კალჩოს დიდების დარბაზი

AutoSharing Option
ეს ამბავი ალბათ ბევრად ადრე უნდა მომხდარიყო, მაგრამ როგორც ჩვენი აპენინელი კოლეგები წერენ, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს - საქმე იმაშია, რომ ფლორენციაში იტალიური ფეხბურთის დიდების დარბაზი გაიხსნა, სადაც კალჩოს ყველაზე გამორჩეული პერსონები შევლენ.

საგულისხმოა, რომ დიდების დარბაზის ნომინანტებს ჟურნალისტები ავლენენ, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, თუ რაოდენ დიდი ძალა აქვს იტალიურ და მთლიანად, ევროპულ საფეხბურთო სამყაროში მასმედიას.

ჟიურის თავმჯდომარე იტალიელ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი ლუიჯი ფერაიოლო გახლავთ, რომელიც დიდების დარბაზის გახსნაზე ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო. დასახელდნენ ის ადამიანებიც, რომლებმაც გახსნის
ცერემონიაზევე, პირველად შევიდნენ დარბაზში და ამით, კიდევ ერთხელ უკვდავყვეს თავიანთი სახელი იტალიური ფეხბურთის ისტორიაში. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, პირდაპირ ნომინანტებს და მათ კომენტარებს გავეცნოთ.

იტალიური ფეხბურთის საუკეთესო ლეგიონერი: მიშელ პლატინი

საფეხბურთო კარიერა იტალიაში: 1982-1987 იუვენტუსი 147 თამაში (68 გოლი)

საკლუბო ტიტულები იტალიაში
2 სკუდეტო (1984, 1986)
იტალიის თასი (1983)
ევროპის თასთა თასი (1984)
ჩემპიონთა თასი (1985)
ევროპის სუპერთასი (1985)
საკონტინენტთაშორისო თასი (1985)

პერსონალური ტიტულები

ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი (1983, 1984, 1985)

როდესაც იტალიური ფეხბურთის საუკეთესო ლეგიონერზეა საუბარი, უამრავი ფეხბურთელის გახსნება შეიძლება - დაწყებული "მილანის" შვედური ტრიოდან: ნორდალი, გრენი, ლინდჰოლმი, დასრულებული ნებისმიერი თანამედროვე ვარსკვლავით, მაგრამ აპენინელმა ჟურნალისტებმა არჩევანი მიშელ პლატინიზე შეაჩერეს და ალბათ ჰქონდათ კიდეც ამის საბაბი. პლატინი ესწრებოდა დიდების დარბაზის გახსნის ცერემონიას და ბუნებრივია, სიტყვითაც გამოვიდა:

"ყველასთვის ცნობილი ამბავია, რომ წარმოშობით იტალიელი ვარ და აქაურობას ჩემს მეორე სამშობლოდ მივიჩნევ. როდესაც საფრანგეთიდან აბარგების გადაწყვეტილება მივიღე, ინგლისში გადასვლის შანსიც მქონდა, მაგრამ არჩევანი "იუვენტუსზე" შევაჩერე და ეს ერთი წუთითაც არ მინანია. ტურინში გატარებული პერიოდი საუკეთესო გახლდათ ჩემს საფეხბურთო კარიერაში და ბედნიერი ვარ, რომ ჟურნალისტებს ეს ყველაფერი კარგად ახსოვთ. იტალიური მედია ცალკე სალაპარაკო თემაა, აპენინელი ჟურნალისტები თავისი საქმის ფანატიკოსები არიან და სწორედ აქედან მოდის მათი პროფესიონალიზმი".

საუკეთესო იტალიელი მწვრთნელები
არიგო საკი და მარჩელო ლიპი

საკის სამწვრთნელო კარიერა
1984-1985 რიმინი
1985-1987 პარმა
1987-1991 მილანი
1991-1996 იტალიის ეროვნული ნაკრები
1996-1997 მილანი
1998-1999 ატლეტიკო (ესპანეთი)
2001 პარმა

ტიტულები
იტალიის ჩემპიონი (1988 წელს)
იტალიის სუპერთასი (1988)
2 ჩემპიონთა თასი (1989, 1990)
2 ევროპის სუპერთასი (1989, 1990)
2 საკონტინენტთაშორისო თასი (1989, 1990)

ლიპის სამწვრთნელო კარიერა
1985-1986 პონტედერა
1986-1987 სიენა
1987-1988 პისტოიეზე
1988-1989 კარარეზე
1989-1991 ჩეზენა
1991-1992 ლუკეზე
1992-1993 ატალანტა
1993-1994 ნაპოლი
1994-1999 იუვენტუსი
1999-2000 ინტერი
2001-2004 იუვენტუსი
2004-2006 იტალიის ეროვნული ნაკრები
2008-2010 იტალიის ეროვნული ნაკრები

ტიტულები
5 სკუდეტო (1995, 1997, 1998, 2002, 2003)
იტალიის თასი (1995)
4 იტალიის სუპერთასი (1995, 1997, 2002, 2003)
ჩემპიონთა ლიგა (1996)
ევროპის სუპერთასი (1996)
საკონტინენტთაშორისო თასი (1996)
მსოფლიოს ჩემპიონი (2006)

ტიტულები ყველაფერზე მეტყველებს და რთულია, იტალიელ ჟურნალისტთა არჩევანი ეჭვქვეშ დააყენო, თუმცა გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ არანაკლები დამსახურებები აქვთ ფაბიო კაპელოს, ენცო ბეარძოტს და ვიტორიო პოცოს.

განსაკუთრებით ბევრი მხარდამჭერი სწორედ ამ უკანასკნელს გამოუჩნდა, რომლის თავკაცობითაც იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ორჯერ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი შორეულ 1934 და 1938 წლებში მოხდა, პოცოს წარმატებებმა მეორე პლანზე გადაიწია. თუმცა, აქ არა იმდენად დროზე, არამედ იმ პერიოდის პოლიტიკურ პროცესებზე და ბენიტო მუსოლინის გავლენებზე უნდა იყოს საუბარი - ყველასთვის ცნობილი ამბავია, რომ განსაკუთრებით 1934 წლის მუნდიალზე იტალიის ეროვნულ გუნდს მსაჯების მხარდაჭერა არ მოკლებიათ.

აქვე, არიგო საკის მოვუსმინოთ, რომელმაც მოკლე კომენტარი გააკეთა: "ჟურნალისტების კრიტიკა არასდროს მომკლებია, განსაკუთრებულ წნეხში 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის დროს ვიყავი და ალბათ, ამას ვიმსახურებდი კიდეც. ყოველივე ამის შემდეგ, სწორედ ჟურნალისტთა დაფასება ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და საამაყოა".

საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელი
რობერტო ბაჯო

საფეხბურთო კარიერა
1982-1985 ვიჩენცა 36 თამაში (13 გოლი)
1985-1990 ფიორენტინა 94 (39)
1990-1995 იუვენტუსი 141 (78)
1995-1997 მილანი 51 (12)
1997-1998 ბოლონია 30 (22)
1999-2000 ინტერი 41 (9)
2000-2004 ბრეშა 95 (45)

1988-2004 იტალიის ნაკრები 56 (27)
სულ: 488 თამაში (218 გოლი)

საკლუბო ტიტულები
მუნდიალის ვერცხლის მედალი (1994)
მუნდიალის ბრინჯაოს მედალი (1990)
უეფას თასი (1993)
იტალიის თასი (1995)
2 სკუდეტო (1995, 1996)

პერსონალური ტიტულები
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ფიფას ვერსიით (1993)
ოქროს ბურთის მფლობელი (1993)
იტალიის საუკეთესო ფეხვურთელი (1985, 1996, 2001)
ოქროს ბუცი (2003)

ამ ნომინაციაშიც უდიდესი კონკურენცია გახლდათ და სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, რადგან ჩვენ იტალიური ფეხბურთის საუკეთესო მოთამაშეზე გვაქვს საუბარი - ამ ქვეყანაში კი კალჩოს იმხელა ტრადიციები აქვს, რომ ერთი კი არა, ათეულობით სუპერვარსკვლავის დასახელება თავისუფლად შეგვიძლია.

ფედერკალჩოს ოფიციალური ვერსიით, საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელი დინო ძოფი გახლავთ, აი ჟურნალისტებმა კი ყველასგან რობერტო ბაჯო გამოარჩიეს და დიდების დარბაზშიც მას არგუნეს ადგილი. ბაჯო იტალიაში განსაკუთრებულად უყვართ და ეს აღიარებაც ამის ერთ-ერთი ნათელი დადასტურებაა. მოვუსმინოთ რობერტოს:

"ჟურნალისტებს ფეხბურთის ცოდნაში ცოტა თუ შეეჯიბრება და გამომდფინარე აქედან, ასეთი დაფასება ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. თუმცა, გამოგიტყდებით და საკუთარ თავს საუკეთესო იტალიელ ფეხბურთელად არ მივიჩნევ. აქ, ჩვენთან ერთად, ის ვეტერანები არიან, რომლებმაც მთელი ეპოქა შექმნეს და მათ გვერდით დგომაც კი ჩემთვის უდიდესი პატივია".

იტალიური ფეხბურთის ლეგენდა
ლუიჯი რივა

საფეხბურთო კარიერა
1962-1963 ლენიანო 23 თამაში (6 გოლი)
1963-1976 კალიარი 315 (164)

1965-1974 იტალიის ეროვნული ნაკრები 42 (35)
სულ: 380 თამაში (205 გოლი)

ტიტულები
ევროპის ჩემპიონი (1968)
მუნდიალის ვერცხლის მედალი (1970)

დიდების დარბაზი იმისთვის გაიხსნა, რომ პერიოდულად იქ ახალი სახელები შევიდნენ, ამიტომ, მხოლოდ საუკეთესოების აღიარებით აპენინელი ჟურნალისტები ვერ შემოიფარგლებოდნენ.

ამიერიდან, დარბაზში იტალიური ფეხბურთის ლეგენდებს შეიყვანენ და პირველი მათგანი ლუიჯი რივა გახლავთ, მართლაც რომ ლეგენდა, რომელიც დღეს 67 წლის არის და კვლავაც აქტიურად არის ჩართული იტალიურ ფეხბურთში მიმდინარე პროცესებში - ამასთან, ხშირად აფიქსირებს საკუთარ მოსაზრებებს სხვადასხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. ბოლოს, სიტყვა სწორედ რივას გადავცეთ:

"იყო იტალიური ფეხბურთის დიდების დარბაზში, ეს რჩეულთა ხვედრია და სიმართლე გითხრათ, ძალიან აღელვებული ვარ. აქ ისეთი ფეხბურთელები მოიყრიან თავს, რომ მათ გარემოცვაში ყოფნა ერთდროულად საპატიოც გახლავთ და საპასუხისმგებლოც. მიხარია, რომ ჯერ კიდევ ფასდება ის, რასაც ბევრი წლის წინ მთელი გულით, უდიდესი ენთუზიაზმით ვაკეთებდი".

საუკეთესო იტალიელი არბიტრი
პიერლუიჯი კოლინა

სამსაჯო კარიერა
1988-1991 სერია C1/ სერია C2
1991-2005 სერია A/სერია B
1995-2005 ფიფა/უეფა

პიერლუიჯი კოლინას წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება, წლების განმავლობაში უმაღლეს დონეზე მსაჯობდა და მსოფლიო მასშტაბით გაითქვა სახელი - თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არის ყველაზე პოპულარული არბიტრი, რომელსაც ყველა კონტინეტზე ისევე ცნობენ, როგორც ნებისმიერ საფეხბურთო ვარსკვლავს. მისი სამსაჯო კარიერის პიკი 2002 წლის მუნდიალის ფინალური მატჩის განსჯა გახლდათ, კარიერის დასრულების შემდეგ კი ფედერკალჩოში დაიწყო მუშაობა და დღემდე სამსაჯო დეპარტამენტის ხელმძღვანელია. კოლინამ ჟურნალისტებს მოკლედ გადაუხადა მადლობა და დასძინა, რომ სანამ ცოცხალია, იტალიური ფეხბურთის სამსახურში იქნება.

საუკეთესო საფეხბურთო ფუნქციონერი
ადრიანო გალიანი (მილანის ვიცე-პრეზიდენტი)

დიახ, ჟურნალისტებმა საფეხბურთო ფუნქციონერებიც დააფასეს, რადგან ფაქტია, რომ კალჩოს განვითარებაში მათ ძალიან დიდი როლი მიუძღვით - ადრიანო "მილანთან" ასოცირდება და ამ კლუბში წლებია წარმატებულად იღწვის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წლების განმავლობაში "ლეგა კალჩოსაც" შესანიშნავად ხელძღვანელობდა - თანაც ისე, რომ არასდროს არავის გასაჩენია კითხვა მისი "როსონერისადმი" მიკორძოების შესახებ.

ადრიანო გალიანი ნამდვილი პროფესიონალია და ამით ყველაფერია ნათქვფამი - ასე შეაფასა ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ყველა დროის საუკეთესო იტალიელი საფეხბურთო ფუნქციონერი და სიტყვა სენიორ ადრიანოს გადასცა:
"ჟურნალისტებთან ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა და მიხარია, რომ მათგან ასეთი პატივი მერგო.

საოცრებაა იყო იმ ლეგენდარული ადამიანების გარემოცვაში, ვისაც აქ ვხედავ - მართალია, ღმერთმა არ მომცა იმის ნიჭი, რომ ფეხბურთი უმაღლეს დონეზე მეთამაშა, მაგრამ სპორტის ამ სახეობისადმი უდიდესმა სიყვარულმა მაინც მომახვედრა ამ საოცარ სამყაროში - მადლობა ყველას, ვინც ჩათვალა, რომ დიდების დარბაზში შესვლის ღირსი ვარ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული