

ხშირად მსმენია განცხადებები იმის შესახებ, რომ ამა თუ იმ მოთამაშეს ფეხბურთი მობეზრდა და კარიერის დასრულებაზე უჭირავს თვალი. ჩემ შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად არის, რაც დრო გადის, ფეხბურთისგან უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებ და ჩემი ნება რომ იყოს, კარიერას არასდროს დავასრულებდი. თუმცა, ასაკს თავისი მიაქვს და ერთ არც თუ მშვენიერ დღეს, საყვარელ საქმესთან დამშვიდობება მომიწევს.

შემდეგ...
სიმართლე გითხრათ, ჯერ კიდევ ვერ ჩამოვყალიბებულვარ არის თუ არა მწვრთნელობა ჩემი საქმე. სურვილი ნამდვილად მაქვს, მაგრამ რამდენად კარგად გამომივა, ამაში არ ვარ დარწმუნებული. პასუხისმგებლობით ვიარე მთელი განვლილი წლები და არ მსურს ისეთ საქმეს მოვეჭიდო, რომელშიც ვერ ვივარგებ. ამიტომ, ჯერ კარგად უნდა დავფიქრდე და საამისო დრო ნამდვილად მექნება. როგორც უკვე აღვნიშნე, კარიერის დასრულებას 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ვაპირებ, იქამდე კი დიდია დროა დარჩენილი.

ნებისმიერ შემთხვევაში, ფეხბურთში დავრჩები, რადგან რასაც წარმოვადგენ, სწორედ სპორტის ამ სახეობის დამსახურებაა. როგორც მინიმუმ, ვეცდები, რომ ახალ თაობას გავუზიარო გამოცდილება და მათ ფეხბურთელებად ჩამოყალიბებაში დავეხმარო. ვნახოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული