დიდი ჯახი ფრიულიზე, ალეგრი კი სარდინიაზე ბრუნდება

AutoSharing Option
გახსოვთ ალბათ, "ლეგა კალჩოსა" და იტალიელ ფეხბურთელთა ასოციაციას შორის მომხდარი კონფლიქტის გამო, სერია A-ს სტარტი დაგეგმილზე გვიან შედგა, რის გამოც პირველი ტური გაურკვეველი ვადით გადაიდო - მოგვიანებით გაცხადდა, რომ გადატანილი თამაშები 20 და 21 დეკემბერს შედგებოდა.

მოკლედ, მართალია გუნდებს უკვე 15-15 შეხვედრა აქვთ ჩატარებული, მაგრამ ქვემოთ I ტურის წინასიტყვაობა უნდა ვთქვათ.

თუმცა, იქამდე კვირას გამართულ ორ პაექრობას მივუბრუნდებით, რომლებიც თბილისის დროით გვიან ღამე გაიმართა და შესაბამისად, ტურის მიმოხილვაში მათზე არაფერი გვითქვამს.

ტურის გამოძახილი
კვირას ღამე გამართული შეხვედრები XVI ტურის ცენტრალურ
პაექრობებად მოინათლა და აუცილებლად უნდა გავამახვილოთ მათთზე ყურადღება. იტალიის სამხრეთში "ნაპოლიმ" "რომას" უმასპინძლა და სერია A-ში მორიგი უნიათო შეხვედრა ჩაატარა. დიახ, ვალტერ მაძარის შეგირდებმას ვერაფერი დააკლეს დედაქალაქელებს და სამივე ქულა მათ დაუთმეს. შეხვედრა ახალი დაწყებული იყო, როდესაც მარცხენა ფრთიდან მეტოქის საჯარიმოში ერიკ ლამელა შეიჭრა და დაბალი გადაცემით ვითარების გამწვავება სცადა - ბურთის დაუფლებას მორგან დე სანკტისი შეეცადა, თუმცა ხელიდან გაუვარდა და საკუთარი კარი დალაშქრა, 0:1.

მთლიანად შეხვედრა სტუმართა უპირატესობით წარიმართა, რაც მეორე ტაიმის შუაწელს პაბლო ოსვალდოს გოლში აისახა - არგენტინული წარმოშობის იტალიელი ფრანჩესკო ტოტიმ მონახა შესანიშნავი გადაცემით და მასაც, ანგარიშის გაორება აღარ გასჭირვებია. შეხვედრის დარჩენილ პერიოდში გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს და "რომამ" უმნიშვნელოვანესი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

ნამატჩევს, ლუის ენრკე ბედნიერი გახლდათ:
"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველაზე ბედნიერი დღეა ჩემს რომაულ კარიერაში. ბიჭებმა ყველაფერი იღონეს იმისთვის, რომ გულშემატკივრები გაეხარებინათ და ეს მოახერხეს კიდეც. თუ "ნაპოლის" მისსავე მოედანზე დამარცხება გსურს, თანაბრად წარმატებით უნდა ითამაშო დაცვასა და თავდახხმაში, ჩვენ ეს შევძელით და ამით ამაყი ვარ".

რომში'"ლაციომ" "უდინეზეს" უმასპინძლა და დაუზავდა, 2:2. შეხვედრა მასპინძლეთა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, ფრიულელებმა კი კონტრშეტევებზე ააგეს თამაში და პრინციპში, არც წაუგიათ. ფრანჩესკო გვიდოლინმა ყველა გააკვირვა, როდესაც ანტონიო დი ნატალე დატოვა
სათადარიგოთა სკამზე, შემდეგ კი გაცხადდა, რომ ტოტოს მცირე ტრავმა ჰქონდა და სრული თამაშის ჩასატარებლად მზად არ იყო. დი ნატალემ მხოლოდ ბოლო 25 წუთი დაჰყო მინდორზე და ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ საგოლე პასი გაეკეთებინა - სწორედ მისი გადაცემის შემდეგ დარჩა პინცი "ლაციოს" კიპერთან პირისპირ და შეხვედრის საბოლოო რეზულტატი დააფიქსირა, 2:2.

საგულისხმოა, რომ ანგარიშიც უდინელებმა გახსნეს, როდესაც მარცხენა ფრთიდან პასკუალეს მიერ გაკეთებულ გადაცემას ფლორო ფლორესი გამიეხმაურა და თავით გადაგზავნა ბურთი რომაელთა კარის ჩარჩოში. რაც შეეხებათ მასპინძლებს, მათგან ერთი ლულიჩმა შეაგდო, მეორე კი კლოზემ. ნამატჩევს, ფრანჩესკო გვიდოლინმა კმაყოფილება გამოთქვა როგორც შედეგით, ისე შეგირდთა თამაშით; ედი რეიამ კი დანანებით აღნიშნა, უპატიებელი შეცდომები დავუშვით, თორემ ეს თამაში ჩვენი მოსაგები იყოო.

I ტური
დღეს დაგეგმილი შეხვედრებიდან ყველაზე დიდ ინტერესს სარდინიული პაექრობა იწვევს, სადაც "კალიარი" "მილანს" დაუპირისპირდება. ამ მატჩის დამატებითი ინტრიგა ის გახლავთ, რომ მასიმილიანო ალეგრის ყოფილ გუნდთან მოუწევს დაპირისპირება. ვერ ვიტყვით, რომ "კალიარი" კარგ ფორმაშია, მაგრამ ეს გუნდი საკუთარ კედლებში ყოველთვის სახიფათო მეტოქეა - ამაზე ამახვილებს ყურადრებას ალეგრი:

"სარდინიაზე თამაში ყოველთვის რთულია და ამის შესახებ შესანიშნავად ვუწყი. ამიტომ, თუ მოგება გვინდა, მაქიმალური კონცენტრაცია გვმართებს. ამას წინათ ვთქვი, რომ ახალ წელს პირველ ადგილზე უნდა შევხვდეთ და მჯერა, რომ ასეც იქნება. ფეხბურთელები შვებულებაზე ჯერ არ ფიქრობენ, წინ უმნიშვნერლოვანესი თამაში გვაქვს, რომელშიც აუცილებლად სამი ქულა უნდა ავიღოთ".

მოკლედ, ალეგრის პირველ ადგილზე სურს გადასვლა, ამისთვის კი საჭიროა, რომ "იუვენტუსს" უდინეში ფეხი დაუცდეს. "უდინეზე" რომ სერიოზული ძალაა და თანაც, საკუთარ მოედანზე, ეს ცხადზე უცხადესია და ამას თვით ანტონიო კონტე ათაზგის ადასტურებს:

"უკვე არ ვიცი რამდენჯერ ვთქვი, რომ მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტად "უდინეზეს" თამაში მომწონს. ამ გუნდს საოცარი სისწრაფით შეუძლია გადავიდეს დაცვიდან შეტევაში, რაც მათი მთავარი იარაღია. დაცვაში ყურადღებით გვმართებს თამაში, შეტევაში კი ისეთი კრეატიულები უნდა ვიყოთ, როგორც არასდროს. მხოლოდ ამ გზით შეიძლება უდინელთა მათსავე მოედანზე დამარცხება".

კონტე სავარაუდოდ 4-3-3 ტაქტიკას გამოიყენებს და ამჯერად, ცენტრალურ თავდამსხმელად ალესანდრო მატრის გაამწესებს. ფლანგებიდან ემანუელე ჯაკერინი და სიმონე პეპე გაირჯებიან, ფაბიო კვალიარელა და ალექს დელ პოერო კი ამჯერად თადარიგში დარჩებიან. რაც შეეხებათ ფრიულელებს, სრულ მზადყოფნაშა ანტონიო დი ნატალე, რომელიც ცენტრფორვარდის ფუნქციას შეასრულებს, უკნიდან კი მას სეხნია ფლორო ფლორესი დაეხმარება.

"ინტერი" საკუთარ მოედანზე "ლეჩეს" უმასპინძლებს და შეეცდება მიჯრით მოგებულ მატჩთა რიცხვი ოთხამდე გაზარდოს. კლაუდიო რანიერის თქმით, "ლეჩეს" ძლიერი მხარე თავდასხმაა, სუსტი დაცვა - ამიტომ, თამაში მეტოქის ნახევარზე უნდა გადავიტანოთ და ყველაფერი კარგად იქნებაო. ასე თქვა რანიერიმ და ალბათ გადაიტანენ კიდეც, რადგან აქეთ გამოღვეძებული "ინტერია", იქით კი ჩემპიონატის აუტსაიდერი, სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე მყოფი გუნდი.

"რომას" კიდევ ერთი რთული გასვლითი მატჩი ელის, მაგრამ სადაც "ნაპოლი" დაამარცხა ნეაპოლში, იქაც "ბოლონიასთან' უნდა მივიჩნიოთ ფავორიტად. ლუის ენრიკეს თქმით, მისი გუნდი თამაშიდან თამაშამდე უმატებს და რამდენად მართალია ეს სიტყვები, სწორედ "როსობლუსთან" პაექრობაში გამოჩნდება. ესპანელი ტაქტიკოსი შეტევაში ნაცად ტრიოს გამოიყენებს - "ბოლონიას" ტოტი, ოსვალდო, ლამელა შეუტევენ და ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმიდან. ერთი სიტყვით, წინ საკმაოდ საინტერესო ტური გველის, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება.

იტალია. სერია A. I ტური
დღეს:
სიენა-ფიორენტინა 21.00
ტრავმა: ვერგასოლა, ბელმონტე - ლიაიჩი, სალიფუ, კასანი, კროლდრუპი.

კალიარი-მილანი 23.45
დისკვალიფიკაცია: ლარივეი (კალიარი).
ტრავმა: გატუზო, აბატე, ფლამინი, კასანო, ნესტა, ძამბროტა, იეპესი (მილანი).

ხვალ:
უდინეზე-იუვენტუსი 21.00
დისკვალიფიკაცია: ბენეტია (უდინეზე).
ტრავმა: ბარეტო, ბადუ, კოდა - ვუჩინიჩი.

ატალანტა-ჩეზენა 23.45
დისკვალიფიკაცია: კომოტო (ჩეზენა).
ტრავმა: კაპელი, ბრიგი, ტირიბოკი - მარტინესი, კოლუჩი, მარტინიო.

ბოლონია-რომა 23.45
ტრავმა: კასეტი, ბორინი, კიაერი, ბურდისო, გაგო (რომა).

ინტერი-ლეჩე 23.45
დისკვალიფიკაცია: კაროციერი (ლეჩე).
ტრავმა: კივუ, ვივიანო, სნეიდერი, ჯონათანი - ოფერე, ჯანდონატო, ბენასი, მესბა, ბერტოლაჩი, ესპოზიტო, ჟულიო სერჟიო.

ლაციო-კიევო 23.45
ტრავმა: კონკო, ბროკი, დელ ნერო, მაკინვა, ბერარდი, მარკეტი, მაური - რიგონი.

ნაპოლი-ჯენოა 23.45
ტრავმა: ლავეცი - ბირსა, ბოვო, კუჩკა, ანტონელი, პალასაიო.

ნოვარა-პალერმო 23.45
დისკვალიფიკაცია: რიგონი - პინილია.
ტრავმა: ლისუძო - ზაჰავი, ცორვასი, ერნანდესი, პიზანო.

პარმა-კატანია 23.45
დისკვალიფიკაცია: პალეტა - დელვეკიო.
ტრავმა: ჯოვინკო - სუაზო, ბიაჯანტი.

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 15 9 6 0 26-10 33
2. მილანი 15 9 4 2 33-16 31
3. უდინეზე 15 9 4 2 20-9 31
4. ლაციო 15 8 5 2 24-13 29
5. ინტერი 15 7 2 6 18-18 23
6. ნაპოლი 15 5 6 4 23-17 21
7. რომა 15 6 3 6 19-19 21
8. ჯენოა 15 6 3 6 18-18 21
9. კატანია 15 5 6 4 17-20 21
10. პალერმო 15 6 2 7 16-18 20
11. კიევო 15 5 4 6 13-18 19
12. კალიარი 15 4 6 5 12-15 18
13. პარმა 15 5 3 7 18-23 18
14. ატალანტა 15 5 8 2 19-18 17
15. ფიორენტინა 15 4 5 6 15-15 17
16. ბოლონია 15 4 3 8 14-22 15
17. სიენა 15 3 5 7 14-16 14
18. ჩეზენა 15 3 3 9 7-16 12
19. ნოვარა 15 2 5 8 15-27 11
20. ლეჩე 15 2 3 10 16-29 9

შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა

ბომბარდირები
11 - დენისი (ატალანტა); 10 - დი ნატალე (უდინეზე), – იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 9 – კლოზე (ლაციო); 7 - ჯოვინკო (პარმა), კავანი (ნაპოლი), იოვეტიჩი (ფიორენტინა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული