ფრე ორივე გუნდისთვის მისაღები შედეგი იყო, ამასთან, ერთმანეთის პირისპირ ორი ისეთი გუნდი წარსდგა, რომლებსაც ყველაზე ნაკლები გოლი აქვთ გაშვებული მიმდინარე ჩემპიონატში - თუ ყველაფერ ამას გავითვალისწინებთ, ძალიან ლოგიკურად მოსჩანს, რომ ფრიულიზე გამართული მართლაც საინტერესო პაექრობა უგოლო ყაიმით დასრულდა.
მთელი შეხვედრის განმავლობაში, გუნდები უფრო საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ და შესაბამისად, სახიფათო მომენტები მცირე რაოდენობით შეიქმნა. ცალკეული ეპიზოდების აღწერით არ შეგაწყენთ თავს და სიტყვას პირდაპირ ანტონიო
"შედეგით კმაყოფილი ვარ, რადგან უდინეში ქულის მოპოვებაც კი საპატიოა. მართალია, ჩვენი მოსაგებად გავედით მოედანზე, მაგრამ ვერ მოგატყუებთ და ვერ ვიტყვით, რომ ფრემ ცუდ ხასიათზე დამაყენა. ასეთ შედეგს მოველოდი კიდეც, რადგან ჩვენი არ იყოს, მიმდინარე სეზონში "უდინეზეს" დაცვაც შესანიშნავად გამოიყურება. რაც შეეხება სეზონის პირველ ეტაპს, ამაზე მას შემდეგ ვისაუბროთ, როდესაც ჩემპიონატი ეკვატორს გადალახავს - სატურნირო ცხრილს ჯერ კიდევ არ ვუკირკიტებ, ერთი კი ნამდვილად მსიამოვნებს: "იუვე" ერთადერთი გუნდია ჩემპიონატში, რომელიც ჯერ არ დამარცხებულა".
უდინური ფრე ძალიან კარგი შანსი იყო "ლაციოსთვის", რომელსაც შეეძლო ლიდერებს კიდევ უფრო მიახლოვებოდა. ედუარდო რეიას გუნდმა "კიევოს" უმასპინძლა და ფავორიტადაც ითვლებოდა, მაგრამ... "ბიანკოჩელესტემ" მთლიანობაში ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა და ვერაფერი დააკლო კერკეტ მეტოქეს. მეტიც, სტუმრებს უკეთესი შანსები ჰქონდათ ანგარიშის გასახსნელად და თუ ვინმე გადაურჩა წაგებას, ეს უპირველესად "ლაციოზე" ითქმის. მართალია, ბოლო წუთებში რომაელებმა შტურმის მაგვარი მოუწყვეს ვერონელებს, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა და შედეგად, მასპინძლებმა უმნიშვნელოვანესი ორი ქულა დაკარგეს.
აქვე აღვნიშნოთ, რომ მორიგი უსუსური შეხვედრა ჩაატარა ჯიბრილ სისემ და ანტრაქტის შემდეგ, რეიამ ტომაზო როკით ჩაანაცვლა - მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე "ლაციოს" მთავარ მწვრთნელს ფრანგ ფორვარდზეც მოუხდა საუბარი: "თუ ასე გავაგრძელებთ, სამუელში კი არა, ათეულშიც ვერ მოვხვდებით. ფეხბურთელები ცოტა გადაღლილები მეჩვენნენ და თუ კი ეს მართლაც ასეა, ე.ი. ზამთრის პაუზას სულზე მოუსწრია. შესვენება ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ და სეზონი ოპტიმალურ კონდიციაში განვაახლოთ. გავუშვებთ თუ არა სისეს? - არავითარ შემთხვევაში, ფრანგი არ იყიდება და როგორც მინიმუმ სეზონის ბოლომდე ჩვენთან დარჩება".
"ინტერმა" საკუთარ მოედანზე "ლეჩეს" უმასპინძლა და მეტოქეს სულ ბრდღვირი ადინა. არადა, საწყის წუთებში უფრო სტუმრები აქტიურობდნენ და გახსნეს კიდეც ანგარიში, როდესაც მე-20 წუთზე მურიელის დარტყმამ მიზანს უწია. აი ამის შემდეგ კი მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა, "ინტერმა" ოთხი უპასუხო ბურთვი მიართვა მეტოქეს და მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. ფორვარდებიდან კლაუდიო რანიერის ჯამპაოლო პაცინიმ და დიეგო მილიტომ გაუმართლეს, აი დიეგო ფორლანმა კი პირველი ტაიმი უსახურად ჩაატარა და შესვენებისას სწორედ მილიტოთი შეიცვალა. "ინტერმა" ისეთი ტემპი აკრიფა, რომ რანიერიმ ზამთრის შესვენებაზე დაიჩივლა, რა დროს პაუზა იყოო - ვნახოთ, როგორ ფორმაში შეხვდება მილანური გრანდი სეზონის განახლებას.
კიდევ უფრო დიდი ანგარიშით გაიმარჯვა "ნაპოლიმ" და სამწუხაროდ, ნეაპოლური გუნდის მსხვერპლი "ჯენოა" გახდა. სამხრეთელებმა მეტოქეს არც მეტი, არც ნაკლები, ექვსი გოლი აგემეს და გენუელებს სულ თავბედი აწყევლინეს - სამწუხარო კი ის გახლავთ, რომ კახა კალაძეს არ ჰქონდა დისკვალიფიკაცია და ძირითად შემაგენლობაში ითამაშა.
ქართველი მცველი მეორე ტაიმში შეცვალეს, რის შემდეგაც სტუმრებმა კიდევ ერთი გოლი გაუშვეს.
თამაში რომ მასპინძელთა სრული ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა, ანგარიშიდანაც კარგად ჩანს. დუბლი მიითვალა აქტივში ედინსონ კავანიმ, ნამატჩევს კი პრესას შემდეგი განუცხადა:
"გაკვირვებული ვარ, რადგან სერია A-ში ძალიან იშვიათად ხდება, რომ ერთ შეხვედრაში ამდენი გოლი გაიტანო. როგორც ჩანს, ეს "ჯენოას" დღე არ იყო, ჩვენ კი ყველაფერი გამოგვივიდა და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. "ნოვარასთან" დაკარგული ქულების შემდეგ, გულშემატკივრებთან სარეაბილიტაციოდ გვქონდა საქმე და ბედნიერი ვარ, რომ მიზანს მივაღწიეთ".
ბოლოს, ორიოდე სიტყვით "რომას" შესახებ ვთქვათ, რომელიც "ბოლონიას" ესტუმრა და მეტოქე განსაკუთრებული პრობლემების გარეშე დაამარცხა. ლუის ენრიკეს გუნდისთვის ეს მიჯრით მეორე გასვლითი გამარჯვებაა და რაც მთავარია, რომაელები შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობენ. "ბოლონიას" კარში გოლები როდრიგო ტადეიმ და პაბლო ოსვალდომ გაიტანეს, რაც სრულიად საკმარისი არმოჩნდა იმისთვის, რომ სტუმრებს სამი ქულა ჩაეწერათ აქტივში.
ნამატჩევს, ლუის ენრიკემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს იყო მისი გუნდის საუკეთესო თამაში მიმდინარე სეზონში. ესპანელის თქმით, დროთა განმავლობაში "ჯალოროსი" კიდევ უფრო მოუმატებს.
სერია A. I (გამოტოვებული) ტური
სიენა-ფიორენტინა 0:0
კალიარი-მილანი 0:2
გოლები: 0:1 პიზანო (4-საკ. კარში), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (60).
უდინეზე-იუვენტუსი 0:0
ატალანტა-ჩეზენა 4:1
გოლები: 0:1 კანდრევა (12), 1:1 დენისი (17-პენ.), 2:1 მარილუნგო (18), 3:1 მარილუნგო (44), 4:1 პელუზო (71).
ბოლონია-რომა 0:2
გოლები: 0:1 ტადეი (17), 0:2 ოსვალდო (40).
ინტერი-ლეჩე 4:1
გოლები: 0:1 მურიელი (20), 1:1 პაცინი (34), 2:1 მილიტო (49), 3:1 კამბიასო (73), 4:1 ალვარესი (81).
ლაციო-კიევო 0:0
ნაპოლი-ჯენოა 6:1
გოლები: 1:0 კავანი (12), 2:0 ჰამშიკი (17), 3:0 კავანი (24), 3:1 ხორკერა (27), 4:1 პანდევი (45), 5:1 გარგანო (49), 6:1 ცუნიგა (80).
ნოვარა-პალერმო 2:2
გოლები: 0:1 ლუდი (20-საკ. კარში), 0:2 ბერტოლო (74), 1:2 მაძარანი (77), 2:2 რიგონი (84).
პარმა-კატანია 3:3
გოლები: 1:0 მოდესტო (5), 1:1 ალმირონი (21), 2:1 ბიაბიანი (23), 3:1 ფლოკარი (44), 3:2 ლოდი (74-პენ.), 3:3 კატელანი (85).
თ მ ფ წ ბ ქ
1. მილანი 16 10 4 2 35-16 34
2. იუვენტუსი 16 9 7 0 26-10 34
3. უდინეზე 16 9 5 2 20-9 32
4. ლაციო 16 8 6 2 24-13 30
5. ინტერი 16 8 2 6 22-19 26
6. ნაპოლი 16 6 6 4 29-18 24
7. რომა 16 7 3 6 21-19 24
8. კატანია 16 5 7 4 20-23 22
9. პალერმო 16 6 3 7 18-20 21
10. ჯენოა 16 6 3 7 19-24 21
11. ატალანტა 16 6 8 2 23-19 20
12. კიევო 16 5 5 6 13-18 20
13. პარმა 16 5 4 7 21-26 19
14. ფიორენტინა 16 4 6 6 15-15 18
15. კალიარი 16 4 6 6 12-17 18
16. სიენა 16 3 6 7 14-16 15
17. ბოლონია 16 4 3 9 14-24 15
18. ნოვარა 16 2 6 8 17-29 12
19. ჩეზენა 16 3 3 10 8-20 12
20. ლეჩე 16 2 3 11 17-33 9
შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა
ბომბარდირები
12 - დენისი (ატალანტა); 11 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 10 - დი ნატალე (უდინეზე); 9 - კლოზე (ლაციო), კავანი (ნაპოლი); 7 - ჯოვინკო (პარმა), ოსვალდო (რომა), იოვეტიჩი (ფიორენტინა).
მომდევნო ტური
7 იანვარი: სიენა-ლაციო, ინტერი-პარმა.
8 იანვარი: უდინეზე-ჩეზენა, ატალანტა-მილანი, ბოლონია-კატანია, კალიარი-ჯენოა, ლეჩე-იუვენტუსი, ნოვარა-ფიორენტინა, რომა-კიევო, პალერმო-ნაპოლი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"