კონტე კვალიარელას ვერ ელევა

AutoSharing Option
ბოლო დღეებში, იტალიური სპორტული პრესის ფურცლები არაერთ საინტერესო კომენტარს დაეთმო, რომლებზეც ქვემოთ გვექნება საუბარი, იქამდე კი მცირე შესავალი გავაკეთოთ.

ჯერ ანტონიო კონტეს უნდა გადავცეთ სიტყვა, რომელიც ფრიად შეშფოთებულია ფაბიო კვალიარელას მორიგი ტრავმით, თუმცა კლუბის მესვეურებს მისი გასხვისებისგან თავის შეკავბას სთხოვს. არადა, უკვე აქტიურად მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ ფაბიოს ყიდვა "მილანის" მთავარ მწვრთნელ, მასიმილიანო ალეგრის სურს, რომელიც ანტონიო კასანოს შემცვლელს ეძებს.

შემდეგ "ინტერის' მთავარ მწვრთნელს, კლაუდიო რანიერის უნდა გადავცეთ სიტყვა, რომელიც ძლიერ დაღონებულია იმით, რომ მარიო ბალოტელი დღეს "მანჩესტერ სიტის"
ღირსებას იცავს და არა მისი გუნდის. არადა, ყველას კარგად გვახსოვს, რომ ინგლისში გადაბარგებამდე, სუპერ მარიო სწორედ "ნერაძურიში" ასპარეზობდა. რაც მთავარია, რანიერის ბალოტელის დაბრუნების იმედი აქვს.

ბოლოს "ტოტენჰემ ჰოტსპურის" მთავარი მწვრთნელის ასისტენს, ჯო ჯორდანს უნდა მოვუსმინოთ, რომელიც თავის დროზე "მილანის" ღირსებას იცავდა, ბოლოს კი იმით მიიქაცია ყურადღება, რომ გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ჯენარო გატუზოსთან კონფლიქტი მოუვიდა და ლამის ხელჩართულ ჩხუბში ჩაება. როგორც იცით, გატუზოს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა, ორი თვეა ფეხბურთს ჩამოშორებულია და თუ რა შეუთვალა მას ჯორდანმა, ამას ქვემოთ შეიტყობთ...

ანტონიო კონტე (იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი)
ფაბიო კვალიარელას შესაძლო გასხვისების შესახებ
კვალიარელა უკვე ნახევარი წელია ტრავმის გამო არ თამაშობს, მიმდინარე სეზონში მხოლოდ 14 წუთი დაჰყო მოედანზე და კვლავ ლაზარეთში გადაინაცვლა. მესმის, რომ რთულია ყოველთვიურად ფეხბურთელს ხელფასი უხადო, ის კი არ თამაშობდეს, თუმცა ფაბიოს გასხვისების იდეას ვერაფრით დავუჭერ მხარს. კვალიარელა თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფორვარდია და დარწმუნებული ვარ, რომ თავის სიტყვას კიდევ არაერთხელ იტყვის. ამიტომ, მინდა ვთხოვე "იუვენტუსის" მესვეურებს, რომ ფაბიო შევინარჩუნოთ.

კლაუდიო რანიერი (ინტერის მთავარი მწვრთნელი)
მარიო ბალოტელის შესაძლო დაბრუნების შესახებ
2010 წლის ზაფხულში, "ინტერის" მთავარი მწვრთნელი მე რომ ვყოფილიყავი, მარიო ბალოტელის არაფრის დიდებით არ გავუშვებდი გუნდიდან. ჩემი აზრით, მწვრთნელის ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობა ფეხბურთელებთან ურთიერთობების დალაგებაა და როდესაც ეს ვერ ხერხდება, ე.ი. სპეციალისტს კვალიფიკაცია არ ჰყოფნის. არ იფიქროთ, ჩემს წინამორბედს ვაკრიტიკებდე, მით უმეტეს, არც კი მახსოვს ვინ წვრთნიდა "ინტერს", როდესაც ბალოტელის წასვლის საკითხი გადაწყდა.

ამას წინათ, მარიოს კომენტარს გავეცანი, სადაც მან არ გამორიცხა, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება "ინტერში" დაბრუნდეს. სიმართლე გითხრათ, ამ ამბავმა ძალიან გამახარა და თუ ეს მართლაც ასე მოხდა, მარიოს გაშლილი ხელებით შევეგებები. ბალოტელი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფორვარდია, მომავალში კი შეუძლია საუკეთესო გახდეს.

ჯო ჯორდანი (ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი)
ჯენარო გატუზოს შესახებ
როდესაც გავიგე, რომ ჯენარო გატუზოს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა, ძალიან მეწყინა, რადგან რინო ნამდვილი ჩემპიონი და შესანიშნავი ადამიანია. მართალია, იმპულსურია და ამის გამო ერთხელ სერიოზული კონფლიქტიც მოგვივიდა, მაგრამ ის ინციდენტი უკვე დავიწყებას მიეცა და კარგად აღარც კი მახსოვს. დიდი იმედი მაქავს, რომ გატუზო მალე დაუბრუნდება მოედანს, პირადად მე მას მოუთმენლად ველოდები: FORZA GATTUSO.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული