ძანეტი: პრობლემა ასაკში არაა

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონში, "ინტერი" არაფრად არ ვარგა და ამის შესახებ იტალიურ სპორტულ მედიაში ყოველდღიურად იწერება - მილანური გრანდის რეპუტაცია ვერც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გადალახვამ იხსნა, რადგან საყოველთაო მოსაზრებით, "ნერაძურიში" რევოლუციური ცვლილებებია მოსახდენი.

მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაში არა მწვრთნელი, არამედ შემადგენლობაა, რომელიც საფეხბურთო ექსპერტთა უმეტესობის აზრით, "ინტერის" კალიბრის გუნდის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ახალგაზრდებს საშემსრულებლო ოსტატობა აკლიათ, ვარსკვლავები კი ასაკში შევიდნენ - აი ასე, ერთ დროს "ინტერის" სუპერშემადგენლობა ერთიანად შესაცვლელი გახდა. ასეთ მოსაზრებას არ ეთანხმება "ინტერის" კაპიტანი ხავიერ ძანეტი და შემდეგს აცხადებს:

"იმ გუნდის ნაწილი ვიყავი, რომელმაც ორი წლის წინ ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლება და თქვენი აზრით, მაშინ რამდენი წლის გახლდით? - დიახ, 36-ის, თუმცა მუდმივად ძირითად შემადგენლობაში ვთამაშობდი და გუნდში ჩემი როლი მქონდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მთავარი არა ასაკი, არამედ ენთუზიაზმია - გუნდი აუცილებლად ერთ მუშტად უნდა იყოს შეკრული, თითოეულ თამაშს უდიდესი მოტივაციით ატარებდეს და ასეთ შემთხვევაში, შედეგიც მოვა".

ეს განცხადება ძანეტიმ აშკარად თანაგუნდელების გასაგონად თქვა და განავრცო თემა: "ნებისმიერს ეპატიება შეცდომა, რადგან ჩვენ ადამიანები ვართ, მაგრამ გულგრილობა არაფრის დიდებით არ უნდა დავუშვათ. იმედია, მთავარი მწვრთნელი ყურადღებით იქნება და ასეთი ნიუანსები არ გამოეპარება. პირადად მე, უკვე 38 წლის ვარ, მაგრამ ყოველი მორიგი თამაში ჩემთვის დღესასწაულია - ჯერჯერობით, არც კარიერის დასრულებას ვაპირებ, რადგან თავს შესანიშნავად ვგრძნობ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული