ფორვარდთა შედეგიანი უქმეები

AutoSharing Option
ტურის სიმბოლური ნაკრები
სტეკელენბურგი (რომა) - მაიკონი (ინტერი), დიასი (ლაციო), დომიცი (უდინეზე), ლულიჩი (ლაციო) - ჯაკომაცი (ლეჩე), მერკელი (ჯენოა), ბოატენგი (მილანი) - მატრი (იუვენტუსი), იოვეტიჩი (ფიორენტინა), დი ნატალე (უდინეზე)

VIII ტურის სიმბოლურ ნაკრებში, თავდასხმაზე ექვსი გოლი მოდის, რაც მიმდინარე სეზონში უპრეცედენტო შედეგია. ზემოთ ჩამოთვლილმა ფორვარდებმა განსაკუთრებით იყოჩაღეს და ბუნებრივია, რჩეულ ფეხბურთელთა შორისაც მოხვდნენ. ალესანდრო მატრიმ ორჯერ გაუტანა "ჯენოას", მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ მის გუნდს სამი ქულა მოეპოვებინა.

ანალოგიური რამ მოხდა სტევან იოვეტიჩის შემთხვევაში, ვის დუბლსაც "კატანიამ" ორი
გოლით უპასუხა და ფლორენციიდან საპატიო ქულა გაიყოლა. სამაგიეროდ, ანტონიო დი ნატალეს შედეგიანი თამაში გამოდგა სამი ქულის მომტანი, "უდინეზემ" 3:0 მოუგო "ნოვარას" და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.

ნახევარდაცვაში და მთლიანად ტურში კევინ პრინც ბოატენგი უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც ჰეთთრიკი შეასრულა და "ლეჩესთან" პაექრობაში სასწაულები აკეთა. მის მხარდამხარ ჯაკომაცის და მერკელს ვხედავთ, რომლებსაც მაიკონი, დომიცი, დიასი და ლულიჩი უმაგრებენ ზურგს. მეკარეთაგან სტეკელენბურგი უნდა გამოვარჩიოთ, რადგან "რომას" კიპერმა შესანიშნავად იასპარეზა და ის, რომ დედაქალაქელებმა "პალერმოსთან" კარი მშრალად შეინახეს, სწორედ მისი დამსახურებაა.

ტურის გმირი
თქმა არ სჭირდება, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ, რომ ტურის გმირი კევინ პრინც ბოატენგი გახლავთ. "მილანმა" "ლეჩესთან" პირველი ტაიმი სამი ბურთის სხვაობით წააგო, რამაც "სტადიო ვია დელ მარეზე" სენსაციის სუნი დაატრიალა - შესვენებისას მასიმილიანო ალეგრიმ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო, თამაშში ბოატენგი ჩართო და სწორედ ამით შეატრიალა თამაშის ბედი სათავისოდ.

მეორე ტაიმის შუაწელს ანგარიში უკვე 3:3 იყო, ჰეთთრიკის ავტორი კი სწორედ განელი ნახევარმცველი გახლდათ. საოცარია, მაგრამ ბოატენგის კიდევ მინიმუმ ორჯერ შეეძლო მეტოქის კარის აღება, მისი დარტყმულები მცირე მანძილით ასცდა მასპინძელთა კარს.

საბოლოოდ, "მილანმა" მოიგო თამაში, რაშიც კოლოსალური წვლილი ტურის უდავო გმირმა კევინ პრინც ბოატენგმა შეიტანა.

ტურის დებიუტი
ერიკ ლამელას "რომაში" გადასვლას იტალიაში ბევრი სკეპტიკურად შეხვდა, რადგან არგენტინელი ძალიან ახალგაზრდაა, მხოლოდ 19 წლის გახლავთ და ახალ კონტინეტზე, მისთვის სრულიად ახალ გარემოში ამოჰყო თავი - ასეთ დროს კი ტალანტის დაკარგვის საფრთხე ძალიან დიდია.

მით უმეტეს, ლამელა აპენინებზე "რივერ პლეიტიდან" მოხვდა, გუნდიდან, რომელიც გავარდა არგენტინის უმაღლესი ლიგიდან, რამაც თავად ფეხბურთელის კვალიფიკაცია და ნიჭი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ლამელას ტრანსფერს თვით ლუჩანო მოჯიც კი გამოეხმაურა და ირონიულად განაცხადა: რომის ცირკში ჯამბაზის ადგილი გათავისუფლდა, ერიკს შეუძლია იქ დასაქმდესო. ეს უფრო შეურაცხყოფაა და არა ირონია, რამაც "რომას" მთავარი მწვრთნელი, მუდამ გაწონასწორებული ლუის ენრიკეც კი აღაშფოთა.

ვერ გეტყვით რას იზამს მომავალში ლამელა, მაგრამ დებიუტი რომ შესანიშნავი გამოუვიდა, ეს ფაქტია - მისმა "რომამ" საკუთარ მოედანზე "პალერმო" მიიღო და მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა. როგორც უკვე იცით, ან შესაძლოა არ იცოდით და მიხვდით, ერთადერთი გოლი სწორედ ლამელამ გაიტანა. არგენტინელმა მარჯვენა ფრთაზე მიიღო ბურთი, ერთი მეურვე ოსტატურად მოატყუა და მოჭრილი დარტყმით ბურთი მეკარისაგან შორეულ კუთხეში გაახვია.

ტურის ფრაზა
ფრანჩესკო გვიდოლინი (უდინეზეს მთავარი მწვრთნელი): "ვუმიზნებთ თუ არა სკუდეტოს? - ნუ ხუმრობთ, ჩემპიონატი ახალი დაწყებულია და უახლოეს პერიოდში ბევრი რამ შეიცვლება. დარწმუნებული ვარ, რომ გრანდები სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცევიან. იქამდე კი უბრალოდ უნდა დავტკბეთ მომენტით".

სერიები
მოგება: ლაციო - 3 თამაში
წაგება: ნოვარა, პალერმო - 2
წაუგებლად: უდინეზე, იუვენტუსი - 7
მოუგებლად: ჩეზენა - 7

საუკეთესო თავდასხმა: 12 გოლი - მილანი; 11 - იუვენტუსი, ლაციო, ჯენოა.
საუკეთესო დაცვა: 1 გაშვებული - უდინეზე; 4 - სიენა; 5 - იუვენტუსი, კალიარი, ნაპოლი.
უარესი თავდასხმა: 2 გოლი - ჩეზენა; 4 - ბოლონია; 6 - ლეჩე, კიევო.
უარესი დაცვა: 15 გაშვებული - ნოვარა; 13 - ლეჩე, ინტერი, პარმა.
ზუსტი გადაცემები: 3933 - მილანი; 3689 - იუვენტუსი; 3495 რომა.
კარში დარტყმები: 110 - ლაციო; 109 - იუვენტუსი; 107 - მილანი.
კარში დაურტყეს: 42 - ჯენოა; 40 - მილანი; 38 - ფიორენტინა.

ციფრები და ფაქტები
- "უდინეზეს" სასტარტო 7 პაექრობაში წაგება არ აქვს, ეს გუნდის ახალი რეკორდია;

- სერია A-სა და ევროპის ლიგაში ერთად "უდინეზეს" 447 წუთია გოლი არ გაუშვია;

- "ლეჩემ" ყველა, ანუ 5 საშინაო თამაში წააგო საკუთარ მოედანზე, 4 სერია A-ში, ერთი კი იტალიის თასზე;

- "მილანმა" პირველი საგარეო გამარჯვება მოიპოვა მიმდინარე სეზონში;

- კევინ პრინც ბოატენგმა პირველი ჰეთთრიკი შეასრულა "მილანის" შემადგენლობაში; ბოლო ფეხბურთელი, რომელმაც "როსონერის" ამუნიციით ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა, რონალდინიო გახლდათ, ბრაზილიელმა "სიენა" "დაბომბა" 2010 წლის იანვარში;

- სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში გატანილი 12 გოლიდან, "მილანმა" 7 მეორე ნახევარში გაიტანა;

- ალესანდრო მატრიმ მეშვიდე დუბლი გააკეთა კარიერაში;

- სერია A-ს ეგიდით, "ჯენოას" ტურინში გამარჯვება 1991 წლის იანვრის შემდეგ აღარ მოუპოვებია;

- "ჯენოას" კაპიტანმა მარკო როსიმ მეორასე შეხვედრა ჩაატარა სერია A-ში და ეს საიუბილეო ამბავი მე-11-ე გოლით აღნიშნა, რომელთაგან 4 "იუვენტუსის" კარში აქვს გატანილი;

- "კალიარის" მშრალი სერია უკვე 375 წუთია გრძელდება;

- "ნაპოლიმ" "კალიარისთან" გასვლით პაექრობაში ნულოვანი ფრე ბოლოს 1992 წლის აპრილში ითამაშა;

- "ინტერმა" პირველი საშინაო გამარჯვება მოიპოვა მიმდინარე სეზონში და პირველი გოლი გაიტანა ჯუზეპე მეაცაზე;

- "ატალანტამ" ისტორიაში მხოლოდ მესამეჯერ მოიგო "პარმასთან" გასვლითი პაექრობა;

- "ჩეზენამ" მესამე გასვლითი პაექრობა წააგო ისე, რომ გოლიც კი არ გაუტანია;

- "ჩეზენა" ერთადერთი გუნდია ჩემპიონატში, რომელსაც ჯერ კიდევ არ მოუპოვებია გამარჯვება;

- "კატანიამ" პირველად აიღო ქულა ფლორენციაში 1971 წლის შემდეგ;

- სენად ლულიჩმა "ლაციოდან" და პაბლო გონსალესმა "სიენადან" პირველი გოლები გაიტანეს სერია A-ში;

გლობალური სტატისტიკა
საუკეთესო დასწრება:
VI ტური, ინტერი-ნაპოლი, 64 824 გულშემატკივარი

ყველაზე დაბალი დასწრება:
II ტური, კიევო-ნოვარა, 7 000 გულშემატკივარი

ყველაზე დიდი საშინაო გამარჯვება:
იუვენტუსი-პარმა 4:1 (II ტური), ფიორენტინა-პარმა 3:0 (IV), ჯენოა-კატანია 3:0 (IV), სიენა-ლეჩე 3:0 (V), მილანი-პალერმო 3:0 (VII), უდინეზე-ნოვარა 3:0 (VIII).

ყველაზე დიდი საგარეო გამარჯვება:
ინტერი-ნაპოლი 0:3 (VI ტური).

ყველაზე უხვგოლიანი თამაში:
პალერმო-ინტერი 4:3 (II ტური), ლეჩე-მილანი 3:4 (VIII).

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. უდინეზე 7 4 3 0 10-1 15
2. ლაციო 7 4 2 1 11-7 14
3. იუვენტუსი 7 3 4 0 11-5 13
4. კალიარი 7 3 3 1 8-5 12
5. ნაპოლი 7 3 2 2 10-5 11
6. რომა 7 3 2 2 8-6 11
7. მილანი 7 3 2 2 12-11 11
8. კატანია 7 2 4 1 9-10 10
9. პალერმო 7 3 1 3 9-10 10
10. ფიორენტინა 7 2 3 2 8-6 9
11. სიენა 7 2 3 2 6-4 9
12. ჯენოა 7 2 3 2 11-10 9
13. კიევო 7 2 3 2 6-6 9
14. პარმა 7 3 0 4 9-13 9
15. ატალანტა 7 4 2 1 10-8 8
16. ინტერი 7 2 1 4 9-13 7
17. ნოვარა 7 1 2 4 10-15 5
18. ლეჩე 7 1 1 5 6-13 4
19. ბოლონია 7 1 1 5 4-12 4
20. ჩეზენა 7 0 2 5 2-9 2

შენიშვნა
: ატალანტა - 6 ქულა

მომდევნო ტური

25 ოქტომბერი: იუვენტუსი-ფიორენტინა; 26 ოქტომბერი: ატალანტა-ინტერი, ჩეზენა-კალიარი, კიევო-ბოლონია, ჯენოა-რომა, ლაციო-კატანია, მილანი-პარმა, ნაპოლი-უდინეზე, ნოვარა-სიენა; 27 ოქტომბერი: პალერმო-ლეჩე.

ბომბარდირები:

6 - დი ნატალე (უდინეზე); 5 - პალასიო (ჯენოა), ჯოვინკო (პარმა); 4 – დენისი (ატალანტა); 3 - მიკოლი (პალერმო), მილიტო (ინტერი), ოსვალდო (რომა), რიგონი (ნოვარა), ჩერჩი (ფიორენტინა), კლოზე (ლაციო), კავანი (ნაპოლი).

ასისტენტები:

5 - ანტონიო კასანო (მილანი); 3 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო), ანდრეა პირლო (იუვენტუსი), როდრიგო პალასიო (ჯენოა), ალბერტო აკვილანი (მილანი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული