ლიდერთა ჯახი "ოლიმპიკოზე"

AutoSharing Option
იქიდან გამომდინარე, რომ შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგის პაექრობები დაგეგმილი არ არის, სერია A-ს XIII ტური სამ დღეზე გაიწერა - გუშინ, ერთმანეთის პირისპირ “უდინეზე” და “რომა” წარსდგნენ (2:0), დღეს კი ერთბაშად ოთხი შეხვედრა გაიმართება.

დღევანდელი დღის და მთლიანად ტურის ცენტრალური პაექრობა რომის ოლუმპიურ სტადიონზე შედგება, სადაც ერთმანეთს “ლაციო” და “იუვენტუსი” დაუპირისპირდებიან. ორივე გუნდს 22 ქულა აქვს მარაგში და სწორედ ისინი უდგანან სატურნირო ცხრილს სათავეში. ამასთან, ტურინულ გრანდს ერთი თამაშით ნაკლები აქვს გამართული.

მოკლედ, “ოკიმპიკოზე” ყველა თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი მატჩი შედგება და ტურის
წინასიტყვაობის დიდი ნაწილიც სწორედ რომაულ ჯახს უნდა დავუთმოთ. შევიხედოთ გუნდების ბანაკში და ისე განვავრცოთ თემა…

ლაციო
სავარაუდო ტაქტიკა: 4-3-1-2
სავარაუდო შემადგენლობა: მარკეტი - კონკო, სტანკევიჩუსი, დიაკიტე, რადუ - ბროკი, ლედესმა, ლულიჩი - ერნანესი - კლოზე, როკი.

“ლაციო” საკმაოდ სერიოზული დანაკლისით ხვდება “იუვენტუსთან” პაექრობას - ედუარდო რეიას ყველა რგოლში აკლია ფეხბურთელები, განსაკუთრებით კი ეს დაცვის ხაზზე ითქმის. ლაზარეთშია დიასი და მის ადგილს დაცვის ცენტრში სტანკევიჩუსი დაიკავებს. მცირე ტრავმა აქვს ბიავას, რომელიც სავარაუდოდ სათადარიგოთა სკამზე იქნება და თუ კონკომ ძალიან აურია, იმ შემთხვევაში ჩაერთვება თამაშში. კვლავ ტრავმირებულია სტეფანო მაური, რომელიც გასულ სეზონში გუნდის ლიდერი გახლდათ - აპენინელ ჟურნალისტთა ცნობით, სტეფანოს თებერვლამდე მოუწევს ლაზარეთში ყოფნა.

ყველაზე საინტერესო მაინც თავდასხმის ხაზია, სადაც სიახლეა: თუ აქამდე რეია მიროლავ კლოზესა და ჯიბრილ სისეს ტანდემს წყალობდა, ამჯერად ძირითად თერთმეტეულში ტომაზო როკის გამოჩენას უნდა ველოდოთ. ვეტერანი ფორვარდი სისეს ადგილს დაიკავებს, რომელსაც არ უდგას კარგი დროება და იქნებ რეზერვში გადანაცვლებით მაინც გამოფხიზლდეს.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ედი რეიამ შემადგენლობაზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა სტრატეგია გაამხილა და არ დაუმალავს, რომ მისი გუნდი პირველივე წუთებიდან შეუტევს: “საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და ბუნებრივია, რომ აქტიურად შევუტევთ. ნეაპოლში მეტწილად დაცვაში გვიწევდა ყოფნა, რაც მეტოქის კარგმა თამაშმა განაპირობა - არ უნდა დავუშვათ, რომ იგივე “იუვენუსთანაც” მოხდეს. ეს ყველაფერი ნახევარმცველთა ასპარეზობაზეა დამოკიდებული და დიდი იმედი მაქვს, რომ დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად გაართმევენ. ძირითად შემადგენლობაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ჯერ მე თვითონაც არ ვარ ჩამოყალიბებული - რამდენიმე ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობაც საკითხავია, ასე რომ, ჯერჯერობით საინტერესოს ვერაფერს გეტყვით”.

იუვენტუსი
სავარაუდო ტაქტიკა: 4-2-3-1
სავარაუდო შემადგენლობა: ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბონუჩი, ბარცალი, კიელინი - ვიდალი, პირლო - მარკიზიო, პეპე, ვუჩინიჩი - მატრი.

იშვიათად “იუვენტუსის” ლაზარეთი ასეთი ცარიელი იყოს, რაზეც მატჩისწინა ბრიფინგზე თვით ანტონიო კონტემ იუსაუბრა - მოვუსმინოთ “იუვეს” მთავარ მწვრთნელს და შემდეგ განვავრცოთ თემა:

“მეტოქე აუცილებლად აქტიურად შემოგვიტევს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩემი აზრით, დღესდღეობით “ლაციო” საუკეთესო იტალიური გუნდების სამეულში შედის და გამომდინარე აქედან, ურთულესი ბრძოლის მოლოდინში ვარ. ძალიან ძნელია გაუმკლავდე ისეთ ფორვარდს, როგორიც მიროსლავ კლოზეა და ამავდროულად, მეტოქის კართან ხიფათის შექმნაზე იზრუნო. მოკლედ, დიდი გამოცდა გველის, რომელსაც იმედია წარმატებით ჩავაბარებთ. ტრავმირებული ფეხბურთელები პრაქტიკულად აღარ გვყავს, რაც ასეთი პრინციპული მატჩის წინ უმნიშვნელოვანესი ამბავია. ძირითად შემადგენლობას თამაშის დაწყებამდე ორი საათით ადრე დავასახელებ, ასე რომ, ტყუილად ამ თემაზე კითხვებს ნუ დამისვამთ”.

იტალიელ ჟურნალისტებს კითხვების დასმა დიდად არ სჭირდებათ, ისედაც თამამად აკეთებენ პროგნოზებს - თუ “გაძეტა დელო სპორტს” დავუჯერებთ, “ლაციოსთან” ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი კვლავაც ალესანდრო მატრი იქნება, მის უკან კი კლაუდიო მარკიზიო, მირკო ვუჩინიჩი და სიმონე პეპე გაირჯებიან.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, არა თუ ძირითადს, სულაც განაცხადს მიღმა რჩება მილოშ კრასიჩი, რომლის სხვა გუნდში გადაბარგების შანსებზეც დიდი ხანია საუბრობენ. ფაქტია, რომ კონტე არ სწყალობს კრასიჩს და თუ ასე გაგრძელდა, სერბს გარემოს გამოცვლაზე მოუწევს ფიქრი. ზოგადად, განაცხადს მიღმა დარჩენილ ფეხბურთელთა ჩამონათვალი საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება და რაც მთავარია, ტურინელთა სატრანსფერო გეგმების შესახებ ნათელ წარმოდგენას გვიქმნის - მოკლედ, სავარაუდო სასტარტო თერთმეტეული ზემოთ ნახეთ, ტრავმირებულთა ჩამონათვალსაც იხილავდით, ბოლოს კი სწორედ მწვრთნელისგან ათვალწუნებულ ფეხბურთელთა სიას გადავხედოთ: კრასიჩი, იაკვინტა, ამაური, მოტა, გროსო, სორენსენი, ელია, ტონი, ესტიგარიბია.

* * *
“ბარსელონასთან” დამარცხებული “მილანი” საკუთარ მოედანზე “კიევოს” მიიღებს და რა თქმა უნდა, მეტოქის მიწასთან გასწორებას შეეცდება. მართალია, ლომბარდიელებმა კატალონიურ გრანდთან ღირსეულად ითამაშეს და სარეაბილიტაციოდ დიდად არ აქვთ საქმე, მაგრამ მაინც ნირწამხდარნი არიან და ხასიათის გამოკეთებას ვერონელებთან შეეცდებიან.

“გაძეტას” მტკიცებით, შეტევის წინა ხაზზე კვლავაც ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და რობინიოს ტანდემს ვიხილავთ, ალეშანდრე პატო კი სავარაუდოდ ანტრაქტის შემდეგ ჩაერთვება თამაშში. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ “ბარსელონასთან” დაშავებული სანდრო ნესტა დაახლოებით სამ კვირას გამოტოვებს და შესაბამისად, ვერც “კიევოს” წინააღმდეგ შეძლებს თამაშს. სავარაუდოდ, ტიაგო სილვას დაცვის ცენტრში დანიელე ბონერა შეუწყვილდება. მილანელთა მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის თქმით, ლიდერთა ურთიერთშეხვედრის ფონზე, სამი ქულის მოპოვება მისი გუნდისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

* * *
მიუხედავად იმისა, რომ “ინტერი” სატურნირო ცხრილში მისთვის უჩვეულო მე-16 ადგილზეა, ამ გუნდის მიმართ ინტერესი მაინც ძალიან დიდია. “ნერაძური” სიენაში ჩადის, სადაც ბოლო წლებში არაერთხელ გაიფირმა სკუდეტო - სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება მასიმო მოირატიმ და შემდეგი განაცხადა:

“ამ ქალაქში ჩამოსვლა ძალიან მიყვარს, რადგან აქ სკუდეტოები გვაქვს მოგებული. იმედია, “სიენას” კიდევ ერთხელ დავამარცხებთ და გავაგრძელებთ წარმატებულ სვლას, რომელიც “კალიარის” ძლევბით დავიწყეთ”.

კიდევ ერთხელ უნდა დავესესხოთ “გაძეტა დელო სპორტს” და აღვნიშნოთ, რომ კლაუდიო რანიერი “ინტერისთვის’ უჩვეული, სრულად ახალ ტაქტიკას ამუშავებს - სავარაუდოდ, “ნერაძური’ “სიენას” 4-1-4-1 სქემით შეერკინება. ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი ჯამპაოლო პაცინი იქნება, მის უკან შემდეგი ოთხეული გაირჯება: ტიაგო მოტა, რიკი ალვარესი, დეიან სტანკოვიჩი და მაურო სარატე. ვნახოთ, რა გამოვა ამ ყველაფრისგან.

სერია A. XIII ტური
გუშინ:
უდინეზე-რომა 2:0

დღეს:
ლეჩე-კატანია 21.00
დისკვალიფიკაცია: სპოლი (კატ).
ტრავმა: ჯაკომაცი, კაროციერი, მესბა, დიამუტენე, დი მიკელე - სუაზო, ალვარესი.

ნოვარა-პარმა 21.00
დისკვალიფიკაცია: მეჯორინი (ნოვ).
ტრავმა: პაჩი, მორიმოტო, უიკანი, ლისუძო - ფლოკარი, მოდესტო, გობი, ვალდესი.

ატალანტა-ნაპოლი 23.45
ტრავმა: კაპელი, ბრიგი, კაზერტა - დონადელი.

ლაციო-იუვენტუსი 23.45
ტრავმა: დელ ნერო, მაური, გარიდო, ბიძარი, დიასი, კოზაკი, მაკინვა, მათუზალემი - მანინგერი.

ხვალ:
კალიარი-ბოლონია 18.00
დისკვალიფიკაცია: მუდინგაი (ბოლ).
ტრავმა: ელ ქაბირი, ასტორი, ერიკსონი, ნენე - კრუზი, პერესი.

ჩეზენა-ჯენოა 18.00
დისკვალიფიკაცია: ლაურო - ანტონელი.
ტრავმა: გეზალი, მარტინესი, კოლუჩი, კანდრევა, კოლი - ზე ედუარდო, ბოვო.

პალერმო-ფიორენტინა 18.00
დისკვალიფიკაცია: ბალცარეტი (პალ).
ტრავმა: ერნანდესი - კასანი, კროლდრუპი, იოვეტიჩი.

სიენა-ინტერი 18.00
ტრავმა: ვერგასოლა, გროსი, კალაიო, ბრკიჩი - მუნტარი, ფორლანი, ვივიანო, მაიკონი, სნეიდერი, ლუსიო.

მილანი-კიევო 23.45
ტრავმა: გატუზო, ფლამინი, კასანო, ნესტა - სარდო, მორერო, კრუსადო.

თ მ ფ წ ბ ქ
1. უდინეზე 12 7 3 2 15-6 24
2. იუვენტუსი 10 6 4 0 18-7 22
3. ლაციო 11 6 4 1 16-8 22
4. მილანი 11 6 3 2 23-14 21
5. რომა 12 5 2 5 15-14 17
6. პალერმო 11 5 1 5 14-15 16
7. ნაპოლი 10 4 3 3 13-7 15
8. ჯენოა 10 4 3 3 14-12 15
9. კიევო 11 4 3 4 10-12 15
10. პარმა 11 5 0 6 14-18 15
11. სიენა 11 3 5 3 14-10 14
12. კატანია 11 3 5 3 13-18 14
13. ატალანტა 11 5 4 2 15-14 13
14. ფიორენტინა 11 3 4 4 10-9 13
15. კალიარი 11 3 4 4 10-12 13
16. ინტერი 10 3 2 5 13-17 11
17. ბოლონია 11 3 1 7 9-17 10
18. ლეჩე 11 2 2 7 9-18 8
19. ნოვარა 11 1 4 6 12-20 7
20. ჩეზენა 11 1 3 7 4-13 6

შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა

ბომბარდირები
9 - დენისი (ატალანტა); 8 - დი ნატალე (უდინეზე); 7 - ჯოვინკო (პარმა); 6 - კლოზე (ლაციო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული