დღევანდელი შეხვედრებიდან რამდენიმე მატჩის გამორჩევა შეიძლება, რომელთაგან "უდინეზესა" და "ნაპოლის" დაპირისპირება განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. მართალია, არც ერთი გუნდი არაა ევროპული ფეხბურთის აღიარებული გრანდი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქმე გასული სეზონის ოთხეულში მოხვედრილი გუნდების ჯახთან გვაქვს. "უდინეზე" ბრწყინვალე ფორმაშია და შეეცდება მორიგი სამი ქულა ჩაიწეროს აქტივში, მაგრამ არც
"გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, ვალტერ მაძარი 3-4-2-1 ტაქტიკას აირჩევს და შეტევის წინა ხაზზე ამჯერად ესეკილ ლავეცის გაამწესებს. დიახ, ედინსონ კავანი სათადარიგოთა სკამზე დარჩება, რადგან როგორც მწვრთნელმა ერთ-ერთ ბრიფინგზე განაცხადა, ურუგვაელი ფორვარდი გადაღლილი ეჩვენება. ლავეცის მოედნის სიღრმიდან მარეკ ჰამშიკი და მარიო სანტანა დაეხმარებიან, რომლებსაც ზურგს ინლერი, დოსენა, ჯემაილი და მაჯო გაუმაგრებენ.
მაძარის თქმით, მისი გუნდი მხოლოდ სამი ქულის მოსაპოვებლად გავა მოედანზე: "მეტოქე ძალიან ძლიერი გვყავს, მაგრამ ამას არ უნდა შევუშინდეთ და მოედანზე მხოლოდ სამი ქულის მოსაპოვებლად გავიდეთ. სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს, რადგან სწორედ ჩვენ უახლოეს მეტოქეს მთელი ოთხი ქულით ჩამოვრჩებით. უნდა დავანახვოთ ყველას, რომ არანაირი კრიზისი არ გვაქვს და კვლავაც უმაღლესი მიზნისთვის ვიბრძვით".
სერია A-ს მარადიული ბომბარდირი ანტონიო დი ნატალე სრულ მზადყოფნაშია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ "უდინეზეს" შეტევაში ყველაფერი რიგზე აქვს. "გაძეტას" ვერსიით, ტოტო ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი იქნება, მის უკან კი ტორჯე, არმერო, ბადუ, ასამოა და პინცი გაირჯებიან. ფრანჩესკო გვიდოლინის თქმით, ფავორიტი "ნაპოლია", თუმცა მეტოქის არ იყოს, მისი გუნდიც მოსაგებად გავა მოედანზე:
"იქნება თუ არა ფრე მისაღები შედეგი? - ასეთ რამეებზე არ ვფიქრობ, ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა და მოედანზეც სამი ქულის მოსაპოვებლად გავალთ. თუმცა, ფავორიტი "ნაპოლია", გუნდი, რომელიც ზაფხულში ჩვენგან განსხვავებით საგრძნობლად გაძლიერდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მათ გეკჰან ინლერი წაიყვანეს ჩვენგან, ფეხბურთელი, რომელიც ნახევარდაცვაში უდიდეს სამუშაოს ასრულებდა. ნებისმიერ შემთხვევაში, საინტერესო თამაში იქნება და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები".
სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მყოფი "ლაციო" საკუთარ მოედანზე "კატანიას" მიიღებს და თქმა არ სჭირდება, რომ სამი ქულის მოპოვებას შეეცდება. მით უმეტეს, დიდია შანსი, გამარჯვება და "ბიიანკოჩელესტეს" გალიდერება ერთი აღმოჩნდეს. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ "უდინეზეს" ურთულესი გასვლითი პაექრობა ელის ნეაპოლში, რომაელთა პაექრობას განსაკუთრებული ფასი ედება. ედუარდო რეია ტრადიციას არ უღალატებს და შეტევის წინა ხაზზე ჯიბრილ სისესა და მიროსლავ კლოზეს ტანდემს გაამწესებს. აი გამთამაშებლის პოზიციაზე კი ჯუზეპე სკულის გამოჩენა იგეგმება, რომელიც ნომინალური თავდამსხმელია და მისთვის "ათ ნომერზე" თამაში არც თუ ჩვეულებრივი ამბავია. ვნახოთ, როგორ გაართმევს სკული დაკისრებულ მოვალეობას თავს და მოიგებს თუ არა "ლაციო" მიჯრით მეოთხე შეხვედრას.
ლეჩეში მოპოვებული საოცარი გამარჯვების შემდეგ, "მილანი" "პარმას" უმასპინძლებს. მასიმილიანო ალეგრი სავარაუდოდ ანტონიო კასანოს თადარიგში დატოვებს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს კი რობინიო შეუწყვილდება. ფორვარდთა უკან კევინ პრინს ბოატენგი გაირჯება, ფეხბურთელი, რომელმაც წინა ტურში სასწაული მოახდინა და ფაქტობრივად მარტომ გადაარჩინა თამაში. კევინი ყურადღების ცენტრშია მოქცეული და პრესაში სწორედ მისი წინასამატჩო კომენტარი გამოქვეყნდა:
"ლეჩეში გამართული მატჩის გახსენებაზე ტანში ჟრუანტელი მივლის, მაგრამ უმჯობესია დავივიწყოთ ის პაექრობა და "პარმასთან" მოახლოვებულ მატჩზე ვიფიქროთ. მით უმეტეს, მეტოქე საკმაოდ ძლიერი გვყავს, რომელსაც ყველაზე კარგად კონტრშეტევებზე თამაში გამოსდის. ემილიელებს სწრაფი თავდამსხმელები ჰყავთ, განსაკუთრებით კი სებასტიან ჯოვინკოს უნდა ვუფრთხილდეთ. განწყობა ოპტიმისტური გვაქვს, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება".
საინტერესო მატჩი გაიმართება ბერგამოში, სადაც "ატალანტა" "ინტერს" უმასპინძლებს. ორი "ნერაძურის" დაპირისპირება ნამდვილად გამოსარჩევია, რადგან ბერგამოელები მიმდინარე სეზონში შესანიშნავად ასპარეზობენ. ის ამბავი, რომ საჯარიმო ქულების გარეშე "ატალანტა" დღეს გაცილებით მაღლა იქნებოდა სატურნირო ცხრილში, ყველას კარგად მოეხსენება - ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ დაკლებული ექვსი ქულის მიუხედავად, ბერგამოელები მაინც უსწრებენ მილანელებს.
კლაუდიო რანიერის არაერთი ტრავმირებული ჰყავს, მათ შორის დიეგო ფორლანი - შეტევის წინა ხაზზე დიეგო მილიტოსა და მაურო სარატეს ტანდემს უნდა ველოდოთ. ვერ გეტყვით რატომ გადაწყვიტეს ასე, მაგრამ იტალიელი ჟურნალისტები ჯამპაოლო პაცინის ერთხმად ტოვებენ სათადარიგოთა სკამზე. გამთამაშებლად ვესლი სნეიდერი გაირჯება, მის უკან კი სავარაუდოდ დეიან სტანკოვიჩი, ტიაგო მოტა და ხავიერ ძანეტი იმოქმედებენ.
ბერგამოელებს ძირითადი შემადგენლობის ორივე ფორვარდი მწყობრში ჰყავთ: დენისიც და მორალესიც "ინტერს" გოლებით ემუქრებიან, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
სერია A. IX ტური
გუშინ:
იუვენტუსი-ფიორენტინა 2:1
გოლები: 1:0 ბონუჩი (13), 1:1 იოვეტიჩი (58), 2:1 მატრი (65).
დღეს:
მილანი-პარმა 22.45
ტრავმა: ტიაგო სილვა, გატუზო, პატო, ფლამინი, ზეედორფი - ფლოკარი.
ატალანტა-ინტერი 22.45
ტრავმა: ფერეირა, მანფრედინი - პოლი, რანოკია, კოუტინიო, ფორლანი, ვივიანო, სამუელი.
ჩეზენა-კალიარი 22.45
დისკვალიფიკაცია: მუტუ (ჩეზენა).
ტრავმა: ჩიკა, მარტინესი, მარტინიო, კოლუჩი - ასტორი, ელ ქაბირი, ერიკსონი.
კიევო-ბოლონია 22.45
ტრავმა: სარდო - დიამანტი, კრუზი.
ჯენოა-რომა 22.45
დისკვალიფიკაცია: კალაძე (ჯენოა).
ტრავმა: ზე ედუარდო - ტოტი, სისინიო, როზი, ლობონტი, პიანიჩი.
ლაციო-კატანია 22.45
დისკვალიფიკაცია: დიასი (ლაციო).
ტრავმა: გონსალესი, მაური, ერნანესი, მათუზალემი, ბერარდი - ლედესმა, კაპუანო, ალვარესი, ლიამა, ბიაჯანტი, სუაზო.
ნაპოლი-უდინეზე 22.45
ტრავმა: ბრიტოსი, გარგაონი, პანდევი, დონადელი - ბარეტო, ბასტა.
ნოვარა-სიენა 22.45
დისკვალიფიკაცია: როსეტინი (სიენა).
ტრავმა: ლიზუძო, უიკანი, ლუდი - პეგოლო.
ხვალ:
პალერმო-ლეჩე 22.45
ტრავმა: დი მატეო - დი მიკელე, დიამუტენე, ფერარიო, ჟულიო სერჟიო.
თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 8 4 4 0 13-6 16
2. უდინეზე 7 4 3 0 10-1 15
3. ლაციო 7 4 2 1 11-7 14
4. კალიარი 7 3 3 1 8-5 12
5. ნაპოლი 7 3 2 2 10-5 11
6. რომა 7 3 2 2 8-6 11
7. მილანი 7 3 2 2 12-11 11
8. კატანია 7 2 4 1 9-10 10
9. პალერმო 7 3 1 3 9-10 10
10. სიენა 7 2 3 2 6-4 9
11. ჯენოა 7 2 3 2 11-10 9
12. ფიორენტინა 8 2 3 3 9-8 9
13. კიევო 7 2 3 2 6-6 9
14. პარმა 7 3 0 4 9-13 9
15. ატალანტა 7 4 2 1 10-8 8
16. ინტერი 7 2 1 4 9-13 7
17. ნოვარა 7 1 2 4 10-15 5
18. ლეჩე 7 1 1 5 6-13 4
19. ბოლონია 7 1 1 5 4-12 4
20. ჩეზენა 7 0 2 5 2-9 2
შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა
ბომბარდირები:
6 - დი ნატალე (უდინეზე); 5 - პალასიო (ჯენოა), ჯოვინკო (პარმა); 4 – დენისი (ატალანტა); 3 - მიკოლი (პალერმო), მილიტო (ინტერი), ოსვალდო (რომა), რიგონი (ნოვარა), ჩერჩი (ფიორენტინა), კლოზე (ლაციო), კავანი (ნაპოლი).
ასისტენტები:
5 - ანტონიო კასანო (მილანი); 3 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო), ანდრეა პირლო (იუვენტუსი), როდრიგო პალასიო (ჯენოა), ალბერტო აკვილანი (მილანი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"