ამ უქმეებზე სერია A-ს XII ტურის შეხვედრები გაიმართება, შუა კვირაში კი ჩემპიონთა ლიგის მატჩებს ველოდებით - სწორედ ლიგიდან გამომდინარე, XII ტურის სამი შეხვედრა დღეს გაიმართება და სამივე მეტად საინტერესო...
რანიერის ოცნება
"ინტერი" საკუთარ მოედანზე "კალიარის" მიიღებს და აუცილებლად სამი ქულის მოპოვებას შეეცდება. მილანელები მე-17 ადგილზე არიან სატურნირო ცხრილში და სხვა გამოსავალი უბრალოდ არ აქვთ. ამ ყველაფერს კარგად ხვდება კლაუდიო რანიერი და
"გასავარდნ ზონას აუცილებლად უნდა დავცილდეთ და ეს უახლოეს პერიოდში მოხდება. ბევრმა უკვე ჩამოგვწერა კიდეც, მაგრამ სკეპტიკოსებს ვერაფრით დავეთანხმებით. "ინტერი" აუცილებლად გამოცოცხლდება და სკუდეტოსთვის იბრძოლებს. დიახ, არავითარი ჩემპიონთა ლიგა და ევროსაგზური, ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა. ჯერ მხოლოდ ცხრა შეხვედრა გვაქვს ჩატარებული, მთავარი ბრძოლები წინ არის და ვითარებას მალე გამოვასწორებთ. საამისოდ საკმარისი რესურსიც გვაქვს და დროც".
რანიერის თქმით, "კალიარის" ყველაზე ძლიერი რგოლი ნახევარდაცვაა და მთავარი ბრძოლა შუა ხაზში გაიმართება. "გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, კლაუდიო ნახევარმცველთა შემდეგ ოთხეულზე შეაჩერებს არჩევანს: მოტა, სტანკოვიჩი, კამბიასო, სნეიდერი - რაც შეეხება თავდასხმას, იქ მაურო სარატესა და ჯამპაოლო პაცინის ტანდემს ვიხილავთ. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება.
რა დროს ლიგაა...
ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართება "სტადიო სან პაოლოზე", სადაც "ნაპოლი" ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს, "ლაციოს" უმასპინძლებს.
მიუხედავად იმისა, რომ შუა კვირაში ნეაპოლელებს უმნიშვნელოვანესი მატჩის გამართვა უწევთ ჩემპიონთა ლიგაზე, ვალტერ მაძარი რომაელებს ძირითად შემადგენლობას დაუპირისპირებს - არანაირი ექსპერიმენტები, აცხადებს სამხრეთელთა თავკაცი და განაგრძობს:
"ჩემპიონთა ლიგაზე დღეს ნამდვილად არ ვფიქრობ, რადგან წინ ურთულესი მატჩი გველის. "ლაციო" შესანიშნავი გუნდია და თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ სატურნირო ცხრილს ჩახედოთ. ძირითად შემადგენლობას ნამდვლად ვერ დავასახელებ, მაგრამ ერთი კი თამამად შემიძლია ვთქვა: წამყვანი ფეხბურთელები სასტარტოში იქნებიან. ვეცდებით პირველი ნომრიდან ვითამაშოთ და სტარტზევე გავტეხოთ მეტოქე".
მაძარის თქმით, წამყვანი ფეხბურთელები ძირითად შემადგენლობაში იქნებიან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შემტევ ტრიოს ედინსონ კავანი, მარეკ ჰამშიკი და ესეკილ ლავეცი დააკომპლექტებენ. ნეაპოლელებს მხოლოდ მარიო სანტანა არ ეყოლებათ, რომელსაც ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს.
გაცილებით სერიოზულია რომაელთა დანაკლისი, მარტო ის რად ღირს, რომ ტრავმის გამო ნეაპოლურ პაექრობას მიროსლავ კლოზე გამოტოვებს. გერმანიის ნაკრების ფორვარდმა ჰოლანდიასთან პაექრობაში მიკრო ტრავმა მიიღო და ცოტა ხნით ლაზარეთში მოუწევს ყოფნა. კლოზეს არყოფნაში, ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი ჯიბრილ სისე იქნება, მის უკან კი ერთბაშად სამი შემტევი გაირჯება: ლულიჩი, ერნანესი და სკული. ვნახოთ, წინ საინტერესო მატჩი გველოდება.
დებიუტი ჩემპიონთან
არანაკლებ საინტერესო მატჩი გაიმართება ფლორენციაში, სადაც "ფიორენტინა" "მილანს" უმასპინძლებს. ეს იქნება სადებიუტო შეხვედრა დელიო როსისთვის, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩაუდგა სათავეში "ვიოლას" და პირველი კომენტარი სწორედ "მილანთან" თამაშის წინ გააკეთა:
"დიდი ენთუზიაზმით მოვკიდე ახალ საქმეს ხელი და იმედი მაქვს, რომ "ფიორენტინასთან" ერთად წარმატებებს მივაღწევ. იოლი არაა, "მილანის" დარ გუნდთან სადებიუტო შეხვედრის გამართვა, მაგრამ ეს რეალობაა და ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ მრისხანე მეტოქე დავამარცხოთ. ვეცდები მალე დავატყო გუნდს ჩემი ხელი და ვფიქრობ, ეს ასეც იქნება".
"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, დელიო როსი 4-3-1-2 ტაქტიკას აირჩევს, შეტევის წინა ხაზზე კი სტევან იოვეტიჩისა და ალბერტო ჯილარდინოს ტანდემს გაამწესებს. გამთამაშებლად ანდრეა ლაძარი უნდა გაისარჯოს, არადა, სინიშა მიხაილოვიჩი ამ უკანასკნელს არ სწყალობდა. ვნახოთ, როგორ წარმოჩინდება პლეიმეიქერად ლაძარი და როგორ ჩაატარებს "ფიორენტინა" პირველ შეხვედრას როსის თავკაცობით.
"მილანის" ლაზარეთი უჩვეულოდ შეთხელებულია, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ანტონიო კასანოს გაურკვეველი მდგომარეობა ამ ყველაფერს ფარავს. მასიმილიანო ალეგრის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელის გარეშე მოუწევს საამსეზონო მიზნებთან შეჭიდება და თუ რა გამოვა ამ საქმიდან, ამას დრო გვიჩვენებს.
ფლორენციაში "როსონერი" ორი ფორვარდით შეუტევს, ერთი აუცილებლად ზლატან იბრაჰიმოვიჩი იქნება, მეორე კი რობინიო. ტრავმა მოიშუშა ალეშანდრე პატომ, რომელიც სათადარიგოთა სკამზე გამწესდება და თუ საჭიროებამ მოითხოვა, შეიძლება ჩაერთოს კიდეც თამაშში. ამჯერად, რეზერვში მოიაზრება მარკ ვან ბომელი, ძირითადში კი მასიმო ამბროზინის ველოდებით, რომელიც ალბერტო აკვილანის და ანტონიო ნოჩერინოს მხარდამხარ იმოქმედებს, აი გამთამაშებლობას კი ურბი ემანუელსონს უწინასწარმეტყველებენ. საინტერესოა, გამართლდება თუ არა "გაძეტას" პროგნოზი.
ორი ბიანკონერი
კვირის შეხვედრებიდან "პალერმოს" ტურინში და "უდინეზეს" ემილიაში სტუმრობა უნდა გამოვარჩიოთ. ტურინული გრანდი "პალერმოსთან" გამართავს საშინაო შეხვედრას და შეეცდება, რომ პოზიციები კიდევ უფრო განიმტკიცოს. ანტონიო კონტეს გუნდი პოტენციურად სათავეში უდგას სატყურნირო ცხრილს და მხოლოდ იმიტომ უკავია მეოთხე ადგილი, რომ წინ მდგომებზე ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
მართალია, ის გადადებული შეხვედრა ნეაპოლში უნდა გამართოს, იქ კი კაცმა არ იცის, რა მოხდება, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - დაკარგული ქულების რაოდენობით, "იუვენტუსი" სწორედაც რომ საუკეთესოა.
კონტე "პალერმოსთან" ერთი გამოკვეთილი ფორვარდით ითამაშებს, ის ერთადერთი და გამოკვეთილი კი ალესანდრო მატრი იქნება. სიღრმიდან შეუტევენ სიმონე პეპე, მირკო ვუჩინიჩი და არტურო ვიდალი, რომლებსაც კლაუდიო მარკიზიო და ანდრეა პირლო გაუმაგრებენ ზურგს.
სიცილიელებს კერკეტი გუნდი ჰყავთ, მეხუთე ადგილი უკავიათ ცხრილში, მაგრამ ისიც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ხუთივე გამარჯვება საკუთარ "რენცო ბარბერაზე" გაიფორმეს. გასვლითი მატჩების სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, ტურინში წესით უნდა გაუჭირდეთ და ვნახოთ...
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი "უდინეზე" "პარმას" ესტუმრება, სადაც წესით ფიცხელი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს. სებასტიან ჯოვინკომ ტრავმის გამო სანაკრებო მატჩები კი გამოტოვა, მაგრამ როგორც ამბობენ, უკვე ჯანზეა და ფრიულელებს გრაციანო პელესთან ერთად შეუტევს. ნაკლები შეტევა არც სტუმრებს ეყოლებათ, მრისხანე ანტრონიო დი ნატალეს მისივე სეხნია, ფლორო ფდლორესი შეუწყვილდება და ვნახოთ, ვისი აჯობებს.
სერია A. XII ტური
დღეს:
ინტერი-კალიარი 21.00
დისკვალიფიკაცია: კივუ (ინტერი).
ტრავმა: მუნტარი, ფორლანი, ვივიანო, ჟულიო სეზარი, მაიკონი, ნაგატომო - კოსუ, ქაბირი, ასტორი, ერიკსონი.
ფიორენტინა-მილანი 23.45
დისკვალიფიკაცია: ნატალი - ბოატენგი.
ტრავმა: კასანი, კროლდრუპი - გატუზო, ფლამინი, კასანო.
ნაპოლი-ლაციო 23.45
დისკვალიფიკაცია: სანტანა (ნაპოლი).
ტრავმა: მაური, გარიდო, ბიძარი, დიასი, კლოზე, კოზაკი (ლაციო).
ხვალ:
ბოლონია-ჩეზენა 15.30
ტრავმა: კრუზი - გეზალი, მარტინიო.
კატანია-კიევო 18.00
დისკვალიფიკაცია: ლანცაფამე (კატანია).
ტრავმა: სუაზო - სარდო, მორერო.
ჯენოა-ნოვარა 18.00
დისკვალიფიკაცია: კალაძე - პორკარი.
ტრავმა: ზე ედუარდო - პაჩი, მორიმოტო, უიკანი, ლისუძო.
იუვენტუსი-პალერმო 18.00
ტრავმა: მანინგერი - პინილია, ერნანდესი.
პარმა-უდინეზე 18.00
ტრავმა: ფლოკარი - ფაბრინი, ბარეტო, პასკუალე.
სიენა-ატალანტა 18.00
დისკვალიფიკაცია: მაზიელო, ჩიგარინი (ატალანტა).
ტრავმა: ვერგასოლა, გროსი, კალაიო - ბრიგი, ბელინი.
რომა-ლეჩე 23.45
დისკვალიფიკაცია: მურიელი (ლეჩე).
ტრავმა: ბორინი, პისარო, ბურდისო - დი მიკელე, ჯაკომაცი, დიამუტენე, მესბა.
თ მ ფ წ ბ ქ
1. უდინეზე 10 6 3 1 13-4 21
2. ლაციო 10 6 3 1 16-8 21
3. მილანი 10 6 2 2 23-14 20
4. იუვენტუსი 9 5 4 0 15-7 19
5. პალერმო 10 5 1 4 14-12 16
6. ნაპოლი 9 4 2 3 13-7 14
7. რომა 10 4 2 4 13-11 14
8. კატანია 10 3 5 2 12-16 14
9. სიენა 10 3 4 3 12-8 13
10. კალიარი 10 3 4 3 9-10 13
11. ჯენოა 9 3 3 3 13-12 12
12. ატალანტა 10 5 3 2 13-12 12
13. ფიორენტინა 10 3 3 4 10-9 12
14. კიევო 10 3 3 4 8-11 12
15. პარმა 10 4 0 6 12-18 12
16. ბოლონია 10 3 1 6 9-16 10
17. ინტერი 9 2 2 5 11-16 8
18. ლეჩე 10 2 2 6 8-16 8
19. ნოვარა 10 1 4 5 12-19 7
20. ჩეზენა 10 0 3 7 3-13 3
შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა
ბომბარდირები
8 - დი ნატალე (უდინეზე); 7 - დენისი (ატალანტა); 6 - ჯოვინკო (პარმა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"