შეგახსენებთ, რომ ჩეზარე პრანდელის გუნდმა პოლონეთთან გასვლითი პაექრობა მაღალ დონეზე ჩაატარა და სრულიად დამსახურებულად, 2:0 გაიმარჯვა. სტუმრები მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდნენ საგრძნობ უპირატესობას და მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ დამაგვირგვინებელ ფაზაში, ანგარიში კიდევ უფრო დიდი იქნებოდა.
ცალკე სასაუბრო თემაა მარიო ბალოტელი, რომელმაც ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და უდავოდ საუკეთესო გახლდათ ორივე გუნდის შემადგენლობაში. "მანჩესტერ სიტის" ფორვარდმა შესანიშნავი გოლი გაიტანა და მეორე
იტალია-ურუგვაი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მომდევნო შეხვედრას იტალიის ეროვნული ნაკრები დღეს გამართავს და რომის ოლიმპიურ სტადიონზე ურუგვაის დაუპირისპირდება. ბუნებრივია, თამაში ძალიან დიდ ინტერესს იწვევს, რადგან ურუგვაელებს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავთ მსოფლიოში, რაც გასულ უქმეებზე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩილესთან პაექრობაში კიდევ ერთხელ დაამტკიცეს.
აღსანიშნავია, რომ თავიანთი სუპერი ურუგვაელებსაც ჰყავთ - ამ შემთხვევაში არც ედინსონ კავანიზე გვაქვს საუბარი და არც დიეგო ფორლანზე, ამჯერად ლუის სუარესი უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც ჩილეს პოკერი შეუსრულა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ურუგვაის ნაკრები ფიფას რეიტინგში იტალიაზე მაღლა დგას, ეს კი საკმარისი მოტივაციაა იმისათვის, რომ "სკუადრა აძურა" ბოლომდე დაიხარჯოს.
თუ "გაძეტა დელო სპორტს" ვენდობით, ჩეზარე პრანდელი ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებას განახორციელებს - პოლონელებთან მარჯვენა მცველად ინაციო აბატე ირჯერბოდა, მარცხნივ კი დომენიკო კრიშიტო, ამჯერად ამ პოზიციებს კრისტიან მაჯო და ფედერიკო ბალცარეტი გააკონტროლებენ. მაინც აღვნიშნოთ, რომ მაჯო მარჯვენა ფრთაზე იასპარეზებს, ბალცარეტი კი მარცხენაზე.
დაცვის ცენტრი ალბათ უცვლელი დარჩება და იქ კვლავ ანდრეა რანოკიასა და ჯორჯო კიელინის ტანდემს ვიხილავთ. ამბობენ, პრანდელის იმდენად მოეწონა ეს წყვილი, რომ მათი საქმეში ხილვა კიდევ ერთხელ სურსო. ვნახოთ, გამართლდება თუ არა აღნიშნული პროგნოზი.
სანამ ნახევარმცველებზე გადავალთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ პრანდელი სავარაუდოდ ტაქტიკას შეცვლის და 4-4-2-დან, 4-3-3-ზე გადავა. ეს მართლაც მნიშვნელოვანი ამბავია, რადგან ბოლო პერიოდში ჩეზარე მუდმივად ორი ფორვარდით ათამაშებდა გუნდს.
ამჯერად, მას გარემარბების ნახვა სურს საქმეში, თუმცა იქამდე ნახევარმცველების თემა ამოვწუროთ. "გაძეტას" ვერსიით, ანდრეა პირლო კვლავაც ძირითად შემადგენლობაში იქნება, მის მხარდამხარ კი ანტონიო ნოჩერინო და ტიაგო მოტა გაირჯებიან. პოლონელებთან ორივე მათგანი მეორე ნახევრაში ჩაერთო თამაშში, ერთმა კლაუდიო მარკიზიოს ადგილი დაიკავა, მეორემ კი რიკარდო მონტოლივოსი - როგორც ჩანს, ამჯერად პირიქით მოხდება.
რაც შეეხება შეტევას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრანდელი ორ გარემარბს და ერთ ცენტრფორვარდს გაამწესებს - ფლანგებზე სავარაუდოდ სიმონე პეპე და პაბლო ოსვალდო იმოქმედებენ, ცენტრფორვარდის მოვალეობებს კი მარიო ბალოტელი შეასრულებს. მართალია, ბალოტელიმ პოლონელებთან სრულად ითამაშა, მაგრამ მისი თადარიგში გამწესება მაინც ნაკლებად სავარაუდოა, თუნდაც ამხანაგურ შეხვედრაში.
საინტერესოა, როგორი სანახავი იქნება 4-3-3-ით მოასპარეზე "აძურა", მით უმეტეს თუ პროგნოზები გამართლდა და შეტევის წინა ხაზზე სიმონე პეპესა და მარიო ბალოტელისთან ერთად, პაბლო ოსვალდო ვიხილეთ. საქმე იმაშია, რომ ამ უკანასკნელის გაიტალიელებას აპენინებზე დიდი უკმაყოფილება მოჰყვა და პრანდელის ბევრმა დაუწუნა გადაწყვეტილება. ვნახოთ, წინ საინტერესო მატჩი გველის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"