ვარსკვლავები არჩევანის წინაშე

AutoSharing Option
სერია A-ში უხვად არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც ზაფხულში კლუბთან ხელშეკრულების ვადა ეწურებათ, მათი მომავალი კი ჯერჯერობით გაურკვეველია. მათ შორის, არაერთი ისეთი მოთამაშეა, რომელთა ბედი საყოველთაო ინტერესს იწვევს. ქვემოთ სწორედ ასეთ ვარსკვლავებზე გვექნება საუბარი...

მასიმო ამბროზინი
კლუბი: მილანი
ხელფასი: 3 მილიონი ევრო
ფასი: 3.5 მილიონი ევრო
ასაკი: 34
ეროვნება: იტალიელი
ეროვნული ნაკრები: 35 მატჩი
ამპლუა: საყრდენი ნახევარმცველი
მიმდინარე სეზონი: 8 მატჩი, 2 ყვითელი ბარათი

ერთზე ყველა უნდა შევთანხმდეთ, მასიმო ამბროზონინი ვერ არის ისეთი კაპიტანი, როგორიც პაოლო მალდინი იყო და ამ უკანასკნელისგან
განსხვავებით, მისი გუნდიდან ნაადრევად წასვლა სავსებით რეალურია. მით უმეტეს, ამბროზინის ადგილი გუნდში პრაქტიკულად აღარ არის და მიმდინარე სეზონში ეს ნათლად ჩანს. მასიმილიანო ალეგრი ანტონიო ნოჩერინოზე, მარკ ვან ბომელსა და კევინ პრინც ბოატენგზე აკეთებს არჩევანს, ამ პოლიტიკას კი თვით ანდრეა პირლოს "მილანური" კარიერა შეეწირა. ამ ყველაფერს თავად მასიმო ძალიან კარგად ხვდება და როგორც აცხადებს, დიდია შანსი, გუნდის გამოცვლა მოუწიოს:

"ჩვენთან ვეტერან ფეხბურთელებს დიდ პატივს სცემენ, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული და დიდია შანსი, ზაფხულში "მილანის" დატოვებამ მომიწიოს. რა თქმა უნდა, ამის არავითარი სურვილი არ მაქვს, მაგრამ ვერც ტვირთად დავაწვები გუნდს, რომელმაც ჩემთვის ყველაფერი გააკეთა. ყოველთვის ამაყი ვიქნები, რომ "მილანის" კაპიტანი მქვია".

კრისტიან კივუ
კლუბი: ინტერი
ხელფასი: 3.5 მილიონი ევრო
ფასი: 9.5 მილიონი ევრო
ასაკი: 31
ეროვნება: რუმინელი
ეროვნული ნაკრები: 74 მატჩი, 3 გოლი
ამპლუა: მარცხენა/ცენტრალური მცველი
მიმდინარე სეზონი: 9 მატჩი, 5 ყვითელი ბარათი

ჯერ კიდევ ჟოზე მოურინიოს დროს, ბევრი კრისტიან კივუს "ინტერის" ყველაზე სუსტ რგოლად მიიჩნევდა და მას შემდეგ, რუმინელის რეპუტაცია კიდევ უფრო შეილახა. მიმდინარე სეზონში, კივუმ უამრავი შეცდომა დაუშვა და არაერთხელ დაიმსახურა გულშემატკივართა სტევა, ლანძღვა და გინება. ძნელად სავარაუდოა, რომ კივუსთან "ინტერის" მესვეურებმა ხელშეკრულება გაახანგრძლივონ, ექსპერტთა ვარაუდით, რუმინელი ან სერია A-ს ნაკლებად ამბიციურ გუნდში გადავა, ანაც გერმანიის ბუნდესლიგაში გააგრძელკებს კარიერას, საიდანაც რატომღაც ყოველთვის ჰქონდა წინადადებები. თავად კივუ მომავალს ოპტიმისტურად უყურებს:

"ფეხბურთის უმაღლეს დონეზე თამაშს ჯერ კიდევ 4-5 წელი ვაპირებ, ასე რომ, წინ ვიყურები და მომავალს ოპტიმისტურ ფერებში ვხედავ. ვგრძნობ, რომ საუკეთესო კონდიციაში ვიმყოფები და კიდევ ბევრის მიღწევა შემიძლია. ვერ გეტყვით რა იქნება მომავალ ზაფხულს, მაგრამ ერთი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა - მსურს კარიერა "ინტერში" დავასრულო".

მატიო ფლამინი
კლუბი: მილანი
ხელფასი: 4.5 მილიონი ევრო
ფასი: 9.5 მილიონი ევრო
ასაკი: 27
ეროვნება: ფრანგი
ეროვნული ნაკრები: 3 მატჩი
ამპლუა: ცენტრალური ნახევარმცველი
მიმდინარე სეზონი: არ უთამაშია

მისი საბაზრო ღირებულება დაახლოებით 10 მილიონ ევროს შეადგენს და სავარაუდოდ, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ამ ფასად გაიყიდება. ძნელი სათქმელია, იქნება თუ არა მასზე მოთხოვნა, მით უმეტეს ტაციაობა, მაგრამ ერთი ფაქტია, მასიმილიანო ალეგრის ფრანგი პრაქტიკულად არ სჭირდება. გაუთავებელმა ტრავმებმა მატიო ფლამინის საბოლოოდ დააკარგვინა ადგილი "მილანის' ძირითად შემადგენლობაში და ალბათ, თვითონაც ურჩევნია, რომ კარიერა სხვა გუნდში გააგრძელოს. მისი კომენტარი ამას ნაწილობრივ ადასტურებს:

"მილანში თავს შესანიშნავად ვგრძნობ და არსად წასვლის სურვილი არ მაქვს, თუმცა ეს მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული. კლუბის მესვეურებთან შეხვედრას ვაპირებ, სადაც ჩემს მომავალთან დაკავშირებით მექნება მსჯელობა. თუ მითხრეს, რომ მათ გეგმებში ვერ ვჯდები, იძულებული გავხდები სხვაგან წასვლაზე აქედანვე ვიფიქრო. ვნახოთ, ყველაფერი ზამთრის შესვენებამდე გაირკვევა".

ალესანდრო ნესტა
კლუბი: მილანი
ხელფასი: 2.5 მილიონი ევრო
ფასი: 5 მილიონი ევრო
ასაკი: 35
ეროვნება: იტალიელი
ეროვნული ნაკრები: 78 მატჩი
ამპლუა: ცენტრალური მცველი
მიმდინარე სეზონი: 11 მატჩი, 1 გოლი, 4 ყვითელი ბარათი

კიდევ ერთი "მილანელი", რომელიც წინამორბედებისგან განსხვავებით, გუნდის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელად ითვლება და თუ ჯანმრთელად არის, მუდმივად ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობს. წყალი არ გაუვა, რომ ალესანდრო ნესტა მომავალ ზაფხულს ახალ, მინიმუმ ერთწლიან ხელშეკრულებას მიიღებს, მაგრამ მოაწერს თუ არა ხელს, ეს ცალკე თემაა. საქმე იმაშია, რომ ტრავმებით გაწამებული სანდრო კარიერის დასრულებაზე ფიქრობს და ამას არც ჟურნალისტებთან მალავს:

"მილანში ყველაფერი მაკმაყოფილებს და კარიერის დასრულებამდე გარემოს გამოცვლაზე ნამდვილად არ ვიფიქრებ. აი როდის ჩამოვკიდებ ბუცებს ლურსმანზე, ეს ცალკე თემაა და სიმართლე გითხრათ, ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი. უფრო სწორად, ეს ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული - ექიმებთან მუდმივად გავდივარ კონსულტაციებს და იმედი მაქვს, მინიმუმ წელიწადნახევარი კიდევ მომცემენ ბურთის გორების უფლებას. დიახ, უფლებას, რადგან წელის ქრონიკული ტკივილების გამო, ერთ დღეს შეიძლება უბრალოდ მომთხოვონ ფეხბურთისთვის თავის დანებება, ვნახოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს".

ვალტერ სამუელი
კლუბი: ინტერი
ხელფასი: 3 მილიონი ევრო
ფასი: 11 მილიონი ევრო
ასაკი: 33 წლის
ეროვნება: არგენტინელი
ეროვნული ნაკრები: 56 მატჩი, 5 გოლი
ამპლუა: ცენტრალური მცველი
მიმდინარე სეზონი: 7 მატჩი, 1 გოლი, 2 ყვიტელი ბარათი

"ინტერის" გულშემატკივართა დიდი ნაწილის აზრით, იმ ფეხბურთელთა შორის, რომლებსაც კონტრაქრი მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე ეწურებათ, გუნდში დარჩენას ყველაზე მეტად ვალტერ სამუელი იმსახურებს. 33 წლის არგენტინელი მცველი დღემდე ერთ-ერთი საუკეთესოა გუნდში და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, უკვე ზამტრის შესვენებისას ხელშეკრულებას კიდევ ერთი სეზონით გაახანგრძლივებს. აი შემდეგ კი ლუსიოსაც ეწურება კონტრაქტის ვადა და ალბათ, ერთად მოუწევთ მილანური გრანდის დატოვება. შესაბამისად, "ინტერის" მესვეირებს დაახლოებით წელიწადნახევარი აქვთ იმისთვის, რომ ანდრეა რანოკიასთვის დაცვის ცენტრში ღირსეული პარტნიორი მონახონ. სამუელი ჟურნალისტებთან "ინტერს" სიყვარულში უტყდება:
"ჩემი ინფორმაციით, მალე ახალ კონტრაქტს შემომთავაზებენ და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდეა, ხელს აუცილებლად მოვაწერ. "ინტერი" ჩემი მეორე ოჯახია და დიდი სურვილი მაქვს, რომ კარიერა ამ გუნდში დავასრულო. იმედი მაქვს, ეს ასეც მოხდება".

რიკარდო მონტოლივო
კლუბი: ფიორენტინა
ხელფასი: 1.3 მილიონი ევრო
ფასი: 16 მილიონი ევრო
ასაკი: 26
ეროვნება: იტალიელი
ეროვნული ნაკრები: 30 მატჩი, 1 გოლი
ამპლუა: ცენტრალური ნახევარმცველი
მიმდინარე სეზონი: 10 მატჩი, 4 ყვითელი ბარათი

გასულ ზაფხულს, ძალიან ბევრი იწერებოდა რიკარდო მონტოლივოს "მილანში" შესაძლო გადასვლის შესახებ, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა და იტალიის ნაკრების ნახევარმცველს ფლორენციაში მოუწია დარჩენამ. "ვიოლას" მესვეურები დიდ ვნებათაღელვეაში არიან, რადგან უკვე მომდევნო ზაფხულს რიკარდოს კონტრაქტს ვადა გასდის, ახალ ხელშეკრულებას კი ჯერჯერობით არ აწერს ხელს. ამის გამო, კლადიო ლოტიტოს "ლაციოს" არაერთი მოთამაშე დაუსჯია, მაგრამ დელა ვალეები მსგავსი ქმედებისგან თავს იკავებენ. გავრცელებული ხმების თანახმად, მონტოლივოს გადაბირება კვლავ სურს "როსონერის", თუმცა კიდევ უფრო რეალური მისი ფრანგულ პსჟ-ში გადაბარგებაა. თავად მონტოლივო ჯერჯერობით ბუნდოვან კომენტარს აკეთებს:

"წარმოდგენა არ მაქვს რა მოხდება ზაფხულს, დღეს მხოლოდ "ფიორენტინასა" და იტალიის ნაკრებში ასპარეზობაზე ვარ კონცენტრირებული. ვიცი, რომ ჩემით რამდენიმე ძალიან ძლიერი გუნდია დაინტერესებული, რაც მახარებს, თუმცა ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. არის შანსი დავტოვო "ფიორენტინა", თუმცა ვერც იმას გამოვრიცხავ, რომ ფლორენციაში კიდევ დიდ ხანს დავრჩე. ამ ეტაპზე, სატრანსფერო საკითხებზე უბრალოდ არ ვფიქრობ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული