წითელი უქმეები

AutoSharing Option
თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ სერია A-ს მიმდინარე გათამაშების XIV ტური ფეხბურთელთა ზღვარსგადასული უხეშობით გამოირჩა - მსაჯებმა ბლომად არიგეს ყვითელ-წითელი ბარათები, ამ მხრივ კი ყველასგან გამორჩეული "ფიორენტინა"-"რომას" დაპირისპირება გახლდათ.

იშვიათი ამბავია, რეფერიმ ერთი გუნდის სამი ფეხბურთელი გააძევოს მოედნიდან და კვირას სწორედ ასეთ მოვლენასთან გვქონდა საქმე.

თუ რატომ და რისთვის დაისაჯნენ რომაელები, ამის აღწერა შორს წაგვიყვანს, მხოლოდ ის აღვნიშნოთ, რომ არბიტრის მუშაობა ფედერკალჩომ დადებითად შეაფასა და დიდად არც რომაელებს გაუპროტესტებიათ რამე. ისე კი, იტალიურ სპორტულ პრესაში გასულ ტურს "წითელი უიქენდი" უწოდეს, რაც სწორედ
გაძევებათა სიმრავლით გახლავთ განპირობებული - თავად განსაჯეთ, ჩატარებულ 10 შეხვედრაში მსაჯებმა ჯიბიდან 8-ჯერ ამოიღეს წითელი ბარათი, ასეთი რამ კი აპენინებზე ძალიან დიდი ხანია არ მომხდარა. სანამ ტურის სიმბოლურ ნაკრებს, გმირს და სტატისტიკურ მონაცემებს გაგაცნობდეთ, იტალიურ სპორტულ პრესაში ყველაზე აქტუალურ ცნობას მოგაწვდით...

გალიანიმ ტევესი დაადასტურა
დიახ, ადრიანო გალიანიმ დაადასტურა, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "მილანი" კარლოს ტევესის გადაბირებას შეეცდება. ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გავრცელდა, მაგრამ მაშინ კითხვები პასუხგაუცემელი დარჩა - დღეს, სხვა ვითარებაა და ამაში ადრიანო გალიანი დაგარწმუნებთ:

"რამდენიმე დღის წინ, კარლოს ტევესის პირად აგენტ კია ჯურაბჩიანს შევხდი, რომელიც არგენტინელი ფორვარდის "მილანში" გადმოსვლით დაინტერესებულია. არ ვმალავთ, რომ ამის სურვილი ჩვენც გვაქვს და იმედია, მოლაპარაკების პროცესი წარმატებით დასრულდება. უახლოეს დღეებში, ალბათ თავად ფეხბურთელს შევხვდებით და იქ უკვე ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი".

ტურის სიმბოლური ნაკრები
აგაცი (კალიარი) - ბიავა (ლაციო), ტიაგო სილვა (მილანი), გამბერინი (ფიორენტინა) - ჯემაილი (ნაპოლი), მარკიზიო (იუვენტუსი), ნოჩერინო (მილანი), ისლა (უდინეზე) - კავანი (ნაპოლი), როკი (ლაციო), დი ვაიო (ბოლონია).

XIV ტურის სიმბოლურ ნაკრებში ძირითადად ის ფეხბურთელები მოხვდნენ, რომლებმაც თავი გატანილი გოლებით გამოიჩინეს. დაცვაშიც კი, სამიდან ორი გამოირჩა და პირველ რიგში, სწორედ ამით მიიქციიეს იტალიელ ჟურნალისტთა ყურადღება. მაგალითად, ბიავამ "ნოვარას" გაუტანა, გამბერინიმ კი "რომას" კარი დალაშქრა.

თავი გამოიჩინეს ნახევარმცველებმაც - კლაუდიო მარკიზიომ მთლიანობაში შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა "ჩეზენასთან" და სრულიად ლოგიკურად შეარხია მეტოქის კარის ბადე - იგივე შეიძლება ითქვას დანარჩენ ნახევარმცველებზეც: ანტონიო ნოჩერინო ტრადიციულად სტაბილური გახლდათ, ჯემაილი როგორც წესი დაცვით ფაზაშია ძლიერი, "ლეჩესთან" კი წინაც გაიჭრა და დაგვანახვა, რომ შეტევაც შეუძლია, ისლამ კი ჩვეულად ბევრი ირბინა და თვით "ინტერს" გაუტანა გამარჯვების გოლი.

თავდასხმაში ტრიო გავამწესეთ, რომლებზეც ხუთი გატანილი გოლი მოდის - ედინსონ კავანიმ "ლეჩეს" შეუსრულა დუბლი,'ტომაზო როკიმ კი "ნოვარას". მართალია, მარკო დი ვაიომ მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ სამაგიეროდ, მისი შედეგიანი დარტყმა "ბოლონიასთვის" სამი ქულის მომტანი გამოდგა. ერთი სიტყვით, დი ვაიოს კინკილა სხვის დუბლს არა თუ ჩამორჩება, შესაძლოა ჯობია კიდეც...

ტურის გმირი
ტურის გმირად მაურისიო ისლა უნდა დავასახელოთ, რომელმაც "უდინეზე"-"ინტერის" შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაიტანა და ფრიულურ გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოაპოვებინა.

ისლა ჩილელი გახლავთ, 23 წლის არის და "უდინეზეში" 100-ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული - საგულისხმოა, რომ მაურისიო ძირითადად მეტოქის იერიშების ჩაშლით გახლავთ დაკავებული, რის გამოც უდინურ გუნდში მხოლოდ 4 გოლი აქვს გატანილი. "ინტერთან" თავი გამოიდო, შეტევაშიც იაქტიურა და თამაშის დასრულებამდე დაახლოებით 20 წუთით ადრე, კარიერის ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი გაიტანა. ნამატჩევს, ისლა ემოციებს ვერ მალავდა:

"საოცარი შეგრძნებაა, როდესაც იცი, რომ შენმა გოლმა გუნდს სამი ქულა მოუტანა. მადლობა თანაგუნდელებს, რომლებმაც ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარეს და ჩემზე არანაკლები წვლილი შეიტანეს "ინტერის" ძლევაში. მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო ცხრილში მილანელებს გვარიანად ვუსწრებთ, ფავორიტად მაინც "ნერაძური" მიიჩნეოდა - ჩვენ კი დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია".

ტურის ფრაზა
ზლატან იბრაჰიმოვიჩი (ჯენოა-მილანის მატჩის შემდეგ): "ვინ აიღებს ოქროს ბურთს? - რა დროს ოქროს ბურთია, მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ და მორიგი სამი ქულა ჩავიწერეთ აქტივში. თუ მაინც ჩამეძიებით, გეტყვით, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მე ვარ - სულ არ მჭირდება ოქროს ბურთი იმისთვის, რომ ეს ღიად განვაცხადო".

გლობალური სტატისტიკა
საუკეთესო დასწრება:
X ტური, ინტერი-იუვენტუსი, 75 000 გულშემატკივარი

ყველაზე დაბალი დასწრება:
II ტური, კიევო-ნოვარა, 7 000 გულშემატკივარი

ყველაზე დიდი საშინაო გამარჯვება:
მილანი-კატანია 4:0 (XI ტური), მილანი-კიევო 5:0 (XIII).

ყველაზე დიდი საგარეო გამარჯვება:
ინტერი-ნაპოლი 0:3 (VI ტური), კალიარი-ლაციო 0:3 (X).

ყველაზე უხვგოლიანი თამაში:
პალერმო-ინტერი 4:3 (II ტური), ლეჩე-მილანი 3:4 (VIII).

სერიები
მოგება: იუვენტუსი - 5 თამაში
წაგება: ლეჩე - 3
წაუგებლად: იუვენტუსი - 12
მოუგებლად: ლეჩე - 3

გუნდური სტატისტიკა
საუკეთესო თავდასხმა: 29 გოლი - მილანი; 24 - იუვენტუსი; 21 - ნაპოლი.
საუკეთესო დაცვა: 6 გაშვებული - უდინეზე; 9 - ლაციო; 10 - იუვენტუსი.
უარესი თავდასხმა: 6 გოლი - ჩეზენა; 10 - კიევო; 11 - ლეჩე, ბოლონია.
უარესი დაცვა: 24 გაშვებული - ნოვარა; 23 - ლეჩე; 20 - პარმა.
ზუსტი გადაცემები: 6911 - მილანი; 6186 - რომა; 5876 - იუვენტუსი.
კარის მიმართულებით დარტყმები: 230 - რომა; 222 - მილანი; 200 - იუვენტუსი.
კარში დარტმები: 83 - მილანი; 76 - იუვენტუსი; 65 - რომა.

ინდივიდუალური სტატისტიკა
ბომბარდირები:
10 - დენისი (ატალანტა); 9 - დი ნატალე (უდინეზე); 8 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 7 - ჯოვინკო (პარმა), კავანი (ნაპოლი); 6 - კლოზე (ლაციო), იოვეტიჩი (ფიორენტინა), მატრი (იუვენტუსი), მარკიზიო (იუვენტუსი).

ასისტენტები
:
7 - ანტონიო კასანო (მილანი), - ალბერტო აკვილანი (მილანი); 6 - მირალემ პიანიჩი (რომა); 4 - ჯიბრილ სისე (ლაციო), როდრიგო პალასიო (ჯენოა), გასტონ რამირესი (ბოლონია), ხუან მანუელ ვარგასი (ფიორენტინა).

ზუსტი პასები

887 - ანდრეა პირლო (იუვენტუსი); 870 - დანიელე დე როსი (რომა); 804 - კრისტიან ლედესმა (ლაციო); 751 - მიგელ ველოზო (ჯენოა); 734 - ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი).

კარის მიმართულებით დარტყმები

59 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 52 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 46 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 38 - ადრიან მუტუ (ჩეზენა), ერნანესი (ლაციო).

კარში დარტყმები

26 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 19 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა), ხერმან დენისი (ატალანტა). 15 - მარკო რიგონი (ნოვარა), სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 14 - ადრიან მუტუ (ჩეზენა).

ჯარიმები

37 - ნენე (კალიარი); 35 სტეფანო მორონე (პარმა); 33 - ჯამპიერო პინცი (უდინეზე), პანაიოტის კონე (ბოლონია); 31 - ხერმან დენისი (ატალანტა), რაჯა ნაინგოლანი (კალიარი), ხუან კუადრადო (ლეჩე).

ციფრები და ფაქტები

- "ინტერმა" და "ჩეზენამ" 2-მატჩიანი მოგებათა სერიები შეწყვიტეს;

- "ლეჩე" ერთადერთი გუნდია სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, რომელსაც არც ერთი შეხვედრა არ მოუგია საკუთარ მოედანზე;

- "პარმამ" პირველი შეხვედრა დაამთავრა ფრედ მიმდინარე სეზონში;

- გასული ტურის 10 შეხვედრაში, მსაჯები 8-ჯერ ამოიღეს წითელი ბარათი, რაც მიმდინარე სეზონის სარეკორდო მაჩვენებელია;

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 13 8 5 0 24-10 29
2. მილანი 13 8 3 2 29-14 27
3. უდინეზე 13 8 3 2 16-6 27
4. ლაციო 13 7 4 2 19-9 25
5. ნაპოლი 13 5 5 3 21-13 20
6. პალერმო 13 6 2 5 16-15 20
7. კალიარი 13 4 5 4 12-13 17
8. რომა 13 5 2 6 15-17 17
9. კატანია 13 4 5 4 14-19 17
10. ფიორენტინა 13 4 4 5 13-11 16
11. პარმა 13 5 1 7 15-20 16
12. კიევო 13 4 4 5 10-16 16
13. ატალანტა 13 5 6 2 16-15 15
14. ჯენოა 12 4 3 5 14-16 15
15. სიენა 13 3 5 5 14-12 14
16. ინტერი 12 4 2 6 14-18 14
17. ბოლონია 13 4 2 7 11-18 14
18. ნოვარა 13 2 4 7 14-24 10
19. ჩეზენა 13 2 3 8 6-15 9
20. ლეჩე 13 2 2 9 11-23 8

შენიშვნა: ატალანტა - 6 ქულა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული