"აძურა" ახალი გმირით

AutoSharing Option
პოლონეთი-იტალია 0:2
პოლონეთი (4-4-2): შესნი - პიშეკი, პერკი (69. ვასილევსკი), გლოვაცკი, ვავჟინიაკი - პოლანსკი (56. მატუშიკი), მურავსკი (80. დუდკა), ბლაშიკოვსკი, ობრანიაკი (56. ბროჟეკი) - ლევანდოვსკი, პეშკო (65. მერჟეევსკი).

იტალია (4-4-2): ბუფონი - აბატე, კიელინი, რანოკია, კრიშიტო (77. ოგბინა) - დე როსი (46. მოტა), პირლო (46. პეპე), მარკიზიო (61. მატრი), მონტოლივო (61. ნოჩერინო) - ბალოტელი, პაცინი (61. აკვილანი).
გოლები: 0:1 ბალოტელი (30), 0:2 პაცინი (60).

თამაში
იტალიის ერონულმა ნაკრებმა არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო პოლონეთში, თუმცა ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ჩეზარე
პრანდელის ხელში "სკუადრა აძურა" პროგრესს განაგრძობს და თუ ასე გაგრძელდა, ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი იქნება. და ეს მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით ათი დღის წინ იტალიის ნაკრებს ორი წამყვანი ფეხბურთელი დაახლოებით ხუთი თვით გამოაკლდა - მაინც ვთქვათ, რომ საუბარია ანტონიო კასანოსა და ჯუზეპე როსიზე.

პოლონელებთან ამხანაგური თამაშის წინ, იტალიელ ჟურნალისტებს ყველაზე მეტად სწორედ ის აინტერესებდათ, ვის დაეყრდნობოდა თავდასხმაში ჩეზარე პრანდელი? - "აძურას" თავკაცმა მარიო ბალოტელისა და ჯამპაოლო პაცინის ტამნდემზე შეაჩერა არჩევანი და არც წაუგია - ორივე ფორვარდმა გოლი გაიტანა, რამაც განაპირობა კიდეც სტუმართა დამაჯერებელი გამარჯვება. გოლები ერთობ ეფექტური გამოვიდა, განდსაკუთრებით ეს ბალოტელის შედეგიან დარტყმააზე ითქმის - შეხვედრის 30-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც "მანესტერ სიტის" ფორვარდმა დაახლოებით 25 მეტრიდან დაუბათქუნა და პოლონელთა კიპერი უიშანსოდ დატოვა.

რაც შეეხება პაცინის გოლს, აქაც მარიოს მიუძღვის დიდი წვლილი, ბალოტელიმ მარცხენა ფრთაზე მიიღო ბურთი და საჯარიმოში დაბალი გადაცემა გააკეთა, სიმონე პეპემ ბურთს მიმართულება მცირედით შეუცვალა, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ჯამპაოლო პაცინიმ კი ერთი შეხებით აიღო შენსის კარი - აღსანიშნავია, რომ პოლონელთა კიპერს ბურთი ფეხებშუა გაუძრვა.

იტალიელებს კიდევ არაერთი მომენტი ჰქონდათ გოლის გასატანად და ფორვარდები რომ უფრო ზუსტნი ყოფილიყვნენ დამაგვირგვინებელ ფაზაში, ანგარიში გამანადგურებელი იქნმებოდა. მარტო ალესანდრო მატრის, რომელიც მეორე ნახევარში ჩაერთო თამაშში, მინიმუმ ორჯერ უნდა გაეტანა გოლი, ორივეჯერ პირისპირ იყო გაწამებულ შესნისთან, თუმცა ერთხელ ააცილა ბურთი კარს, ერთხელ კი სწორედ კიპერმა იმარჯვა.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მატჩის უკანასკნელ წუთებზე პოლონელებს ერთი ბურთის გაქვითვის 100%-იანი შანსი ჰქონდათ, მაგრამ თერთმეტმეტრიანის გამოყენება ვერ შეძლეს, ბურთი ჯანლუიჯი ბუფონმა აიღო. მთლიანობაში, იტალიელებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნეს მეტოქე და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვეს.

რგოლები
თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ რგოლებს შორის კავშირი ერთი წუთითაც არ გაწყვეტილა, რამაც იტალიელთა თამაში ძალიან მობილური და ეფექტური გახადა. დაცვაში შესანიშნავად წარმოჩინდა ინაციო აბატე, რომელსაც დებიუტი ჰქონდა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

ინაციო მთელ მარჯვენა ფრთას აკონტროლებდა, თამამად და ეფექტურად ერთვებოდა შეტევებში, რიგ შემთხვევებში კი ფლანგიდან ცენტრშიც ინაცვლებდა, რითიც არეულობა შეჰქონდა პოლონელთა უკანახაზელებში. დიახ, ამპლუით მცველი აბატე უშუალო მოვალეობების კარგად შესრულების გარდა, შეტევაშიც ერთობ ეფექტური იყო. შესანიშნავად წარმოჩინდა ანდრეა რანოკია, რომელიც დაცვის ცენტრში ჯორჯო კიელინის შეუწყვილდა.

არაერთხელ ჩაშალა მასპინძელთა მწვავე იერიშები და დაზღვევაზეც კარგად გამოიყურებოდა - მისი თამაში იდეალური იქნებოდა, რომ არა აკიდებული თერთმეტმეტრიანი, რომელიც მისდა ბედად ჯიჯი ბუფონმა აიღო. კარგად გამოიყურებოდა დომენიოკო კრიშიტოც, რომელიც შემდეგ სტეფან ოგბინამ შეცვალა. აღსანიშნავია, რომ ოგბინა სერია B-ს გუნდის, "ტორინოს" ღირსებას იცავს და მიუხედავად ამისა, პრანდელის ნდობას იმსახურებს.

ნახევარდაცვაში კლაუდიო მარკიზიო უნდა გამოვარჩიოთ, ძალიან ბევრს მოძრაობდა და თანაბრად ეფექტური იყო როგორც დაცვითი, ისე შეტევითი ფუნქციების შესრულებისას. ანდრეა პირლომ მხოლოდ პირველ ტაიმშიც ითამაშა, ტრადიციულად არიგა პასები, თუმცა ანტრაქტის შემდეგ, მის ნაცვლად მოედანზე ტიაგო მოტა გამოჩნდა. "ინტერის" ნახევარმცველმა მეტი მობილურობა შესძინა იტალიელთა შუა ხაზს, რაც ანტონიო ნოჩერინოს გამოსვლამ კიდევ უფრო გაამტკიცა. მთლიანობაში, "აძურამ" ცენტრში აჯობა მეტოქეს, რაც შესაძლოა გადამწყვეტი ფაქტორიც კი გახლდათ სტუმართა გამარჯვებაში.

თადასხმის შესახებ ზემოთ უკვე ვისაუბრეთ და დიდ ხანს აღარ შევჩერდებით - მარიო ბალოტელიმ და ჯამპაოლო პაცინიმ სრულად გაამართლეს მოლოდინი, აი ალესანდრო მატრის კი აშკარად უკეთ შეეძლო თამაში. "იუვენტინო" კარგად იხსნებოდა და მომენტებიც ამად შეექმნა, მაგრამ ფორვარდის უპირველესი მოვალეობა მაინც ხელსაყრელი მომენტების რეალიზებაა, ამ მხრივ კი მატრიმ აშკარად მოიკოჭლა.

მატჩის შემდეგ
იტალიურმა სპორტულმა პრესამ "სკუადრა აძურას" თამაში ცალსახად დადებითად შეაფასა - ჩეზარე პრანდელის კი ჟურნალისტთა მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს. რაც შეეხება კონკრეტულად პოლონელებთან შეხვედრას, მთავარი სასაუბრო თემა მარიო ბალოტელის ბრწყინვალე ასპარეზობა გახლდათ. ანტონიო კასანოსა და ჯუზეპე როსის ტრავმების შემდეგ, მთელი იმედები მარიოზე მყარდება, რაც თავად პრანდელის სიტყვებიდან ნათლად ჩანს:

"ძალიან კარგი თამაში იყო, რომელშიც დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ჩვენი მიზანი იყო, რომ პირველი ნომრიდან გვეთამაშა, რაც მთლიანობაში გამოგვივიდა კიდეც. შეგირდთა ასპარეზობით კმაყოფილი ვარ, განსაკუთრებით ეს მარიო ბალოტელიზე ითქმის, რომელიც გუნდის ლიდერად ყალიბდება. არ ვიქნები იმის წინააღმდეგი თუ "აძურა" მარიოზე დამოკიდებული გახდება, მთავარია, რომ მან ასევე გააგრძელოს ასპარეზობა და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. რაც მთავარია, გუნდი პროგრესირებს და თამაშიდან თამაშამდე უკეთეს ფეხბურთს აჩვენებს".

პოლონელებთან მატჩის შემდეგ, ბალოტელის მიმართ მხარდაჭერა ბევრმა გამოხატა, მათ შორის, იტალიური ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდა ლუიჯი რივამ: "ბალოტელის შეუძლია, რომ "აძურას" ახალი გმირი გახდეს, რაც აუცილებლად უნდა გააკეთოს. ერთხელ შევხვდი მარიოს პირადად და ვუთხარი, რომ ჩვენ მასზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ. ჩემი აზრით, ბალოტელი სხვადასხვა ადამიანია კლუბში და ნაკრებში - გუნდში ხშირად ავლენს უხასიათობას, ეროვნულ გუნდში კი მუდამ მომღიმარია და ყველასთან მეგობრული. როგორც ჩანს, მასთან ჩეზარე პრანდელი მუშაობს ძალიან კარგად და სწორად, რაც ძალიან მახარებს. მჯერა, ევროპის ემპიონატზე მარიო თავის სიტყვას იტყვის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული