საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა გუშინ იტალიურ სპორტულ პრესაში - როგორც იცით, რონალდინიო ბრაზილიურ "ფლამენგოში" ასპარეზობს, თუმცა "მილანის" საკუთრებაა და როგორც აღმოჩნდა, იტალიაში დაბრუნების სურვილი დღემდე აქვს.
რონიმ ზედმეტი წონა დაიგდო, სამშობლოში ბურთაობაც მობეზრებია და როგორც ამბობენ, ახალი კლუბის ძიებაშია.
"მილანი" ფეხბურთელთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს და სავარაუდოდ, სრულიად უსასყიდლოდ შეელევა. უკანასკნელი ინფორმაციით, რონალდინიოთი დაინტერესება უკვე გამოთქვა სერია A-ს ორმა გუნდმა: "პარმამ" და "ბოლონიამ". სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში მათ რიცხვს სხვებიც შეურთდებიან.
თავად ფეხბურთელს ჯერ ვერ გადაუწყვეტია სად გააგრძელოს კარიერა, ამაზე მისი კომენტარიც
მეტყველებს: "შესაძლოა, კარიერა სამშობლოში გავაგრძელო, შეიძლება კვლავაც ევროპას მივაშურო. ჩემი სურვილი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაა და მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ. შესაძლოა, ბევრს ეს უტოპიად მიაჩნია, მაგრამ მე ოპტიმიზმით ვარ აღსავსე - ჯერ მხოლოდ 31 წლის ვარ და უმაღლეს დონეზე თამაში კიდევ დიდ ხანს შემიძლია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"