ცივი შხაპი იტალიას

AutoSharing Option
იტალია-ურუგვაი 0:1
იტალია (4-4-2): ბუფონი - მაჯო, კიელინი, რანოკია, ბალცარეტი - პირლო, დე როსი, მარკიზიო (82. პაცინი), მონტოლივო (46. პეპე) - ოსვალდო (65. მატრი), ბალოტელი.
ურუგვაი (4-3-2-1): მუსლერა - კასერესი, გოდინი, ლუგანო (46. კოატესი), ა. პერეირა - მ. პერეირა (90. სკოტი), პერესი (51. ეგურენი), რიოსი - როდრიგესი (83. ალვარესი), ფერნანდესი (83. ალფარო) - კავანი.
გოლი: 0:1 ფერნანდესი (3).

ძალიან იშვიათი ამბავია იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა საკუთარ მოედანზე წააგოს და სამშაბათს სწორედ ასეთი ფაქტის მოწმენი გავხდით.

ჩეზარე პრანდელის შეგირდებმა ურუგვაის ნაკრებს უმასპინძლეს და
მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ "სკუადრა აძურას" პირველი წაგება 2011 წელს - პირველი და უკანასკნელი, რადგან ახალ წლამდე იტალიელებს სპარინგ მატჩის გამართვა აღარ უწევთ.

როგორც მატჩის წინასიტყვაობაში ვივარაუდით, პრანდელიმ ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა. დაცვის მარჯვენა ფრთაზე ინაციო აბატეს ნაცვლად კრისტიან მაჯო გაამწესა, მარცხნივ კი დომენიკო კრიშიტოს ფედერიკო ბალცარეტი ამჯობინა. დაცვის ცენტრში კვლავაც ანდრეა რანოკია და ჯორჯო კიელინი ვიხილეთ, ნახევარდაცვაში კი ნაცადი ოთხეული: ანდრეა პირლო, დანიელე დე როსი, კლაუდიო მარკიზიო და რიკარდო მონტოლივო.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე აქცენტი სწორედ აღნიშნულ კვარტეტზე გაკეთდება. შეტევის წინა ხაზზე მარიო ბალოტელისთან ერთად ამჯერად პაბლო ოსვალდო ვიხილეთ, რომელიც წარმოშობით არგენტინელი გახლავთ, თუმცა იტალიურ პასპორტსაც ფლობს და სწორედ "სკუადრა აძურას" ღირსებას იცავს.

სანამ მატჩის შესახებ ვიტყოდეთ, აღვნიშნოთ, რომ იტალიის ნაკრებმა ახალი ფორმა წარადგინა, რომლითაც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. აღსანიშნავია, რომ ტრადიციულ რუხ ფერს დაუბრუნდა კიპერის ამუნიცია - ბოლო პერიოდში, "აძურას" მეკარეებს წითელი, ან მწვანე ფერის მაისურები ეცვათ, ახალი ფორმა კი იმ ფერშია გადაწყვეტილი, რომელიც თავის დროზე დინო ძოფს, ვალტერ ძენგას, ფრანჩესკო ტოლდოს და სხვებს ემოსათ. ამ ფაქტს ჯიჯი ბუფონი კმაყოფილებით შეხვდა და აღნიშნა, რომ ტრადიციის აღდგენის ერთ-ერთი ინიციატორი ისიც გახლდათ.

ახალი ფორმა "სკუადრა აძურამ" ცუდად დასცადა, ურუგვაიმ არაფერი დაუთმო მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს და მთლიანობაში, დამსახურებულადაც დაამარცხა. სამხრეთამერიკელებმა პრესინგი შესთავაზეს მეტოქეს, თანაც პრაქტიკულად მთელ მოედანზე, რაც მათი წარმატების მთავარი საწინდარი გახდა. განსაკუთრებით მჭიდროდ მასპინძლები მეტოქის ნახევარზე გრძნობდნენ თავს და სწორედ ამად გახლდათ, რომ ურუგვაელთა კართან თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობით შეიქმნა სახიფათო მომენტები. ყველაზე რეალური მომენტი მეორე ტაიმში ფედერიკო ბალცარეტის შეექმნა, თუმცა მისი დარტყმული ფერნანდო მუსლერამ მოიგერია. ეს ფაქტი ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ იტალიელმა ფორვარდებმა თამაში ჩააგდეს...

ბალოტელის და ოსვალდოს მონდომებას ნამდვილად ვერ დავუკარგავთ, მაგრამ მხოლოდ ეს რომ საკმარისი არ არის, ყველასთვის კარგად ცნობილია. მარიო ძალზედ ეფექტურია საშუალო კლასის გუნდებთან პაექრობაში, მაგრამ ძლიერ მეტოქეებთან ხშირად აგდებს თამაშებს და ურუგვაისთან დაპირისპირება ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი გახლდათ. რაც შეეხება პაბლო ოსვალდოს, გამოჩნდა, რომ იტალიის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობა მისთვის ნამეტანია... პაბლო უბრალოდ არ არის იმ დონის ფორვარდი, რომ "აძურას" ძირითად თერთმეტეულში იასპარეზოს.

ურუგვაისთან პაექრობაში კარგად გამოჩნდა თუ რა მხელა ძალაა ანტონიო კასანო-ჯუზეპე როსის ტანდემი "სკუადრა აძურასთვის" - სწორედ მათი არაორდინალური ქმედება თუ შეიტანდა დისონანსს ურუგვაელთა მწყობრ დაცვაში და არა ბალოტელისა და ოსვალდოს სწორხაზოვანი მცდელობები. განსაკუთრებული კრიტიკა ოსვალდოს დაატყდა თავს, რომელიც იტალიელმა ჟურნალისტები არ დაინდეს და მიწასთან გაასწორეს. პაბლოს გაიტალიელების იდეას ისედაც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა და ურუგვაისთან მატჩის შემდეგ, მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზრდებოდა. საინტერესო იყო ერთ-ერთ იტალიურ სპორტულ ვებგვერდზე გამოქვეყნებული სათაური: "სენიორ ჩეზარე, ძალიან ხომ არ გავერთეთ ორიუნდებით?"...

სანამ სიტყვას პრანდელის გადავცემდეთ, მაინც აღვნიშნოთ, რომ ორიუნდის იტალიაში ნატურალიზებულ ფეხბურთელს ეძახიან. მართალია, თავად ოსვალდო და თუნდაც ტიაგო მოტა ძალიან ამაყობენ აპენინელი წინაპრებით, მაგრამ ტიფოზთა გულის მოსაგება ეს საკმარისი არ არის. დროა, პრანდელის მოვუსმინოთ, რომელიც განცდილი მარცხით იმედგაცრუებული გახლდათ:

"ძალიან სამწუხაროა, რომ წელი მარცხით დავასრულეთ, მაგრამ ეს ცხოვრებაა და არსებულ ვითარებას უნდა შევურიგდეთ. ურუგვაიმ ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა და კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია მსოფლიოს მასშტაბით. მთლიანობაში, ძალიან სასარგებლო ტესტი იყო, რადგან ნათლად დავინახეთ სად გვექმნება პრობლემები ძლიერ მეტოქესთან დაპირისპირებისას და რა საჭიროებს გამოსწორებას. სამუშაო ბევრია, თუმცა არც დრო გვაქვს ცოტა და ხარვეზებს აუცილებლად აღმოვფხვრით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული