მოჯი: დელ პიერო ნაწყენია

AutoSharing Option
წინა ნომერში გაცნობეთ იმის შესახებ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ალესანდრო დელ პიერო "იუვენტუსს" დატოვებს და ალბათ კარიერასაც დაასრულებს. თუ არა და, როგორც თავად განაცხადა, სხვა ქვეყანაში გადაბარგდება და ძალებს ახალ ჩემპიონატში მოსინჯავს.

ერთხელ ისიც კი განაცხადა, სიამოვნებით ვითამაშებდი ამერიკაში, ან იაპონიაშიო. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს დელ პიერო, დღეს კი ლუჩანო მოჯის უნდა მოვუსმინოთ, რომელმაც "იუვენტუსის" პრეზიდენტი ანდრეა ანიელი მკაცრად გააკრიტიკა.

საქმე იმაშია, რომ სწორედ ანიელიმ აუწყა საზოგადოებას, ალესანდროსთვის ეს სეზონი უკანასკნელი იქნება "იუვენტუსის" შემადგენლობაშიო - მოვუსმინოთ მოჯის და ყველაფერი
ცხადი გახდება:

"ვერ გეტყვით ვინ უკარნახა ანიელის, რომ ეს განცხადება საჯაროდ უნდა გაეკეთებინა, მაგრამ საშინლად რომ მოიქცა, ამას წყალი არ გაუვა. მე ვესააუბრე დელ პიეროს და მითხრა, რომ ეს ცნობა მისთვის სიახლე იყო, რამაც ძალიან გაანაწყენა. ასე შეიძლება მოტივაცია დაუკარგო ფეხბურთელს, რომელიც დღემდე ერთ-ერთი საუკეთესოა შემადგენლობაში.

ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია რატომ უშვებენ ალეს, რადგან მას ჯერ კიდევ ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლია მეტოქე მცველთათვის. ასეც რომ არ იყოს, მისი დამსახურების ფეხბურთელს ასეთი მნიშვნელოვანი სიახლე პრესის ფურცლებიდან არ უნდა გაეგო. ანიელი კიდევ ერთხელ მოიქცა ისე, როგორც დილეტანტი, რაც ძალიან სამწუხაროა".

მოჯის განცხადებას "იუვენტუსის" სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა გამოეხმაურა და მოჯის მატყუარა უწოდა - მოვუსმინოთ სენიორ ჯუზეპეს:

"ანიელიმ გარკვევით თქვა, რომ დელ პიერო ყველაფრის საქმის კურსშია და კარგად იცის იმის შესახებ, რომ მიმდინარე სეზონი მისთვის ბოლოა "იუვენტუსის" შემადგენლობაში. მას ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს უნდა დაესრულებინა "იუვეში" ასპარეზობა, მაგრამ ახალ სტადიონზე ასპარეზობა სურდა და კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივება გვთხოვა.

მისი დამსახურების ფეხბურთელს უარს არავინ ეტყოდა და ბუნებრივია, რომ კონტრაქტი გახანგრძლივდა. თუმცა, ალექსი უკვე 36 წლის გახლავთ, ასაკს კი თავისი მიაქვს და თანამშრომლობის კიდევ ერთხელ გახანგრძლივება უკვე გამორიცხულია. ერთი სიტყვით, მოჯის ბრალდება სრული აბსურდია, შეგიძლიათ თავად ალეს შეეხმიანოთ და ამაში ყველანი დარწმუნდებით".

ბუნებრივია, ჟურნალისტები შეეცადნენ დელ პიეროსთან დაკავშირებას, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ფაქტია, რომ ან მაროტა იტყუება, ან მოჯი - თუმცა, თუ ორივეს რეპუტაციას გავითვალისწინებთ, წესით "სენიორ კალჩოპოლი" უნდა ცრუობდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული