ტოტი ხასიათზე მოვიდა და "რომადან" აღარ მიდის

AutoSharing Option
ერთ-ერთ წინა ნომერში გაუწყეთ იმის შესახებ, რომ დიდია შანსი სეზონის ბოლოს ფრანჩესკო ტოტიმ ”რომა” დატოვოს და კარიერა რომელიმე სხვა გუნდში გააგრძელოს.

ამის შესახებ თვით ”პუპონემ” განაცხადა და დასძინა, პრემიერლიგაში ასპარეზობაზე უარს არ ვიტყოდიო, მაგრამ... გავიდა ხანი, ”რომამ” მიჯრით მოიგო შეხვედრები და გუნდში ატმოსფერო საგრძნობლად გაუმჯობესდა - ამაში ტოტის სიტყვები ნათლად დაგარწმუნებთ, რომელიც ”გაძეტა დელო სპორტში” გამოქვეყნდა:

”ბოლო ორმა გამარჯვებამ დაგვანახა, რომ სწორ გზას ვადგავართ და ასევე უნდა გავაგრძელოთ. შესანიშნავი მატჩები იყო, რომლებშიც მეტოქეებს აშკარად ვაჯობეთ და უმნიშვნელოვანესი ქულები ჩავიწერეთ აქტივში.

გადავიფიქრე თუ არა ”რომადან” წასვლა? - ჩემი ინიციატივით ”ჯალოროსის” არასდროს დავტოვებ, ეს ადრეც არაერთხელ მითქვამს და იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრჯერ ვიტყვი. ბოლო პერიოდში, გუნდის სამწვრთნელო შტაბისგან დიდ ნდობას ვგრძნობ, რაც ძალინ მახარებს და ოპტიმიზმს მიღრმავებს. ასე რომ, არსად წასვლაზე არ ვფიქრობ.

პრემიერლიგა? - შესანიშნავი ჩემპიონატია და სიამოვნებით მოვსინჯავდი ძალებს, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. ასეთივე წარმატებით შემიძლია ვთქვა, რომ ვიქნებოდი მაგალითად ჟოზე მოურინიოს შეგირდი, რომელზეც უამრავი კარგი რამ მსმენია; მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩემი ნებით, ”რომადან” წასვლას არ ვაპირებ”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული