ასე მხოლოდ ნეაპოლში უხარიათ

AutoSharing Option
როდესაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა, განსაკუთრებული ყურადღება A ჯგუფმა მიიპყრო, სადაც "ბაიერნმა", "მანჩესტერ სიტიმ", "ვილიარეალმა" და 'ნაპოლიმ" მოიყარეს თავი.

სიკვდილის ჯგუფის ფავორიტად მიუნხენური გიგანტი შერაცხეს, აი ნეაპოლური გუნდის შანსებს კი უმეტესობა სკეპტიკურად უყურებდა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან "მანჩესტერ სიტი" შემადგენლობით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ევროპული მასშტაბით, "ვილიარეალს" კი ლიგაში ასპარეზობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ანუ, "ნაპოლი" ბევრმა წინასწარ გაწირა, თუმცა როგორც განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა, სულ ტყუილად - ნეაპოლურმა გუნდმა შესანიშნავად განვლო ჯგუფური ეტაპი და სრულიად დამსახურებულად ითამაშებს ჩემპიონთა
ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე.

შეგახსენებთ, რომ ვალტერ მაძარის შეგირდებმა გამოცდილ "ვილიარეალს" ორივე თამაში მოუგეს, ვარსკვლავებით გაძეძგილ "სიტისთან" კი ექვსი შესაძლებელიდან, ოთხი ქულა აიღეს. რა არის წარმატების მთავარი მიზეზი? - ამაზე კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი "კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტთან საუბრობს...

- წარმატების მთავარი მიზეზი და საფუძველი ფეხბურთის ფანატიკური სიყვარულია. ნეაპოლი ის ქალაქია, სადაც კალჩო სპორტის ფარგლებს სცილდება და რელიგიის დონეზეა აყვანილი. "ნაპოლის" საუკეთესო გულშემატკივრები ჰყავს მსოფლიოში და ვინც ერთხელ მაინც მოხვდება "სან პაოლოზე", ამაში მაშინვე დარწმუნდება. როდესაც ფეხბურთი და საყვარელი გუნდი შენთვის ყველაფერია, შედეგი აუცილებლად მოვა.

- ამ გუნდს გულშემატკივრები არასდროს აკლდა, მაგრამ იყო პერიოდი, როდესაც "ნაპოლი" სერია C-ში ასპარეზობდა...
- და სწორედ იმიტომ ამოვძვერით ჭაობიდან, რომ გაჭირვების დროსაც "ნაპოლი" ერთგულ გულშემატკივრებს არ მიუტოვებიათ. ამ წუთს, გამიჭირდება დეტალებზე საუბარი, რადგან "ვილიარეალის" დამარცხების შემდეგ, ყველანი ეიფორიაში ვართ. დიახ, ჩვენ შევძელით ეს - დავიწყეთ სერია C-დან და დღეს, ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში ვართ გასულები. ხვალიდან მუშაობის ჩვეულ რიტმს უნდა დავუბრუნდებით, დღეს კი შეგვიძლია დავტკბეთ მიღწეული წარმატებით.

ფიესტა ნეაპოლში
ალბათ მიხვდით, რომ "კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტი აურელიო დე ლაურენტისს "ვილიარეალთან" მატჩის შემდეგ გაესაუბრა - "ნაპოლის" პრეზიდენტი გუნდთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდა ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში გასვლას. რთული სათქმელია, კიდევ სად შეიძლება ასე აღნიშნონ ჯგუფური ეტაპის გადალახვა - ალბათ არსად და ნეაპოლი ამითაც გამორჩეული ქალაქია.

"ნაპოლი" იტალიაში თამაშის დასრულებისთანავე გაემგზავრა, მშობლიურ ქალაქში კი ფეხბურთელებს ნამდვილი ფიესტა დახვდათ - ქუჩაში ათობით ათასი ადამიანი გახლდათ გამოსული, რომლებიც მათი გუნდის უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას აღნიშნავდნენ - ამ ყველაფერმა ბევრისმნახველი ესეკილ ლავეციც კი გააკვირვა, რომელიც არგენტინიდან ჩავიდა იტალიაში - თუ რა ხდება ტრადიციულად აპერტურა-კლაუსურას დროს იქაურ სტადიონებზე და ქალაქებში, ყველასთვის კარგად ცნობილია - მოვუსმინოთ ესეკილს:

"ვიცოდი, რომ მთელი ნეაპოლი ესპანური მატჩის მოლოდინში გახლდათ, მაგრამ ასეთ რამეს მაინც ვერ წარმოვიდგენდი - მთელი ქალაქი გარეთ არის გამოსული და ჩვენს წარმატებას ზეიმობს. ამისთვის ნამდვილად ღირს ცხოვრება და ამისთვის ნამდვილად ღირს გერქვას "ნაპოლის" ფეხბურთელი. "ვილიარეალმა" დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია, მაგრამ მადლობა ღმერთს, თამაში ჩვენი გამარჯვებით დასრულდა და ეს მართლაც დაუვიწყარი ფიესტა შედგა. ვპირდები გულშემატკივრებს, რომ "ნაპოლი" არც პლეიოფში შეირცხვენს თავს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული