დაშავდა ალბათ უფრო ჯუზეპე როსიზე ითქმის, რომელმაც ფეხის ტრავმა მიიღო, აი ანტონიო კასანოს ამბავი კი გაცილებით უფრო სერიოზულია, მას გულის დაავადება აღმოაჩნდა... ასეა თუ ისე, ერთიც და მეორეც კარგა ხნით, ოთხიდან ექვს თვემდე ჩამოშორდა ფეხბურთს, ეს კი ყველაზე მეტად იტალიის ეროვნულ გუნდს დააზარალებს.
ჩეზარე პრანდელის ხელში "სკუადრა აძურა" შესანიშნავად ათამაშდა და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი
ეს ყველაფერი ძალიან კარგი, მაგრამ ბოლო დღეებში დატრიალებულმა ამბებმა შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დააყენოს - ფაქტია, რომ იტალიის ნაკრებს ორი საუკეთესო შემტევი, შეიძლება ითქვას მთავარი დამრტყმელი ძალა გამოაკლდა და ჯერჯერობით ბუნდოვანია, როდის დაუბრუნდებიან ისინი მოედანს.
როსის შემთხვევაში ექიმებმა ხუთი-ექვსი თვე თქვეს, კასანოს სარეაბილიტაციო კურსი კი ოთხიდან ექვს თვემდე განისაზღვრა; თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, თუ საკმაოდ რთული და მძიმე ოპერაცია წარმატებულად ჩაივლის. ანუ, კარგ შემთხვევაში ფორვარდები სეზონის ბოლოს დაუბრუნდებიან მოედანს, როდესაც ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ძალიან მცირე დრო იქნება დარჩენილი, ფორმის აღდგენის ალბათობა კი საკმაოდ დაბალი.
ცუდ შემთხვევაზე ლაპარაკი კი არც თუ ისე სასიამოვნოა, რადგან როსის შემთხვევაში მომავალ სეზონზე გვაქვს საუბარი, კასანოს კი შეიძლება ოპერაცია კარიერის დასრულებადაც კი დაუჯდეს. მართალია, ამის ალბათობა საკმაოდ მცირეა, მაგრამ მაინც არსებობს. რა უნდა ქნას ჩეზარე პრანდელიმ, მას ხომ ორი წამყვანი ფეხბურთელი გამოეცალა ხელიდან?... ამ თემაზე, "გაძეტა დელო სპორტი" იტალიური ფეხბურთის დამსახურებულ მწვრთნელებს გაესაუბრა., რომელთაც წარდგება ნამდვილად არ სჭირდებათ..
არიგო საკი
ვერავინ წარმოიდგენდა თუ მოვლენები ასე ცუდად განვითარდებოდა, გულშემატკივართა დიდი ნაწილი ნაკრების შანსებს უკვე სკეპტიკურადაც კი უყურებს, თუმცა ეს განწყობა ჩეზარე პრანდელიმ უნდა განდევნოს, რომელმაც ყველაზე უკეთ იცის რა უნდა მოიმოქმედოს ასეთ სიტუაციაში. ჯერ ერთი, არის შანსი, რომ როსიც და კასანოც ევროპის ჩემპიონატამდე მომჯობინდნენ, თუ არა და, მაშინ ფსონი სხვა ფეხბურთელებზე უნდა გაკეთდეს.
ახალი არაა, რომ პრანდელი შეტევის წინა ხაზზე სწორედ კასანო-როსის ტანდემზე აკეთებდა აქცენტს, შემცვლელებად კი ისევ მათი ყაიდის ფეხბურთელები უნდა მოინახონ. პირველ რიგში, სებასტიან ჯოვინკო მახსენდება, რომელიც ძალიან კარგ სეზონს ატარებს, ასევე, ანტონიო დი ნატალე, რომელიც დიდია შანსი დაუბრუნდეს "აძურას". ყოველ შემთხვევაში, კასანოსა და როსის პრობლემებმა ამის ალბათობა ერთი-ორად გაზარდა. მჯერა, რომ პრანდელი ოპტიმალურ გამოსავალს მონახავს.
მარჩელო ლიპი
პირველ რიგში, მინდა ორივეს სწრაფად გამოჯანმრთელება ვუსურვო, განსაკუთრებით კი კასანოს, რომლის მდგომარეობაც ფეხბურთის ფარგლებს სცდება. მჯერა, რომ მალე დაუბრუნდებიან მოედანს და საყვარელ საქმეს გააგრძელებენ.
რაც შეეხება ამ ვითარებიდან გამოსავალს ეროვნული ნაკრების კუთხით, ჩემი აზრით, საგანგაშო არაფერია და პრანდელიმ ჩვეულებრივად უნდა გააგრძელოს მუშაობა. გვყავს არაერთი უმაღლესი კლასის ფორვარდი, რომლებსაც ძალიან კარგად შეუძლიათ დაკისრებული ფუნქციების შესრულება.
ვფიქრობ, რომ დღეს საუკეთესო იტალიელი თავდამსხმელი ალესანდრო მატრია, რომელსაც სიამოვნებით შევუწყვილებდი ფაბიო კვალიარელას. მართალია, ფაბიო ჯერ არ არის ფორმაში, მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია და დარწმუნებული ვარ, რომ მალე დაიბრუნებს ოპტიმალურ კონდიციას. უნდა შეცვალოს თუ არა პრანდელიმ ტაქტიკა? - ბოლო პერიოდში, ჩეზარე 4-4-2-ს იყენებდა, რაც ოპტიმალური სქემა მგონია "სკუადრა აძურასთვის"; ასე რომ, ტაქტიკის შეცვლის აუცილებლობას ვერ ვხედავ.
კარლო ანჩელოტი
კასანოსა და როსის გარეშე პრანდელის "აძურა" რთული წარმოსადგენია, მაგრამ როგორც მინიმუმ რამდენიმე თვე, ასეთ რეალობაში მოგვიწევს ცხოვრება. მესმის, რომ გულშემატკივრებისთვის ეს საკმაოდ არასასიამოვნო შეგრძნებაა, მაგრამ მე მაინც ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ორივე მათგანი გაემგზავრება.
რაც შეეხება მათი შემცვლელების საკითხს, თუ თამაშის სტილით და მანერით ვიმსჯელებთ, მაშინ სებასტიან ჯოვინკო უნდა მოვიშველიოთ, მაგრამ ის ერთია და ორივეს მაგივრობას ვერ გაწევს - ამასთან, ჯერ მაინც ადრეა იმისთვის, რომ ეროვნულ ნაკრებში ლიდერობა იტვირთოს.
გვინდა თუ არ გვინდა, კასანოსა და როსის გარეშე პრანდელის ნაკრები ნაკლებად შემოქმედებით ფეხბურთს ითამაშებს. აქცენტი კლასიკური ტიპის ცენტრფორვარდებზე გაკეთდება, ისეთები, როგორებიც ალესანდრო მატრი, ჯამპაოლო პაცინი და მარიო ბალოტელი არიან. ვგონებ, ასეთი "აძურა" არანაკლებ ძლიერი და შესაძლოა, შედეგზე კიდევ უფრო ორიენტირებული იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"