იტალიის დერბი და არა მარტო

AutoSharing Option
თუ დღეს საღამოს სადმე გეპატიჟებიან, აუცილებლად უარი უნდა განაცხადოთ; თუ უკვე დაგეგმილი გაქვთ რამე, აუცილებლად უნდა გადადოთ, თუნდაც ამის გამო მეორე ნახევართან, ან უბრალოდ მეგობარ გოგონასთან პრობლემები შეგექმნათ, რადგან დღეს იტალიურ საფეხბურთო მოედნებზე დიდი ამბები დატრიალდება.

დიახ, სერია A-ს X ტური და განსაკუთრებით დღევანდელი დღე ბევრ საინტერესოს გვპირდება, რომელთა შესახებაც ქვემოთ ვრცლად მოგითხრობთ...

გამომდინარე იქიდან, რომ შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგის პაექრობები გაიმართება, ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირში მოასპარეზე გუნდები თავიანთ შეხვედრებს დღეს გამართავენ. "ნაპოლი" სიცილიაში "კატანიას" ესტუმრება, "მილანი" "ოლიმპიკოზე" "რომას" შეასკდება, "ჯუზეპე
მეაცაზე" კი იტალიურ დერბიში "ინტერი" "იუვენტუსს" დაუპირისპირდება. სწორედ ამ მატჩით დავიწყოთ, რადგან სხვა გუნდებისადმი ჩვენი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ტურის ცენტრალურ მატჩად უდავოდ მილანური ჯახი უნდა მივიჩნიოთ...

ინტერი-იუვენტუსი
სავარაუდო შემადგენლობები
ინტერი (4-3-1-2): კასტელაცი - მაიკონი, ლუსიო, კივუ, ნაგატომო - ძანეტი, ტიაგო მოტა, სტანკოვიჩი - სნეიდერი - სარატე, პაცინი.
იუვენტუსი (4-3-2-1): სტორარი - ლიხტშტაინერი, ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - პირლო, ვიდალი, მარკიზიო - პეპე, ვუჩინიჩი - მატრი.

დიდ იტალიურ დერბიზე არაერთხელ გვისაუბრია და ისიც კარგად ვიცით, რომ ამ ორ გუნდს იტალიაში ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს. შესაბამისად, ზოგად თემებს, ისტორიულ ექსკურსს ამჯერად გვერდს ავუვლით და პირდაპირ მოახლოვებულ პაექრობაზე გადავერთვებით.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დიდი მატჩების დროს სატურნირო ცხრილი ნაკლებად მნიშვნელოვანია, მაინც უნდა აღვნიშნოთ, რომ მილანელები ამ მხრივ გაცილებით მძიმე მდგომარებაში არიან. "ნერაძურიმ" განვლილ რვა პაექრობაში ამდენივე ქულა დააგროვა და მხოლოდ მე-16 პოზიციაზე იმყოფება, რაც არ შეიძლება რომ გუნდზე წნეხს არ აძლიერებდეს. ანუ, ფსიქოლოგიურად "იუვე" გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია და სწორედ ამის შესახებ ისაუბრა ანტონიო კონტემ წინასამატჩო ბრიფინგზე:

"მილანელებმა სეზონი ძალიან მძიმედ დაიწყეს, ჩვენგან კი სატურნირო ცხრილის სათავეში ყოფნას ბევრი არ მოელოდა. შესაბამისად, ფსიქოლოგიური კუთხით, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ვართ და ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. მიუხედავად იმისა, რომ თამაში მილანშია, ვეცდებით პირველი ნომრიდან ვიასპარეზოთ და მეტოქე მისსავე ნახევარზე მივაჯაჭვოთ. ვერ გეტყვით რამდენად კარგად გამოგვივა კონკრეტულად ეს ამოცანა, მაგრამ ცდას ნამდვილად არ დავაკლებთ".

კონტე კი ამბობს, პირველ ნომრად ვითამაშებთო, მაგრამ იტალიელ ჟურნალისტებს არ გამოპარვიათ ის ფაქტი, რომ "იუვეს" თავკაცი ტაქტიკის შეცვლას აპირებს - 4-2-2-2-დან, რომელიც 4-2-4-ადაც კი შეგვიძლია მოვიხსენიოთ, გუნდი პირამიდად წოდებულ სქემაზე: 4-3-2-1-ზე უნდა გადააწყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ აქცენტი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გაკეთდება. ორი აზრი არაა, ახალი ტაქტიკა ბევრად უფრო ფრთხილია და მართლაც დაცვაზე ორიენტირებული.

რაც შეეხება კლაუდიო რანიერის, ის არაფრის შეცვლას აპირებს და ჩემპიონატის ლიდერს ნაცად ტაქტიკასა და გამოცდილ ფეხბურთელებს დაუპირისპირებს. "გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, ამჯერად სათადარიგოთა სკამზე დაჯდება დიეგო მილიტო, ძირითადში კი ჯამპაოლო პაცინისა და მაურო სარატეს თავდამსხმელთა ტანდემს ვიხილავთ. რანიერის თქმით, მთავარია მისმა შეგირდებმა საკუთარი ძალების ირწმუნონ და ყველაფერი კარგად იქნება. ბოლოს, ისიც ვთქვათ, რომ ორივე გუნდს ძირითადი კიპერი ჰყავს დაშავებული, "ინტერის" კარს ლუკა კასტელაცი დაიცავს, "იუვე" კი მარკო სტორარის იმედზე იქნება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები ტურის ცენტრალურ პაექრობაში.

რომა-მილანი
სავარაუდო შემადგენლობები
რომა (4-3-3): სტეკელენბურგი - კასეტი, ბურდისო, ჟუანი, ანხელი - პეროტა, დე როსი, გაგო - ბორიელო, ბოიანი, ოსვალდო.
მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, ნესტა, ტიაგო სილვა, ტაივო - აკვილანი, ვან ბომელი, ნოჩერინო - ბოატენგი - კასანო, იბრაჰიმოვიჩი.

ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართება რომის ოლიმპიურ სტადიონზე, სადაც "რომა" ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, "მილანს" უმასპინძლებს. ლუის ენრიკეს ხელში "ჯალოროსი" არასტაბილურად ასპარეზობს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ მეცხრე ადგილი უკავია - ეს კი იმას ნიშნავს, რომ ესპანელს ჰაერივით ესაჭიროება ისეთ ძლიერ გუნდთან გამარჯვება, როგორც "მილანია". თუ არ გჯერათ, მოუსმინეთ თავად ლუის ენრიკეს:

"მილანურ გრანდთან გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური კუთხით, რადგან ეს ჩემს ფეხბურთელებში საკუთარ ძალებში რწმენას გააღრმავებს, რაც სამომავლო წარმატებებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა. ვეცდებით თავიდანვე შევუტიოთ და მეტოქეს სივრცეები მაქსიმალურად შევუზღუდოთ, რათა სასურველი შედეგი მივიღოთ. ბოლო ხანებში, ჩვენს მიმართ კრიტიკა მოხშირდა და დიდი იმედი მაქვს, რომ ღირსეული თამაშით და სასურველი შედეგით სკეპტიკოსთა გაჩუმებას მოვახერხებთ".

"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, ლუის ენრიკე ტრადიციას არ უღალატებს და გუნდს სამი ფორვარდით ათამაშებს - ამჯერად, შეტევის წინა ხაზზე მარკო ბორიელოს, ბოიან კრკიჩს და პაბლო ოსვალდოს გაამწესებს. რაც შეეხება "მილანს", აქ ყველაფერი ისევეა, როგორც წინა შეხვედრებში - თავდასხმაში ანტონიო კასანო და ზლატან იბრაჰიმოვიჩი გაირჯებიან, მოედნის სირღმიდან კი ნაცადი, ძალიან მობილური და მოძრავი ოთხეული ითამაშებს: მარკ ვან ბომელი, ალბერტო აკვილანი, ანტონიო ნოჩერინო და კევინ პრინს ბოატენგი. ვნახოთ, რომში წესით დიდი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს.

სხვები
"უდინეზე" საკუთარ მოედანზე "პალერმოს" მიიღებს და ნეაპოლში განცდილი მარცხის გამო, რეაბილიტირებას შეეცდება. ფრანჩესკო გვიდოლინის გუნდი ყურადღების ცენტრშია მოქცეული, რადგან სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი უკავია და მთლიანობაში, საკმაოდ მაღალი ხარისხის ფეხბურთს თამაშობს.

"ნაპოლისთან" პაექრობა მსუბუქი ტრავმის გამო ანტონიო დი ნატალემ გამოტოვა, რომელიც გვპირდება, რომ სიცილიელთა წინააღმდეგ აუცილებლად იასპარეზებს. იოლად არც "პალერმო" დათმობს რამეს, "ლეჩესთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, კუნძულელები ამაღლებულ განწყობაზე არიან და წარმატებული სერიის გაგრძელება სურთ.

დღევანდელ დღეს უნდა დავუბრუნდეთ და აღვნიშნოთ, რომ "ნაპოლი" გასვლაზე კერკეტ "კატანიას" დაუპირისპირდება - ვალტერ მაძარი კუნძულზე ოპტიმისტური განწყობით ჩადის:

"შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე გვიწევს ასპარეზობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ წამყვან ფეხბურთელებს დავასვენებთ. მერწმუნეთ, მოედანზე ყველა ის მოთამაშე გავა, რომელიც მოცემული მომენტისთვის საუკეთესო ფორმაშია. ეს ეხება როგორც ესეკილ ლავეცის და ედინსონ კავანის, ისე ნებისმიერ სხვა ფეხბურთელს. "კატანიას" ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, მაგრამ ვფიქრობ, რომ სამი ქულა ჩვენ დაგვრჩება".

ტურის უკანასკნელი შეხვედრა სარდინიაზე გაიმართება, სადაც "კალიარი" "ლაციოს" მიიღებს. წინა ტურში, "კატანიასთან" დასანანად დაკარგული ორი ქულის შემდეგ, რომაელებს მხოლოდ გამარჯვებაზე უჭირავთ თვალი და სხვა შედეგის გაგონებაც კი არ სურთ. გამომდინარე იქიდან, რომ ერნანესია დამტვრეული, ედუარდო რეიას სხვა არჩევანი არც აქვს და გამთამაშებლობას კვლავაც ჯუზეპე სკულის დააკისრებს, ვინც ჯიბრილ სისესა და მიროსლავ კლოზეს პასებით მომარაგებას შეეცდება.

ბრაზილიელი პლეიმეიქერის გარდა, "არწივებს" კიდევ არაერთი ფეხბურთელი აკლიათ, რაც კუნძულელთა წისქვილზე ასხავს წყალს; სარდინიელები ორი ფორვარდით შეუტევენ მეტოქეს, რიბეიროს თავდასხმაში ნენე შეუწყვილდება, მათ უკან კი ანდრეა კოსუ იმოქმედებს - დანარჩენი უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება.

სერია A. X ტური
დღეს:
რომა-მილანი 21.00
ტრავმა: ტოტი, როზი, ლობონტი, პიანიჩი, კიაერი - გატუზო, პატო, ფლამინი, ანტონინი.

კატანია-ნაპოლი 21.00
ტრავმა: გომესი, ლედესმა, კაპუანო, ალვარესი, ლიამა, ბიაჯანტი, სუაზო - პანდევი, ბრიტოსი, გარგანო, დონადელი.

ინტერი-იუვენტუსი 23.45
ტრავმა: პოლი, რანოკია, კოუტინიო, ფორლანი, ვივიანო, სამუელი, ჟულიო სეზარი - კრასიჩი, ბუფონი, ჯაკერინი.

ხვალ:
სიენა-კიევო 15.30
დისკვალიფიკაცია: ტერცი (სიენა).
ტრავმა: გროსი, პეგოლო - სარდო, მორერო.

ბოლონია-ატალანტა 18.00
ტრავმა: დიამანტი, კრუზი - ბრიგი, ფერეირა, მანფრედინი.

ფიორენტინა-ჯენოა 18.00
დისკვალიფიკაცია: ბეჰრამი - კალაძე.
ტრავმა: კროლდრუპი - ზე ედუარდო.

ლეჩე-ნოვარა 18.00
ტრავმა: დი მიკელე, დიამუტენე, ფერარიო, ჟულიო სერჟიო - ლიზუძო, ლუდი, უიკანი.

პარმა-ჩეზენა 18.00
დისკვალიფიკაცია: მუტუ (ჩეზენა).
ტრავმა: ფლოკარი, ბლაზი - მარტინიო, კოლუჩი.

უდინეზე-პალერმო 18.00
ტრავმა: ბარეტო, ფერონეტი - დელა როკა, პინილია.

კალიარი-ლაციო 23.45
დისკვალიფიკაცია: კონტი (კალიარი).
ტრავმა: ასტორი, ქაბირი, ერიკსონი - ბიავა, გონსალესი, მაური, ერნანესი, მათუზალემი, ბერარდი.

თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 8 4 4 0 13-6 16
2. უდინეზე 8 4 3 1 10-3 15
3. ლაციო 8 4 3 1 12-8 15
4. ნაპოლი 8 4 2 2 12-5 14
5. მილანი 8 4 2 2 16-12 14
6. კალიარი 8 3 4 1 9-6 13
7. პალერმო 8 4 1 3 11-10 13
8. ჯენოა 8 3 3 2 13-11 12
9. რომა 8 3 2 3 9-8 11
10. კატანია 8 2 5 1 10-11 11
11. სიენა 8 2 4 2 7-5 10
12. ატალანტა 8 4 3 1 11-9 9
13. ფიორენტინა 8 2 3 3 9-8 9
14. კიევო 8 2 3 3 6-7 9
15. პარმა 8 3 0 5 10-17 9
16. ინტერი 8 2 2 4 10-14 8
17. ბოლონია 8 2 1 5 5-12 7
18. ნოვარა 8 1 3 4 11-16 6
19. ლეჩე 8 1 1 6 6-15 4
20. ჩეზენა 8 0 3 5 3-10 3

შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა

ბომბარდირები:
6 - დი ნატალე (უდინეზე), ჯოვინკო (პარმა); 5 - პალასიო (ჯენოა), დენისი (ატალანტა), კლოზე (ლაციო), იოვეტიჩი (ფიორენტინა).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული