მოგვიანებით, ერთმაც და მეორემაც დააზუსტეს, რომ კარიერის დასრულებას არა ამ სეზონის, არამედ ორი-სამი წლის შემდეგ აპირებენ. ანუ, მილანელთათვის პრობლემა ნაწილობრივ მოიხსნა, მაგრამ იმას რა ვუყოთ, რომ ზლატანს და ანტონიოს ფეხბურთის თამაში სიამოვნებას აღარ ანიჭებთ?
ასე შეიძლება მათმა მარგი ქმედების კოეფიციენტმაც იკლოს და ისე
კარიერის დასრულება
როგორც ხშირად ხდება, ჟურნალისტებმა კიდევ უფრო გაამძაფრეს ჩემი კომენტარი და დაწერეს, რომ კარიერის დასრულებას სეზონის ბოლოს ვაპირებ. ასე ნამდვილად არ არის და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ მინიმუმ ორი-სამი სეზონი კიდევ გავაგორებ ბურთს. რაც შეეხება ფეხბურთით გადაღლას, ნაწილობრივ ეს მართლაც ასეა და დღესაც შემიძლია გითხრათ, რომ თამაშით ისეთ სიამოვნებას ვეღარ ვიღებ, როგორც წინა წლებში.
საერთოდ, დროის სვლასთან ერთად, ფეხბურთი სულ უფრო და უფრო პრაგმატული ხდება, მე კი მას დღემდე ისე ვუყურებ, როგორც სპორტის ერთ-ერთ, თუნდაც უპირველეს სახეობას, რომლითაც სიამოვნება უნდა მიიღოს როგორც მოთამაშემ, ისე გულშემატკივარმა.
სიამოვნება უნდა მიიღოს თამაშით, თამაშის ყურებით და არა გამარჯვებით ნებისმიერ ფასად. ბავშვობიდან, ფეხბურთში ყველაზე მეტად ის მომწონდა, რომ ხალხის გართობა, გამხიარულება შემეძლო; ბევრი ჯამბაზსაც კი მეძახდა და ეს სულაც არ მწყინდა - დიახ, მე ფეხბურთის ჯამბაზი ვარ, რომელსაც ხალხის გართობის საშუალებას დიდი ხანია აღარ აძლევენ. მე უბრალოდ არ შემიძლია ვიყო სერიოზული და სწორედ ამიტომ, ფეხბურთის თამაში სულ უფრო და უფრო ნაკლებად მსიამოვნებს.
დამნაშავე
როდესაც ვამბობ, რომ ჯამბაზობის საშუალებას არ მაძლევენ, არ იფიქროთ ამაში მთავარ მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის ვადანაშაულებდე. მას დადებით შედეგს სთხოვენ და ბუნებრივია, რომ მთავარ ამოცანად სამი ქულის მოპოვება აქვს დასახული. ის შესანიშნავი სპეციალისტია, რომელიც ძალიან კარგად ერკვევა საფეხბურთო ნიუანსებში და ვფიქრობ, რომ "მილანი" მასთან ერთად არაერთ ტროფეის მოიგებს.
დადებითი რეზულტატი თანამედროვე ფეხბურთის უმთავრესი მოთხოვნა, დაკვეთაა და ყველანი ამის გარშემო ვტრიალებთ. ვინ, ან რა არის ამაში დამნაშავე? - ალბათ ის, რომ ფეხბურთი გარკვეულ პერიოდში გასცდა სპორტის ფარგლებს და ბევრად უფრო მეტი გახდა, ვიდრე უბრალოდ თამაში. რადგან ბევრად მეტი გახდა, ვიდრე სპორტი, გამარჯვებას განუზომლად დიდი ფასი დაედო, ამან კი ყველაფერი თავდაყირა დააყენა - ეს არის და ეს...
გამოსავალი
რადგან ასე განვითარდა პროცესები, ალბათ ასეც უნდა მომხდარიყო და კასანოს აზრს ამ შემთხვევაში მეათეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. როგორც ერთხელ უკვე გითხარით, ორ-სამ წელიწადში კარიერას დავასრულებ და შემდეგ, ჩემ მოსაზრებას არც არავინ მიაქცევს ყურადღებას.
ასე რომ, გამოსავალი არ უნდა ვცეძებოთ - სპორტის უპირველესი სახეობა ვითარდება, ახალი თაობები კი სულ უფრო და უფრო კარგად აუღებენ ალღოს პრაგმატული ფეხბურთის პრინციპებს, მათ გაცილებით კარგად გამოუვათ იყვნენ სერიოზულები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"