კასანო გადარჩა

AutoSharing Option
ბოლო პერიოდში, ძალიან ხშირად გვიწევს ანტონიო კასანოზე წერა, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით გახლავთ განპირობებული.

კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ "რომა"-"მილანის" შემდეგ, ანტონიო მოულოდნელად ცუდად გახდა და სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს - რამდენიმე დღე უცნობი იყო თუ რა დაემართა იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს, გუშინ კი დიაგნოზი დაისვა და ბევრ კითხვას გაეცა პასუხი. სწორედ ამიტომ მივუბრუნდით ამ თემას კიდევ ერთხელ და ვეცდებით, საქმის ვითარებაში მაქსიმალურად კარგად გაგარკვიოთ.

"მილანის" ოფიციალურ ვებგვერდზე ნათქვამია, რომ კასანოს გულის პრობლემები დაუდგინდა, რის გამოც უახლოეს დღეებში ოპერაციას გაიკეთებს.
ვებგვერდზე დეტალურად არის აღწერილი თუ რა სჭირს ანტონიოს და რა სახის ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს - იმედია, მოგვიტევებთ თუ ავადმყოფობის დეტალური დახასიათება-აღწერისგან თავს შევიკავებთ და პირდაპირ იმ საკითხზე გადავალთ, რომელიც ფეხბურთის მოყვარულებისთვის გაცილებით უფრო საინტერესო და გასაგებია.

რაც მთავარია, ანტონიოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მოედანზე დაბრუნებასაც აუცილებლად შეძლებს, დანარჩენზე კი ქვემოთ "მილანის" მთავარი მწვრთნელის თანაშემწე მაურო ტასოტი მოგვითხრობს:

"ექიმებთან დეტალური საუბარი გვქონდა და ყველაფერი გავარკვიეთ. საბედნიეროდ, კასანო გაცილებით უკეთ არის, თავისუფლად ლაპარაკობს და არც გადაადგილების პრობლემა აქვს. უახლოეს დღეებში ანტონიოს ოპერაციას გაუკეთებენ და სარეაბილიტაციო პერიოდიც დაიწყება. კარგია ის, რომ სრულად გამოჯანმრთელდება, თუმცა როდის დაუბრუნდება მოედანს, ამაზე დღეს საუბარი გაგვიჭირდება.

წინასწარი პროგნოზით, მინიმუმ ოთხ თვეზეა ლაპარაკი, მაგრამ ბევრი რამე თვითონ ოპერაციაზეა დამოკიდებული. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ძალიან კარგად ჩაივლის და ანტონიო მიმდინარე სეზონში კიდევ მოირგებს "მილანის" ამუნიციას".

არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ კასანოს მთელმა საფეხბურთო იტალიამ დაუჭირა მხარი, სოციალურ ქსელებზე უამრავმა ფეხბურთელმა გაამხნევა "მილანის" ფორვარდი და მას მალე გამოჯანმრთელება უსურვა. ანალოგიური შინაარსის მესიჯები ანტონიომ იტალიის ფარგლებს გარედანაც მიიღო, რისთვისაც უზომოდ მადლიერია. დიახ, როგორც ტასოტიმ აღნიშნა, კასანო კლინიკაში უკეთესაც გრძნობს თავს და თავისუფლად ლაპარაკობს - ანტონიო "რაი სპორტის" ჟურნალისტს ტელეფონზე გაესაუბრა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კასანოს დიაგნოზთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა "მილანის' ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ და შემდეგი განაცხადა: "ძალიან ვნერვიულობდი და სიმართლე გითხრათ, გაცილებით უარესის მოლოდინი მქონდა. როდესაც გავიგე რასთან გვაქვს საქმე, დავმშვიდდი და თითქოს მხრებიდან დიდი ტვირთი მომეხსნა - ექიმებთან საუბრის შემდეგ გავარკვიე, რომ ანტონიო აუცილებლად დაუბრუნდება მოედანს, ეს კი ამ ეტაპზე უმთავრესი სიახლეა. როდის მოხდება ეს? - ჩემი ინფორმაციით, სარეაბილიტაციო კურსი ოთხიდან ექვს თვემდე წაიღებს, ანუ ცუდ შემთხვევაში, მომავალი სეზონიდან დაგვიბრუნდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული