ახალ წელს ახალი ლიდერით

AutoSharing Option
მართალია, სერია A-ს მიმდინარე გათამაშებას ეკვატორი ჯერ არ გადაულახავს, მაგრამ იტალიაში ზამთრის სკუდეტოს მფლობელად მაინც "მილანი" აღიარეს - ეს კი იმიტომ, რომ ასეთი ტროფეი უბრალოდ არ არსებობს და ნაკლებად მნიშვნელოვანია მე-16 ტურს მოჰყვება ჩემპიონატში ანტრაქტი, თუ მე-19-ს.

მოკლედ, ზამთრის სკუდეტო "მილანს" ეკუთვნის, თუმცა ჟურნალისტთა ნაწილის აზრით, მას "იუვენტუსი" უფრო იმსახურებდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ტურინული გრანდი ერთადერთი გუნდია ჩემპიონატში, რომელსაც ჯერ მარცხი არ განუცდია - მაშინ, როდესაც წაგებათა გრაფაში "მილანს" 2 უწერია. თანაც, ლიდერი თითქმის ყოველთვის "იუვე" გახლდათ და მხოლოდ
ბოლო ტურში დაუთმო პირველი ადგილი "მილანს"; ანუ, ახალ წელს სერია A ახალი ლიდერით შეხვდება; თუმცა, ერთზე ყველა უნდა შევთანხმდეთ: მთავარი არა ზამთრის სკუდეტო, არამედ ისაა თუ ვინ როგორ ფორმაში შეხვდება 2012 წელს და რა მოხდება სეზონის მეორე ნახევარში... იქამდე კი პირველი, ანუ გამოტოვებული ტურის შეჯამებას გავეცნოთ.

ტურის სიმბოლური ნაკრები
ბიძარი (ლაციო) - ტადეი (რომა), დომიცი (უდინეზე), ცეზარი (კიევო), პელუზო (ატალანტა) - ჰამშიკი (ნაპოლი), ლოდი (კატანია), ალვარესი (ინტერი) - კავანი (ნაპოლი), მარილუნგო (ატალანტა), იბრაჰიმოვიჩი (მილანი).

გასაგებია, რომ "ჯენოასთან" პაექრობაში მარეკ ჰამშიკი შემტევი ნახევარმცველი იყო და არა საყრდენი, მაგრამ სიმბოლურ ნაკრებზე გვაქვს საუბარი და მივცეთ თავს უფლება, სლოვაკი ცოტა უკან ჩავაჩოჩოთ, საკუთარი კარისკენ. მოკლედ, ნახევარდაცვით დავიწყეთ და ბარემ ვთქვათ, რომ რჩეულ ფეხბურთელთა შორის ჰამშიკთან ერთად, ლოდი და ალვარესი მოხვდნენ, პირველმა "პარმასთან" გაიბრწყინა, ხოლო მეორემ "ლეჩესთან".

დაცვაში ტადეის, დომიცის, ცეზარს და პელუზოს ვხედავთ - პირველი სამეულის გუნდებმა: "რომამ', "უდინეზე" და "კიევომ" კარი მშრალად შეინახეს, მეოთხემ კი "ატალანტას" რიგებში გატანილი გოლითაც კი გამოიჩინა თავი.

ბერგამიული გუნდის ფორვარდიც გვყავს რჩეულებს შორის: მარილუნგო, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ "ჩეზენასთან" პაექრობაში; ედინსონ კავანიმ და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კი ჩვეული თამაში აჩვენეს და კიდევ ერთხელ დაგვანახვეს, რომ სუპერვარსკვლავები არიან.

ტურის გმირი
ტურის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა "ნაპოლის" მიერ "ჯენოას" განადგურება გახლდათ და გმირიც სწორედ ამ მატჩიდან შეირჩა. ედინსონ კავანიმ მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და გენუელთა რბევაში ლომის წილი დაიდო, რაზეც მის მიერ გატანილი ორი გოლი ნათლად მეტყველებს. ამასთან, სხვა საგოლე კომბინაციებშიც მიიღო მონაწილეობა და მთლიანობაში, ძალიან პროდუქტიული გახლდათ. ნამატჩევს, ურუგვაელმა ფორვარდმა შემდეგი განაცხადა:

"გენუელებთან შესრულებულ დუბლს, სიამოვნებით გავცვლიდი "ნოვარასთან" ერთ გოლზე, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთია ფეხბურთი და არსებულ რეალობას უნდა შევურიგდეთ. "ჯენოასთან" მართლაც ყველაფერი გამოგვივიდა და იმაზე მეტი გავიტანეთ, ვიდრე წარმოგვედგინა. ამ გამარჯვებამ საკუთარი თავის რწმენა გაგვიმტკიცა და იმედი მაქვს, ტემპს არც სეზონის განახლების შემდეგ დავაგდებთ".

ტურის ფრაზა
ხავიერ ძანეტი (ინტერის კაპიტანი): "აი ეს უკვე სულ სხვა ამბავია, პირველად ამ სეზონში, სატურნირო ცხრილს ჩავხედე და არ შემეშინდა".

გლობალური სტატისტიკა
საუკეთესო დასწრება:
X ტური, ინტერი-იუვენტუსი, 75 000 გულშემატკივარი

ყველაზე დაბალი დასწრება:
II ტური, კიევო-ნოვარა, 7 000 გულშემატკივარი

ყველაზე დიდი საშინაო გამარჯვება:
ნაპოლი-ჯენოა 6:1 (I ტური).

ყველაზე დიდი საგარეო გამარჯვება:
ინტერი-ნაპოლი 0:3 (VI ტური), კალიარი-ლაციო 0:3 (X).

ყველაზე უხვგოლიანი თამაში:
პალერმო-ინტერი 4:3 (II ტური), ლეჩე-მილანი 3:4 (VIII), ნაპოლი-ჯენოა 6:1 (I).

სერიები
მოგება: ინტერი - 4 თამაში
წაგება: კალიარი, ბოლონია, ჩეზენა - 2
წაუგებლად: იუვენტუსი - 16
მოუგებლად: სიენა - 7

გუნდური სტატისტიკა
საუკეთესო თავდასხმა: 35 გოლი - მილანი; 29 - ნაპოლი; 27 - იუვენტუსი.
საუკეთესო დაცვა: 9 გაშვებული - უდინეზე; 11 - იუვენტუსი; 13 - ლაციო.
უარესი თავდასხმა: 8 გოლი - ჩეზენა; 12 - კალიარი; 13 - კიევო.
უარესი დაცვა: 33 გაშვებული - ლეჩე; 29 - ნოვარა; 26 - პარმა.
ზუსტი გადაცემები: 9140 - მილანი; 8345 - იუვენტუსი; 8073 - რომა.
კარის მიმართულებით დარტყმები: 285 - იუვენტუსი; 255 - ინტერი; 246 - რომა.
კარში დარტმები: 105 - იუვენტუსი; 90 - მილანი; 79 - კატანია.

ინდივიდუალური სტატისტიკა
ბომბარდირები:
12 - ხერმან დენისი (ატალანტა); 11 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 10 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 9 - მიროსლავ კლოზე (ლაციო), ედინსონ კავანი (ნაპოლი); 7 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა), სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა).

ასისტენტები:
7 - ანტონიო კასანო (მილანი); 6 - ალბერტო აკვილანი (მილანი), მირალემ პიანიჩი (რომა); 5 - ჯიბრილ სისე (ლაციო); 4 - როდრიგო პალასიო (ჯენოა), გასტონ რამირესი (ბოლონია), ხუან მანუელ ვარგასი (ფიორენტინა).

ზუსტი პასები
1130 - ანდრეა პირლო (იუვენტუსი); 1122 - დანიელე დე როსი (რომა); 1102 - კრისტიან ლედესმა (ლაციო); 1009 - მიგელ ველოზო (ჯენოა); 1007 - ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი); 955 - ტიაგო სილვა (მილანი);.

კარის მიმართულებით დარტყმები
71 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 65 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 58 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 51 - ადრიან მუტუ (ჩეზენა); 48 - ერნანესი (ლაციო), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი), ედინსონ კავანი (ნაპოლი).

კარში დარტყმები
30 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 24 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 21 - ხერმან დენისი (ატალანტა); 19 - ედინსონ კავანი (ნაპოლი), ადრიან მუტუ (ჩეზენა); 17 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა), მარკო რიგონი (ნოვარა).

ჯარიმები
42 - ვალონ ბერამი (ფიორენტინა), ჯამპიერო პინცი (უდინეზე); 41 - მაქსი ლოპესი (კატანია), ლუკა ჩიგარინი (ატალანტა), პანაიოტის კონე (ბოლონია); 40 - ხუან კუადრადო (ლეჩე); 38 - ხერმან დენისი (ატალანტა); 37 - სტეფანო მორონე (პარმა), დანიელე კონტი (კალიარი).

ციფრები და ფაქტები
- ბოლოს "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე 6 გოლი 2000 წელს გაიტანა, მაშინ ნეაპოლელებმა "რეჯინა" გაანადგურეს, 6:2.
- კრისტობალ ხორკერამ "ჯენოადან", რიკი ალვარესმა "ინტერიდან", ანდრეა მაძარანიმ "ნოვარადან" და ანდრეა კატელანიმ "კატანიადან" პირველი გოლები გაიტანეს სერია A-ში;
- "უდინეზე" ბოლო გუნდი იყო სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, რომელსაც საკუთარ მოედანზე ყველა თამაში ჰქონდა მოგებული;
- "უდინეზემ" მეათე შეხვედრაში შეინახა საკუთარი კარი ხელშეუხებლად, "იუვესთვის" ეს მერვე მშრალი მატჩი იყო;
- "ფიორენტინა" კვლავაც ვერ ახერხებს გასვლაზე გამარჯვების მოპოვებას;
- "მილანს" 1998 წლის შემდეგ არ წაუგია "კალიარისთან";
- ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მე-200 შეხვედრა ჩაატარა სერია A-ში და 105-ე გოლი გაიტანა. ამასთან, ბოლო 7 თამაშია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს, სულ კი 16 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი; ასეთი შედეგი "მილანის" ფეხბურთელებს შორის ბოლოს ანდრეი შევჩენკოს ჰქონდა 2004/2005 წლების სეზონში;
- "რომამ" მიჯრით მესამე გასვლითი თამაში მოუგო "ბოლონიას", თანაც ისე, რომ გოლი არ აქვს გაშვებული;
- "ინტერის" ფეხბურთელებმა "ლეჩესთან" პაექრობაში ოთხჯერ გაარტყეს ბურთი ძელს; ბოლოს, ასეთი რამ 2008 წელს, "კალიარი"-"ლივორნოს" შეხვედრაში მოხდა. მაშინ სარდინიელებს არ უმართლებდათ დამაგვირგვინებელ ფაზაში;
- "ლაციოს" "კიევოსთან" 10 საშინაო შეხვედრა აქვს ჩატარებული და იქიდან მხოლოდ 1 მოგებული;
- "ნოვარა" ერთადერთი გუნდია სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, რომელსაც ყველა მატჩში გოლი აქვს გაშვებული;
- "პარმას" 20 ნოემბრის შემდეგ აღარ მოუგია: 5 ფრე და 1 მარცხი;

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. მილანი 16 10 4 2 35-16 34
2. იუვენტუსი 16 9 7 0 26-10 34
3. უდინეზე 16 9 5 2 20-9 32
4. ლაციო 16 8 6 2 24-13 30
5. ინტერი 16 8 2 6 22-19 26
6. ნაპოლი 16 6 6 4 29-18 24
7. რომა 16 7 3 6 21-19 24
8. კატანია 16 5 7 4 20-23 22
9. პალერმო 16 6 3 7 18-20 21
10. ჯენოა 16 6 3 7 19-24 21
11. ატალანტა 16 6 8 2 23-19 20
12. კიევო 16 5 5 6 13-18 20
13. პარმა 16 5 4 7 21-26 19
14. ფიორენტინა 16 4 6 6 15-15 18
15. კალიარი 16 4 6 6 12-17 18
16. სიენა 16 3 6 7 14-16 15
17. ბოლონია 16 4 3 9 14-24 15
18. ნოვარა 16 2 6 8 17-29 12
19. ჩეზენა 16 3 3 10 8-20 12
20. ლეჩე 16 2 3 11 17-33 9

შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა

მომდევნო ტური
7 იანვარი: სიენა-ლაციო, ინტერი-პარმა;
8 იანვარი: უდინეზე-ჩეზენა, ატალანტა-მილანი, ბოლონია-კატანია, კალიარი-ჯენოა, ლეჩე-იუვენტუსი, ნოვარა-ფიორენტინა, რომა-კიევო, პალერმო-ნაპოლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული