"მილანში" ჰეთ თრიკები გრძელდება

AutoSharing Option
ტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შეხვედრა უდავოდ "სტადიო სან პაოლოზე" გაიმართა, სადაც "ნაპოლიმ" ჩემპიონატის ლიდერი, "უდინეზე" მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო ცხრილში "ნაპოლი" გაცილებით ქვემოთ გახლდათ, ფავორიტად მაინც ეს გუნდი იყო მიჩნეული და საბოლოოდ, გამართლდა კიდეც მოლოდინი. სამხრეთელებმა მთლიანობაში დაჯაბნეს მეტოქე და ორი უპასუხო გოლიც სრულიად დამსახურებულად გაიტანეს.

განსაკუთრებულად აქტიურად მასპინძლებმა პირველი ტაიმი ჩაატარეს და გოლებიც სწორედ ანტრაქტამდე გავიდა - ანგარიში ესეკილ ლავეციმ გახსნა, ვინაც ედინსონ კავანისგან შესანიშნავი პასი მიიღო და ერთი შეხებით, ვარდნაში დაჰკრა ბურთს ფეხი, 1:0. გოლი მართლაც ძალზედ
ეფექტური გამოვიდა და თუ არ გინახავთ, გირჩევთ რომ იხილოთ. რაც შეეხება მეორე გოლს, თავი კრისტიან მაჯომ გამოიჩინა, მარცხენა ფრთიდან ჩაწოდების შემდეგ, სწორედ მან დაარტყა თავური და ბურთი მეტოქის კარის ბადეში გაახვია, 2:0.

ნეაპოლელებს კიდევ არაერთი მომენტი ჰქონდათ, მარტო კავანის მინიმუმ სამჯერ შეეძლო გატანა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში იშვიათი უზუსტობა გამოავლინა. მომენტები უდინელებსაც ჰქონდათ, თუმცა მორგან დე სანკტისმა ითამაშა ფანტასტიკურად და ყველაფერი მოიგერია, რაც მისი კარის მიმართულებით წავიდა. ზოგადად, "ნაპოლის' კიპერის ბოლოდროინდელი გარჯა ცალკე აღნიშვნის ღირსია, საოცრად ასპარეზობს და გუნდის წარმატებებში უდიდესი წვლილი შეაქვს. ნამატჩევს ვალტერ მაძარიმ კმაყოფილება გამოთქვა შეგირდების თამაშით:

"თავი არ დავზოგეთ და სასურველ მიზანს ჩვეულ სტილში თამაშით მივაღწიეთ. სეზონი გრძელი და რთულია, რომელიც სტაბილურად უნდა განვვლოთ. მართალია, ყველა თამაშს ერთ დონეზე ვერ ჩაატარებ, მაგრამ ეს ის შემთხვევა გახლდათ, როდესაც სამი ქულის მოპოვება უბრალოდ აუცილებელი იყო. გამარჯვება ორმაგად ფასეულია ჩვენი მოწინააღმდეგის გათვალისწინებით, რომელიც დღეს ერთ-ერთი უძლიერესია სერია A-ში და პროგრესს განაგრძობს. ვფიქრობ, "უდინეზე" აუცილებლად იბრძოლებს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად".

დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა "მილანმა", გაანადგურა რა საკუთარ მოედანზე "პარმა", 4:1. "როსონერიში" ჰეთთრიკების სერია გრძელდება - ამჯერად სამი გოლი ანტონიო ნოჩერინომ მიითვალა აქტივში და შეხვედრის უდავო გმირი გახდა. ერთი გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩის ანგარიშზეა, რომელიც მეკარეს შეატოვეს პირისპირ და მასაც, შედეგიანი დარტყმის შესრულება აღარ გასჭირვებია.

ემილიელთაგან ერთადერთი გოლი სებასტიან ჯოვინკოს ანგარიშზეა, რომელმაც ფეხებშუა გაუძვრინა ბურთი კრისტიან აბიატის და ბომბარდირთა დავაში ანტონიო დი ნატალეს გაუთანაბრდა. განსაკუთრებულად ეფექტური გახლდათ ნოჩერინოს მეორე გოლი, საჯარიმოს გარეთ მკერდზე მიიღო ბურთი და ერთი შეხებით, მიწაზე დაუშვებლად გადაგზავნა სტუმართა კარის ცხრიანში. ნამატჩევს, ჰეთ თრიკის ავტორი გაოგნებული გახლდათ:

"სიმართლე გითხრათ, ჯერ კიდევ არ ვიცი რა მოხდა და როგორ შევასრულე ჰეთ თრიკი. აქამდე, სეზონში სამი გოლი თუ გამქონდა, აქ კი ანალოგიური შედეგი ერთ თამაშში ვაჩვენე. ეს საოცრებაა და ამის გასაანალიზებლად გაურკვეუილი დრო დამჭირდება. რაც მთავარია, სამი ქულა მოვიპოვეთ და სატურნირო ცხრილში გვარიანად დავწინაურდით. ძალიან მალე, "მილანი" პირველ ადგილზე გადავა, იქ, სადაც მისი ადგილია".

მორიგი ქულები დაკარგა "ინტერმა", დაუზავდა რა "ატალანტას" გასვლით პაექრობაში, 1:1. ბერგამოულო კლუბი რომ სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა, ამის შესახებ არაერთხელ გვითქვამს და აღარ გავიმეორებთ, აი "ინტერი" კი უკვე თამამად შეგვიძლია შევრაცხოთ მთავარ იმედგაცრუებად. ყოველ შემთხვევაში, ჯერ ასეა და თუ რაიმე შეიცვლება, არც ამას გამოგაპარებთ. მიუხედავად იმისა, რომ მილანურმა გრანდმა კვლავ ვერ გაიმარჯვა, გუნდის ასპარეზობით ძალიან კმაყოფილი დარჩა როგორც კლაუდიო რანიერი, ისე მასიმო მორატი. ჩვენ, სწორედ ამ უკანასკნელს გადავცემთ სიტყვას:

"მთლიანობაში, გუნდის თამაში კმაყოფილი დავრჩი, რადგან მაღალ ტემპში ვითამაშეთ და გამარჯვებასაც ვიმსახურებდით. მთავარია, თამაშის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა და წარმატებები აუცილებლად მოვა. არ უნდა გავტყდეთ და ჩვეულებრივად გავაგრძელოთ ვარჯიში. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ყველაფერი სასიკეთოთ შეიცვლება".

დაახლოებით ანალოგიური განცხადება გააკეთა "ჯენოასთან" წაგებული მატჩის შემდეგ, "რომას" მთავარმა მწვრთნელმა - მოვუსმინოთ ლუის ენრიკეს და შემდეგ, თამაშზეც ვიტყვით ორიოდე სიტყვას: "დიახ, წავაგეთ, მაგრამ მე მაინც კმაყოფილი ვარ. დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემი "რომაა", გუნდი, რომლის ნახვაც იტალიაში ჩამოსვლის დღიდან მსურდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდით, უნდა მოგვეგო კიდეც ეს თამაში, მაგრამ ფორტუნამ ზურგი გვაქცია და შედეგი არასაჩვენო დაფიქსირდა. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და ვითარება მალე გამოსწორდება".

ლუის ენრიკესა და მასიმო მორატის კომენტარები მართლაც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს, იტალიელი ჟურნალისტები კი ირწმუნებიან, რომ გაცილებით უფრო ადეკვატური ამ შემთხვევაში ესპანელი გახლავთ - "ინტერისგან" განსხვავებით, "რომა" მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას, რაზეც ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი ნათლად მეტყველებს: 68%-32% დედაქალაქელთა სასარგებლად.

მიუხედავად ამისა, გამარჯვება გენუელებს დარჩათ, თანაც უკანასკნელ წუთებზე გატანილი გოლის წყალობით. მატჩის გმირი შეცვლაზე შესული იურაი კუჩკა გახლავთ - 89-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც მასპინძლებმა კუთხურის ჩაწოდების უფლება მოიპოვეს, შორეულ ძელთან ჩაკიდულ ბურთს სწორედ ჩეხი შუახაზელი დაუხვა, თავური დაარტყა და გულშემატკივრები აღტაცებაში მოიყვანა. ამ გამარჯვებით "ჯენოამ" 12 ქულას მოუყარა თავი, სწორედ "რომას" გადაასწრო და მეშვიდე პოზიციაზე აინაცვლა.

პალერმო-ლეჩე 2:0

პალერმო (4-3-1-2): ცორვასი - პიზანო, სილვესტრი, ჩეტო, ბალცარეტი - მილიაჩო, ბარეტო, ასკუა (70. ბაჩინოვიჩი) - ილიჩიჩი (66. მიკოლი) - ერნანდესი, პინილია (46. ზაჰავი).
ლეჩე (4-3-3): ბენასი - ოდო, კაროციერი, ტომოვიჩი, მესბა - პიატი, ობოდო (65. ოლივერა), ჯაკომაცი - გროსმიულერი (86. ბერტოლაჩი), კუადრადო, კორვია (64. მურიელი).
გოლები: 1:0 პინილია (27-პენ.), 2:0 ერნანდესი (76).
გაფრთხილება: ბალცარეტი, ერნანდესი, ბაჩინოვიჩი - კაროციერი, ობოდო.
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 12-16; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 14(8)-12(3); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 26 000

სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 8 4 4 0 13-6 16
2. უდინეზე 8 4 3 1 10-3 15
3. ლაციო 8 4 3 1 12-8 15
4. ნაპოლი 8 4 2 2 12-5 14
5. მილანი 8 4 2 2 16-12 14
6. კალიარი 8 3 4 1 9-6 13
7. ჯენოა 8 3 3 2 13-11 12
8. რომა 8 3 2 3 9-8 11
9. კატანია 8 2 5 1 10-11 11
10. პალერმო 7 3 1 3 9-10 10
11. სიენა 8 2 4 2 7-5 10
12. ატალანტა 8 4 3 1 11-9 9
13. ფიორენტინა 8 2 3 3 9-8 9
14. კიევო 8 2 3 3 6-7 9
15. პარმა 8 3 0 5 10-17 9
16. ინტერი 8 2 2 4 10-14 8
17. ბოლონია 8 2 1 5 5-12 7
18. ნოვარა 8 1 3 4 11-16 6
19. ლეჩე 7 1 1 5 6-13 4
20. ჩეზენა 8 0 3 5 3-10 3

შენიშვნა: ატალანტა - 6 ქულა

ბომბარდირები:
6 - დი ნატალე (უდინეზე), ჯოვინკო (პარმა); 5 - პალასიო (ჯენოა), დენისი (ატალანტა), კლოზე (ლაციო), იოვეტიჩი (ფიორენტინა).

მომდევნო ტური:
29 ოქტომბერი: კატანია-ნაპოლი, რომა-მილანი, ინტერი-იუვენტუსი.
30 ოქტომბერი: სიენა-კიევო, უდინეზე-პალერმო, ლეჩე-ნოვარა, პარმა-ჩეზენა, ფიორენტინა-ჯენოა, ბოლონია-ატალანტა, კალიარი-ლაციო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული