ნეაპოლში: სამხრეთი VS ჩრდილოეთი

AutoSharing Option
ტური ტრადიციულად ორ დღეზეა გაწერილი, ორი შეხვედრა დღეს გაიმართება, დარჩენილი რვა კი ხვალ. გამომდინარე იქიდან, რომ შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგის ბატალიები არ არის დაგეგმილი, ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე მოასპარეზე გუნდები კვირას ჩაატარებენ თავიანთ შეხვედრებს. შესაბამისად, უფრო დიდი ინტერესით ხვალინდელ პაექრობებს ველოდებით, განსაკუთრებით კი ერთ დაპირისპირებას, რომელიც "სტადიო სან პაოლოზე" გაიმართება. "ნაპოლი" "იუვენტუსს" მიიღებს, ეს კი ის თამაშია, სადაც დუღილის ტემპერატურა უმაღლეს გრადუსს მიაღწევს...

"ნაპოლისა" და "იუვენტუსის" დაპირისპირება ხშირად განიხილება როგორც ჩრდილეთი VS სამხრეთი - ოდითგანვე ასე მოდის და გამონაკლისი არც
მოახლოვებული ჯახი იქნება. "ვეკია სენიორა" პიემონტეს რეგიონის მკვიდრია, ჩრდილოეთ იტალიის შუაგული, სადაც ცხოვრების დონე გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე სამხრეთში. შესაბამისად, ჩრდილოური გუნდები ბევრად უფრო მდიდრები და ტიტულოვანები არიან, რაც სამხრეთელთა მუდმივი გაღიზიანების საფუძველია.

სამხრეთში თვლიან, რომ ჩრდილოელები ხშირად უსამართლოდ იბრძვიან, ჩემპიონატებისა და კონკრეტული თამაშების ბედს მოედანს მიღმა წყვეტენ და სწორედ ამიტომ არიან გაცილებით უფრო წარმატებულნი. რაც შეეხებათ ჩრდილოელებს, მათთვის სამხრეთ იტალია გაჭირვებასთან, უმუშევრობასთან, უწესრიგობასთან და ათას უბედურებასთან ასოცირდება - შესაბამისად, მათთვის ძალიან ლოგიკურია, რომ სამხრეთული კლუბები ნაკლებად წარმატებულნი არიან.

"ნაპოლისა" და "იუვენტუსის" დაპირისპირება ჩრდილოეთისა და სამხრეთის კლასიკური დაპირისპირებაა და "სან პაოლოზე" ნამდვილად ჩამოცხება - თუ არ გჯერათ, ტურინელთა მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს მოუსმინეთ: "კარგად მახსოვს რა განცდებთან იყო დაკავშირებული "იუვენტუსის" ამუნიციით "სტადიო სან პაოპლოზე" გასვლა, დამიჯერეთ, ამას ვერაფერი შეედრება. თუ სადმე მინახავს ზღვარსგადასული ემოცია, ეს სწორედ ნეაპოლში გახლავთ, როდესაც იქ "ვეკია სენიორა" ჩადის.

პირადად მე, მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ "ნაპოლისთვის" მთავარი "იუვენტუსთან" გამარჯვება იყო და არა ჩემპიონატში წარმატების მიღწევა. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და მაქსიმალურად დავიზღვიოთ თავი შეცდომებისგან. სრული კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ უშუალოდ თამაშზე და არ მივაქციოთ ყურადღება ტრიბუნებზე შეკრებილ გულშემატკივრებს. მჯერა, რომ ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია".

მიუნხენში ნაომარ "ნაპოლის" კიდევ ერთი, ურთულესი მატჩის გადატანა მოუწევს - იტალიელ ჟურნალისტებს ყველაზე მეტად ერთი კითხვა აწუხებთ: ხომ არ გადაიღალა ნეაპოლური გუნდი? - ამაზე გუნდის მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაძარი ისაუბრებს: "ჯერ კიდევ სეზონის წინ აღვნიშნე, რომ ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობა სერია A-ში მინიმუმ 10 ქულას დაგვაკარგინებს.

ვერ მოვიტყუები და ვერ ვიტყვი, რომ ასეთი გრაფიკი გუნდის ფიზიკურ კონდიციაზე უარყოფითად არ აისახება. ასე ნამდვილად არ არის, მაგრამ მთლიანობაში სიტუაციას ვაკონტროლებ და თითოეულ შეხვედრაში შეგირდებს გამარჯვებისთვის ვამზადებ. "იუვენტუსთან" ძალიან საინტერესო დაპირისპირება გველის, რომელიც ტრიბუნებზე შეკრებილ გულშემატკივრებს უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებს. აუცილებლად პირველი ნომრიდან ვითამაშებთ, დღეს მხოლოდ ეს შემიძლია გითყხრათ, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება".

სავარაუდო შემადგენლობები
ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - ფერნანდესი, კანავარო, კამპანიარო - მაჯო, ჯემაილი, ინლერი, დოსენა - ჰამშიკი, ლავეცი - კავანი.
იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - მარკიზიო, პირლო - პეპე, ვიდალი, ვუჩინიჩი - მატრი.

ორიოდე სიტყვა მილანური გრანდების შესახებ უნდა ვთქვათ: "ინტერს" "ჯენოასთან" უწევს გასვლითი პაექრობა, ხოლო "მილანი" "კატანიას' მიიღებს. ჯერ "ნერაძურის" შესახებ ვთქვათ, რომელიც მე-16 ადგილზეა სატურნირო ცხრილში და თუ კიდევ დაუცდა ფეხი, სავარაუდოდ გასავარდნ ზონაში ამოჰყოფს თავს, ეს კი ლომბარდიული გრანდისთვის უდავოდ სამარცხვინო ამბავი იქნება. ისედაც, მილანელებს სარეაბილიტაციოდ აქვთ საქმე და გენუაში სამი ქულის მოსაპოვებლად მიდიან.

"გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, კლაუდიო რანიერი ამჯერად მაურო სარატეს დატოვებს თადარიგში, შეტევის წინა ხაზზე კი დიეგო
მილიტოსა და ჯამპაოლო პაცინის ტანდემი გაირჯება. სრულ მზადყოფნაშია ვესლი სნეიდერი, რომელიც გამთამაშებლის პოზიციას დაიკევებს. "ინტერს" დაცვაში აქვს პრობლემები, რაც მაიკონის, ნაგატომოს, სამუელის და კორდობას ტრავმებით არის განპირობებული. ამასთან, დისკვალიფიცირებულია კრისტიან კივუ, რომელიც "ჯენოასთან" თამაშს ნებისმიერ შემთხვევაში გამოტოვებს.

აქვე დავაზუსტოთ, რომ სამუელის და კორდობას ტრავმები მსუბუქია,. სავარაუდოდ სათადარიგოთა სკამზე ისხდებიან და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვებიან კიდეც თამაშში. აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ კახა კალაძის სახით, დანაკლისი მასპინძლებსაც აქვთ - ქართველი მცველი კივუს მსგავსად დისკვალიფიცირებულია. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება და დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, "მილანი" "კატანიას' დაუპირისპირდება, გუნდს, რომელიც ძალიან კარგად ასპარეზობს მიმდინარე სეზონში და
შემთხვევით არ უკავია სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილი. სიცილიელებმა ურთულეს მატჩებში მოახერხეს ქულების აღება და "სან სიროზე" განწირულნი ნამდვილად არ არიან. ბუნებრივია, ამის შესახებ სიტყვის გაგონება არ სურს მასიმილიანო ალეგრის და შეგირდებს გამარჯვებაზე გეშავს:

"ჩემპიონატის ლიდერს რთული გასვლითი მატჩი აქვს, დიდია შანსი ქულები დაკარგოს, რაც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. "კატანია" კარგი გუნდია, სიცილიელები შესანისნავად იცავენ თავს და სწრაფად გადადიან კონტრშეტევებზე - ამაზე აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება და ზონები არ მოვაშიშვლოთ. ბუნებრივია, პირველი ნომრიდან ვითამაშებთ და ჩვენი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება იქნება".

ალეგრი შეტევის წინა ხაზზე ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და რობინიოს ტანდემს გაამწესებს, მათ უკან კი გამოჯანმრთელებული კლარენს ზეედორფი გაირჯება. ყოველ შემთხვევაში, ასეთ პროგნოზს აკეთებს ავტორიტეტული გამოცემა და არ გვაქვს საფუძველი, რომ არ დავუჯეროთ. გამომდინარე იქიდან, რომ ანტონიო ნოჩერინო და კევინ პრინც ბოატენგი დისკვალიფიცირებულნი არიან, ძირითადი შემადგენლობისკენ მასიმო ამბროზინის გაეხსნა გზა, რომელიც მარკ ვან ბომელის და ალბერტო აკვილანის მხარდამხარ იასპარეზებს. ვნახოთ, როგორ გაირჯება "მილანი" და წააქცევს თუ არა კერკეტ მეტოქეს.

ბოლოს, ანტონიო კასანოს შესახებ ვთქვათ: "როსონერის" და იტალიის ნაკრების ფორვარდს გუშინ დილით ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც მას "მილანის" ვიცე პრეზიდენტი ადრიანო გალიანი ესტუმრა; კლინიკიდან გამოსულ გალიანის ჟურნალისტებმა კითხვები დააყარეს, რომელიც რა თქმა უნდა ოპერაციას და ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხებოდა - სენიორ ადრიანომ მედიას მოკლედ უპასუხა: tutto perfetto (ყველაფერი შესანიშნავადაა).

იტალია. სერია A. XI ტური
დღეს:
პალერმო-ბოლონია 21.00
დისკვალიფიკაცია: პორტანოვა (ბოლონია).
ტრავმა: პინილია - დიამანტი, კრუზი.

ნოვარა-რომა 23.45
ტრავმა: ლიზუძო, უიკანი, დელაფიორე - ტოტი, ლობონტი, სისინიო, ბორინი, ჟუანი, პიზარო.

ხვალ:
ჯენოა-ინტერი 15.30
დისკვალიფიკაცია: კალაძე - კივუ.
ტრავმა: ზე ედუარდო - პოლი, კოუტინიო, ფორლანი, ვივიანო, ჟულიო სეზარი, მაიკონი, ნაგატომო.

მილანი-კატანია 18.00
დისკვალიფიკაცია: ბოატენგი, ნოჩერინო (მილანი).
ტრავმა: გატუზო, ფლამინი, პატო, კასანო, ნესტა - ისკო, ალვარესი, ლიამა, სუაზო.

ატალანტა-კალიარი 18.00
დისკვალიფიკაცია: პადოინი (ატალანტა).
ტრავმა: ბრიგი, ფერეირა, მანფრედინი, რაიმონდი - ასტორი, ქაბირი, ერიკსონი.

ჩეზენა-ლეჩე 18.00
დისკვალიფიკაცია: გუანა (ჩეზენა).
ტრავმა: მარტინიო, კოლუჩი, მარტინესი - დი მიკელე, დიამუტენე, ფერარიო, ობოდო, მესბა.

კიევო-ფიორენტინა 18.00
დისკვალიფიკაცია: ცეზარი (კიევო).
ტრავმა: სარდო, მორერო - კროლდრუპი.

ლაციო-პარმა 18.00
ტრავმა: გონსალესი, მაური, მათუზალემი - ფლოკარი, ჟადიდი.

უდინეზე-სიენა 18.00
ტრავმა: ფაბრინი, ბარეტო, ფერონეტი, პასკუალე, კოდა - პეზოლი, ვერგასოლა.

ნაპოლი-იუვენტუსი 23.45
დისკვალიფიკაცია: სანტანა (ნაპოლი).
ტრავმა: ბრიტოსი, გარგანო, დონადელი, არონიკა - ჯაკერინი.

თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 9 5 4 0 15-7 19
2. უდინეზე 9 5 3 1 11-3 18
3. ლაციო 9 5 3 1 15-8 18
4. მილანი 9 5 2 2 19-14 17
5. ნაპოლი 9 4 2 3 13-7 14
6. კატანია 9 3 5 1 12-12 14
7. სიენა 9 3 4 2 11-6 13
8. პალერმო 9 4 1 4 11-11 13
9. კალიარი 9 3 4 2 9-9 13
10. ფიორენტინა 9 3 3 3 10-8 12
11. ჯენოა 9 3 3 3 13-12 12
12. პარმა 9 4 0 5 12-17 12
13. რომა 9 3 2 4 11-11 11
14. ბოლონია 9 3 1 5 8-13 10
15. ატალანტა 9 4 3 2 12-12 9
16. კიევო 9 2 3 4 7-11 9
17. ინტერი 9 2 2 5 11-16 8
18. ნოვარა 9 1 4 4 12-17 7
19. ლეჩე 9 1 2 6 7-16 5
20. ჩეზენა 9 0 3 6 3-12 3

შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა

ბომბარდირები
7 - დი ნატალე (უდინეზე); 6 - ჯოვინკო (პარმა), დენისი (ატალანტა); 5 - პალასიო (ჯენოა), კლოზე (ლაციო), იოვეტიჩი (ფიორენტინა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული