"ინტერის" იაპონური გასროლა

AutoSharing Option
როგორც იქნა, სერია A-ს აბსოლუტურად ყველა გუნდს თანაბარი რაოდენობის თამაში აქვს ჩატარებული, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სატურნირო ცხრილს შეგვიძლია თამამად ჩავხედოთ და გარკვეული დასკვნებიც გამოვიტანოთ.

თუმცა, ცხრილისთვის კიდევ ბევრჯერ მოვიცლით, დღეისთვის კი უმჯობესია სამშაბათს გამართულ "ჯენოა" "ინტერის" დაპრისპირებაზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა, რომელმაც გულშემატკივართა საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. შემდეგ, სხვა, ყველაზე აქტუალურ თემებს შევეხოთ...

ჯენოა-ინტერი 0:1
გოლი: 0:1 ნაგატომო (68).

საკუთარ მოედანზე "ფიორენტინას" დამარცხების შემდეგ, "ინტერი" "ჯენოას" ესტუმრა და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

ერთადერთი გოლის ავტორი იაპონელი მცველი ნაგატომო გახლავთ,
რომელმაც მეორე ტაიმის შუაწელს მეტოქის საჯარიმოში შეირბინა და რიკი ალვარესი ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ, თავური დარტყმით ბურთი გენუელთა კარის ბადეში გაახვია. საერთოდ, მიმდინარე სეზონში, ნაგატომო გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია და ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ; მაგრამ, კარგია ეს თუ ცუდი, ცალკე სალაპარაკო თემაა...

კლაუდიო რანიერიმ შეტევის წინა ხაზზე ჯამპაოლო პაცინი და დიეგო მილიტო გაამწესა - პირველმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ მომენტების შექმნა და ხშირ შემთხვევაში, მათი განიავება ძალიან კარგად ეხერხება, მეორემ კი დაამტკიცა ის, რომ საუკეთესო წლები უკან მოიტოვა და ძველ კონდიციას ალბათ ვეღარასდროს დაიბრუნებს. აქვე აღვნიშნოთ, რომ მილიტოს "ჯენოას" გულშემატკივრები ძალიან კარგად დახვდნენ და მას მხურვალე ოვაციები მოუწყვეს.

ნახევარდაცვაში რანიერიმ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გააკეთა აქცენტი და ძირითად შემადგენლობაში ფარაონისთან ერთად, პოლიც გაამწესა - მონდომებას ნამდვილად ვერ დავუკარგავთ, მაგრამ "ინტერის" შეტევები გაცილებით უფრო მწვავე გახდა, როდესაც მათ ნაცვლად მოედანზე ობი და რიკი ალვარესი გამოჩნდნენ.

განსაკუთრებით აქტიური ეს უკანასკნელი იყო და როგორც უკვე აღვნიშნეთ, სწორედ მან გაუკეთა ნაგატომოს საგოლე გადაცემა. მთლიანობაში კი "ნერაძურიმ" დაჯაბნა მეტოქე და ამაზე სტატისტიკური მონაცემებიც ნათლად მეტყველებს - თავად განსაჯეთ, მილანელებმა თერთმეტჯერ დაარტყეს გენუელთა კარის მიმართულებით, მაშინ როდესაც მასპინძლები მხოლოდ ორჯერ დაემუქრნენ ჟულიო სეზარის კარს.

გენუური კლუბი ძალიან მძიმედ გამოიყურებოდა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ გუნდს გაძლიერება ესაჭიროება. საბედნიეროდ, ძირითად შემადგენლობაში გახლდათ კახა კალაძე, რომელმაც მთლიანობაში საიმედოდ ითამაშა, ერთ ეპიზოდში კი ყვითელი ბარათი დაიმსახურა.

ნამატჩევს, კლაუდიო რანიერი გახარებული ჩანდა: "მეტოქე მწყობრად იცავდა თავს და შესაბამისად, სამი ქულის მოპოვება ძალიან გაგვიჭირდა. თუმცა, მთლიანობაში მაინც მეტოქეზე უკეთ ვითამაშეთ და დავიმსახურეთ კიდეც გამარჯვება. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ "ჯენოამ" მხოლოდ მე-80 წუთზე დაარტყა პირველად ჩვენი კარის მიმართულებით. მინდა ახალგაზრდა ფეხბურთელები შევაქო, ფარაონიმ და პოლიმ ბევრი იბრძოლეს და დიდი წვლილი შეიტანეს გამარჯვებაში. ასე უნდა გავაგრძელოთ და მალე, ლიდერთა მარაქაში აღმოვჩნდებით".

ბოლოს, "ჯენოას" მთავარ მწვრთნელ ალბერტო მალეზანის მოვუსმინოთ: "ეს შეხვედრა იმ კატეგორიის გახლდათ, სადაც გამარჯვებულის ვინაობას ერთი გოლი წყვეტს - სამწუხაროდ, ეს გოლი ჩვენს კარში გავიდა და დავმარცხდით კიდეც.

საერთოდ, მსააჯობაზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ალვარესის ჩაწოდების დროს, პაცინი დაინელის ეუხეშა და ისე გაუთავისუფლა ბურთს ნაგატომომდე მიმავალი გზა - არბიტრი რომ უფრო ყუურადღებით ყოფილიყო, ეს ეპიზოდი ნამდვილად არ გამორჩებოდა. სამწუხარო მარცხი ვიწვნიეთ, მაგრამ შეგირდების თამაშით მაინც კმაყოფილი ვარ - მათ ყველაფერი გააკეტეს, რაც შეეძლოთ".

იტალიის თასი
1/8 ფინალი
პალერმო-სიენა 3:3 დ.დ. 4:4 (პენ. 0:3)
გოლები: 0:1 რეჯინალდო (21), 1:1 ილიჩიჩი (39-პენ.), 1:2 გონსალესი (40), 2:2 ილიჩიჩი (46), 2:3 რეჯინალდო (59), 3:3 ილიჩიჩი (90-პენ.), 4:3 ბერტოლო (98), 4:4 ანჯელო (100).

იტალიის თასის მიმდინარე გათამაშებაზე აქამდე არაფერი დაგვიწერია და სიმართლე გითხრათ, მეოთხედფინალურ ეტაპამდე არც ვაპირებდით, მაგრამ "რენცო ბარბერაზე" ისეთი ამბები დატრიალდა, ორი სიტყვით რომ არ გადმოგცეთ, არ იქნება მთლად მართალი.

მოკლედ, "პალერმომ" "სიენას" უმასპინძლა და სწორედ ამ ერთ შეხვედრაში უნდა გაცხადებულიყო მეორე მეოთხედფინალისტის ვინაობა. დიახ მეორე, რადგან პირველი მერვედფინალური მატჩი ტურინში გაიმართა, სადაც "იუვენტუსმა" "ბოლონიას" დამატებით დროში სძლია და რვა საუკეთესო გუნდში დაიბევა ადგილი.

სიცილიური მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, რაზეც სტატისტიკა ნათლად მერტყველებს - იყო პერიოდები, როდესაც ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, რიგ შემთხვევებში კი მასპინძლები დომინირებდნენ.

გოლების აღწერით თავს არ შეგაწენთ, მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ სტუმართა შორის საუკეთესო დუბლის ავტორი რეჯიონალდო გახლდათ, სიცილიელთა რიგებიდან კი უდავოდ ილიჩიჩი უნდა გამოვყოთ, რომელმაც ტოსკანელებს ჰეთთრიკი შეუსრულა. მართალია, სამიდან ორი გოლი პენალტით გაიტანა,. მაგრამ ამასაც შესრულება უნდა, რაც ტერთმეტმეტრიანების სერიაში ნათლად გამოჩნდა. დიახ, შეხვედრის ბედი სწორედ პენალტების სერიამ გადაწყვიტა, სტუმრები უფრო ცივსისხლიანები აღმოჩნდნენ და გაიკვალეს კიდეც გზა მეოთხედფინალისკენ.

აქვე, სხვა მერვედფინალურ წყვილებს და თამაშების განრიგს გავეცნოთ:

იუვენტუსი-ბოლონია 1:1 დ.დ. 2:1
გოლები: 1:0 ჯაკერინი (90), 1:1 რაჯი (90), 2:1 მარკიზიო (103).

ლაციო-ვერონა 11.01.2012
უდინეზე-კიევო 11.01.2012
რომა-ფიორენტინა 11.01.2012
ნაპოლი-ჩეზენა 13.01.2012
მილანი-ნოვარა 19.01.2012
ინტერი-ჯენოა 20.01.2012

1/4 ფინალი
25.01.2012

იუვენტუსი VS რომა/ფიორენტინა
ლაციო/ვერონა VS მილანი/ნოვარა
სიენა VS უდინეზე/კიევო
ინტერი/ჯენოა VS ნაპოლი/ჩეზენა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული