ტური კვირას დაგეგმილი ორი მატჩით დასრულდება და სწორედ ეს პაექრობები იწვევს გულშემატკივართა განსაკუთრებულ ინტერესს - "ლაციო" "უდინეზეს" უმასპინძლებს, ხოლო "ნაპოლი" "რომას". თავდაპირველად სწორედ ნეაპოლური შეხვედრის შესახებ ვთქვათ...
იტალიის სამხრეთში ერთმანეთის პირისპირ ის გუნდები წარსდგებიან, რომლებმაც სეზონი არც თუ კარგად დაიწყეს და სატურნირო ცხრილში მათთვის არასასურველი ადგილი
მოკლედ, ერთმანეთის წინაშე ის გუნდები წარსდგებიან, რომლებსაც დასაკარგი ბევრი აღარაფერი აქვთ და წესით, დიდი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს. "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის, ვალტერ მაძარის სიტყვებსაც აქეთკენ მივყავართ:
"ჩემპიონთა ლიგას თებერვალში მივუბრუნდებით, დროა ეროვნულ პირველობაზე გადმოვერთოთ და ჩვეულად ავთამაშდეთ. ახალ წლამდე ორი თამაში გვაქვს გასამართი და აუცილებლად ექვსი ქულა უნდა ავიღოთ. "რომა" სახიფათო მეტოქეა, მაგრამ საკუთარ კედლებში კიდევ უფრო ძლიერი გუნდები დაგვიმარცხებია, ასე რომ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი".
ვალტერ მაძარი ტრადიციულ 3-4-2-1 ტაქტიკას აირჩევს, თუმცა ამჯერად უარს იტყვის იმ ნოვაციაზე, რომელიც წინა ტურში, "ნოვარასთან" პაექრობაში დანერგა, როდესაც სასტარტო შემადგენლობაში ოთხი შემტევი: ედინსონ კავანი, გორან პანდევი, მარეკ ჰამშიკი და ესეკილ ლავეცი ერთად დააყენა. მაშინ, ჰამშიკი ნახევარდაცვაში გაამწესა, თუმცა ამ ექსპერიმენტმა დიდად ვერ გაამართლა. ამჯერად, პანდევი სათადარიგოთა სკამზე დარჩება, დიდ სამეულს კი ჩვეულ პოზიციებზე ვიხილავთ.
ვალტერ მაძარისგან განსხვავებით, საკმაოდ დიდი დანაკლისი აქვს ლუის ენრიკეს, რომელიც ცდილობს სიმშვიდე შეინარჩუნოს და ირწმუნება, რომ მისი გუნდი აღმავლობის გზას ძალიან მალე დაადგება: "ნეაპოლში მოგება არანორმალურად რთულია, მაგრამ ჩვენ სწორედ ამ მიზნით ვაპირებთ მოედანზე გასვლას. თამაში მეტოქის ნახევარზე უნდა გადავიტანოთ, ამაში კი ნახევარმცველთა როლი განუზომელი იქნება. კარგია, რომ ფერნანდო გაგო და ბოიან კრკიჩი დაგვიბრუნდნენ, მათთან ერთად, ბურთის დაჭერა უფრო გაგვიადვილდება".
"გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, ფერნანდო გაგო ძირითად შემადგენლობაში იქნება და ნახევარდაცვაში სიმონე პეროტასა და დანიელე დე როსის გაუწევს კამპანიას, შეტევის წინა ხაზზე კი წესით ფრანჩესკო ტოტი, პაბლო ოსვალდო და ერიკ ლამელა უნდა ვიხილოთ. ანუ, ბოიან კრკიჩი სათადარიგოებში მოიაზრება. ვნახოთ, რამდენად გამართლდება "გაძეტას" პროგნოზი და საერთოდ, რა მოხდება "სტადიო სან პაოლოზე".
თუ სატურნირო ცხრილით ვიმსჯელებთ, კიდევ უფრო საინტერესო პაექრობა რომში შედგება, სადაც "ლაციოს" "უდინეზესთან" მოუწევს ურთიერთობის გარკვევა. ცხრილში ყველაფერი ნათლად ჩანს, მაგრამ მაინც აღვნიშნოთ, რომ ფრიულელებს 30 ქულა აქვთ და "იუვენტუსთან" ერთად სათავეში უდგანან პირველობას; რომაელებს კი ორი ქულით ნაკლები აქვთ და გამარჯვების შემთხვევაში, ჩამოიტოვებენ კიდეც ხვალინდელ მეტოქეს. ანუ, ყველა ლოგიკით "ოლიმპიკოზე" დიდი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს და ჩვენც მეტი რა გვინდა, ჩავუსხდეთ...
როგორც ჩანს, ჯიბრილ სისემ საფუძვლიანად დაკარგა ადგილი "ლაციოს" ძირითად შემადგენლობაში, რადგან "გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, ედუარდო რეია შეტევის წინა ხაზზე მიროსლავ კლოზესა და ტომაზო როკის ტანდემს გაამწესებს. ორივე ვეტერანია, მაგრამ ბარე ორ ახალგაზრდას დღესაც ჯობნიან და უდინელ მცველებს ყურადღებით მართებთ ყოფნა. გამთამაშებლის პოზიციაზე ტრადიციულად ერნანესი გაირჯება, რომელიც თანაგუნდელებს მობილიზებისკენ მოუწოდებს:
"უდინელებს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ და შემთხვევით ნამდვილად არ არიან ლიდერთა შორის. განსაკუთრებით კარგად კონტრშეტევებზე თამაში გამოსდით, სამი გადაცემით შეუძლიათ საკუთარი საჯარიმოდან ბურთი დასარტყმელ პოზიციაზე მიიტანონ და ამის არაერთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ. მოკლედ, ყურადღებით გვმართებს ყოფნა, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად დავისჯებით".
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ "ლაციომაც" და "უდინეზემაც" შუა კვირაში ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი მატჩები გამართეს: რომაელებმა რუმინული "ვასლუი" დაამარცხეს, უდინელები კი შოტლანდიურ "სელტიკს" დაუზავდნენ - ორივე გუნდმა დაძლია ჯგუფური ეტაპი და ახალი წლიდან პლეი ოფში ჩაერთვებიან.
ფრანჩესკო გვიდოლინი ევროპის ლიგაზე ჯერ არ ფიქრობს და "ლაციოს" დამარცხება აქვს მიზნად დასახული. მართალია, ეს ურთულესი ამოცანაა, მაგრამ როგორც თვითონ აცხადებს, საკმაოდ რეალური. ანტონიო დი ნატალე სრულ მზადყოფნაშია და კვლავაც ეულად ირბენს შეტევის წინა ხაზზე, უკნიდან კი მისი სეხნია, ფლორო ფლორესი დაეხმარება. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება და დაველოდოთ ამ მართლაც საინტერესო პაექრობას...
"იუვენტუსი" საკუთარ მოედანზე "ნოვარას" მიიღებს და წესით, უნდა დაამარცხოს კიდეც მეტოქე. მართალია, სერია A-ში იოლი გასეირნება არ არსებობს და ამაში არაერთხელ დავრწმუნდით, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფავორიტი გამოკვეთილია. ძირითად შემადგენლობაში მოიაზრება ალესანდრო დელ პიერო, რომელსაც შეტევაში სიმონე პეპე და ალესანდრო მატრი უნდა დაეხმარონ. მირკო ვუჩინიჩი კვლავ ტრავმირებულია, საჭიროების შემთხვევაში კი ანტონიო კონტე თავდასხმას ფაბიო კვალიარელათი გააძლიერებს. თუმცა, განაცხადში ლუკა ტონიც მოიაზრება, რომელიც გვეგონა, რომ თვით ეშმაკსაც დავიწყებული ჰყავდა.
"მილანს" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე საკმაოდ უხერხულ მეტოქესთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა და იგრძნობა, რომ წილისყრის შემდეგ, ლომბარდიელთა ფიქრები დიდწილად სწორედ ამას დატრიალებს - მთავარია, ფიქრებს "სიენასთან" თამაში არ გადააყოლონ. მასიმილიანო ალეგრის შეგირდებმა წინა ტურში "ბოლონიასთან" წაიმტვრიეს ცხრილი და საკუთარ გულშემატკივრებთან სარეაბილიტაციოდ აქვთ სქმე. ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმისგან...
საინტერესო მატჩი უნდა გაიმართოს "ჩეზენასა" და "ინტერს" შორის - ბოლო პერიოდში, ორივე გუნდი გამოცოცხლდა და ვნახოთ, ვისი აჯობებს. "ინტერი" ფავორიტია, მაგრამ გავბედავთ და ვიტყვით, რომ ამ თამაშზე პროგნოზების გაკეთება უმადური საქმეა. რაც მთავარია, "ჩეზენას" ადრიან მუტუ ჰყავს სრულ მზადყოფნაში, თუმცა ამ მხრივ "ინტერსაც" არაფერი უჭირს: ნაგატომო "ბიანკონერისთან" პაექრობის წინ თურმე კბილებს ილესავს.
და ბოლოს, ორი სიტყვით აღვნიშნოთ, რომ ამ უქმეებზე სიცილიური დერბიც გაიმართება - ეს ის შემთხვევაა, როდესაც შემადგენლობები, ტაქტიკური განლაგება და თვით შედეგიც კი, ნაკლებად მნიშვნელოვანია, მთავარია თამაში მშვიდობიანად ჩამთავრდეს.
სერია A. XVI ტური
დღეს
კიევო-კალიარი 21.00
ტრავმა: რიგონი - ნენე, ასტორი, ერიკსონი.
დისკვალიფიკაცია: კოსუ (კალ).
მილანი-სიენა 23.45
ტრავმა: გატუზო, ფლამინი, კასანო, ნესტა, ძამბროტა, იეპესი - ვერგასოლა, ბელმონტე.
ფიორენტინა-ატალანტა 23.45
ტრავმა: მონტოლივო, კასანი, კროლდრუპი - კაპელი, ბრიგი, ტირიბოკი.
ხვალ
კატანია-პალერმო 18.00
ტრავმა: სუაზო, ისკო, ბიაჯანტი - ზაჰავი, ცორვასი, ერნანდესი, პიზანო.
დისკვალიფიკაცია: სპოლი (კატანია).
ჩეზენა-ინტერი 18.00
დისკვალიფიკაცია: როსი (ჩეზენა).
ტრავმა: მარტინესი, კოლუჩი, მარტინიო - კივუ, ვივიანო, სნეიდერი, ჯონათანი, ობი, სტანკოვიჩი.
ჯენოა-ბოლონია 18.00
დისკვალიფიკაცია: პერესი (ბოლონია).
ტრავმა: ბირსა, ბოვო, კუჩკა, ანტონელი, პალასიო (ჯენოა).
იუვენტუსი-ნოვარა 18.00
დისკვალიფიკაცია: ბონუჩი, ვიდალი (იუვენტუსი).
ტრავმა: ვუჩინიჩი - ლისუძო, ჯედა.
პარმა-ლეჩე 18.00
ტრავმა: ჯოვინკო - ოფერე, ჯანდონატო, მესბა, ბერტოლაჩი.
ლაციო-უდინეზე 23.45
ტრავმა: ბროკი, დელ ნერო, მაკინვა, მათუზალემი, ბერარდი, მარკეტი, მაური, რადუ - ბარეტო, ბადუ, დომიცი, კოდა.
ნაპოლი-რომა 23.45
დისკვალიფიკაცია: პიანიჩი (რომა).
ტრავმა: კასეტი, ბორინი, პისარო, კიაერი, ბურდისო (რომა).
თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 14 8 6 0 25-11 30
2. უდინეზე 14 9 3 2 18-7 30
3. მილანი 14 8 4 2 31-16 28
4. ლაციო 14 8 4 2 22-11 28
5. ნაპოლი 14 5 6 3 22-14 21
6. პალერმო 14 6 2 6 16-16 20
7. ინტერი 14 6 2 6 17-18 20
8. ჯენოა 14 5 3 6 16-17 18
9. კალიარი 14 4 6 4 12-13 18
10. რომა 14 5 3 6 16-18 18
11. კატანია 14 4 6 4 15-20 18
12. პარმა 14 5 2 7 15-20 17
13. ატალანტა 14 5 7 2 17-16 16
14. ფიორენტინა 14 4 4 6 13-13 16
15. კიევო 14 4 4 6 11-18 16
16. ბოლონია 14 4 3 7 13-20 15
17. სიენა 14 3 5 6 14-14 14
18. ჩეზენა 14 3 3 8 7-15 12
19. ნოვარა 14 2 5 7 15-25 11
20. ლეჩე 14 2 2 10 13-26 8
შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"