ტევესის არჩევანი

AutoSharing Option
კარლოს ტევესის "მილანში" შესაძლო გადასვლის შესახებ ბევრი ითქვა და კიდევ უფრო მეტი დაიწერა - ბოლოს, ამ თემას თვით "როსონერის" პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი გამოეხმაურა და საინტერესო კომენტარი გააკეთა. სანამ სიტყვას დონ სილვიოს გადავცემდეთ, აღვნიშნოთ, რომ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ტევესი არჩევანს "მილანსა" და ფრანგულ პსჟ-ს შორის გააკეთებს. მოვუსმინოთ ბერლუსკონის:

"ტევესმა არჩევანი უნდა გააკეთოს პრესტიჟსა და ფულს შორის - შეუძლია ითამაშოს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში, ყველაზე ამბიციურ და ტიტულოვან კლუბში, ან აირჩიოს პსჟ და იყოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი მსოფლიოში. ვურჩევდი მას,
რომ იყოს ამბიციური, გაიბრწყინოს "მილანში" და დაუმიზნოს "ოქროს ბურთს", რისი მოპოვებაც მას ნამდვილად შეუძლია. კარლოსი 27 წლის გახლავთ, სწორედ ის დროა, როდესაც საუკეთესო თვისებები უნდა გამოავლინოს და ამისთვის, "მილანში" მას ყველა პირობა ექნება".

"მილანთან" დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც ლომბარული გრანდის მესვეურები ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მცველის გადაბირებას შეეცდებიან. ამის საჭიროება მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც მარიო იეპესმა მძიმე ტრავმა მიიღო და მინიმუმ სამი თვით ჩამოშორდა ფეხბურთს. "გაძეტა დელო სპორტის" მტიცებით, უახლოეს მომავალში ადრიანო გალიანი ფლორენციაში ჩავა, რათა "ფიორენტინას’ მესვეურებს ჩეზარე ნატალის გადაბირების შესახებ ჩამოუგდოს სიტყვა.

ნატალი 32 წლის მცველი გახლავთ, რომელსაც ცენტრშიც შეუძლია თამაში და ფლანგზეც - "ფიორენტინას" შემადგენლობაში 55 შეხვედრა აქვს ჩატარებული, მის ხელშეკრულებას კი ვადა ზაფხულში ეწურება. გამომდინარე აქედან, სავარაუდოდ, ფლორენციელები ჩეზარეს სიმბოლურ ფასად შეელევიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული