რჩეულნი რჩეულთა შორის

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე ჩემპიონატი ეკვატორს სამი ტურის შემდეგ გადალახავს, თუმცა იტალიელები პირველ წრეს უკვე აფასებენ.

მიზეზი მარტივია, ჩემპიონატში ზამთრის შესვენება გამოცხადდა და ყველაზე კარგი დროა იმისთვის, რომ განვლილი ბატალიები გააანალიზო, შეაჯამო და დასკვნები გამოიტანო. დღეს, იმ თერთმეტ ფეხბურთელზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას, რომლებმაც თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინეს. მოკლედ, თქვენს წინაშეა ნაკლული პირველი წრის სიმბოლური ნაკრები...

მეკარე
სამირ ჰანდანოვიჩი (უდინეზე)
სერია A-ს მაღალი კლასის მეკარეები არასდროს აკლდა და გამონაკლისი არც მიმდინარე გათამაშებაა. ტრადიციულად, ბრწყინვალე იყო ჯანლუიჯი ბუფონი, შესანიშნავ ფორმაშია მორგან დე სანკტისი
და არც მარტენ სტეკელენბურგს დაეწუნება რამე, მაგრამ საუკეთესო მაინც სამირ ჰანდანოვიჩი გახლავთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, "უდინეზეს" ყველაზე ცოტა, ცხრა გოლი აქვს გაშვებული და იქიდან მხოლოდ ორი საკუთარ მოედანზე. ამასთან, სამირმა ათჯერ შეინახა კარი მშრალად, რაც მართლაც რომ საოცარი შედეგია. მოკლედ, ბრავო ჰანდანოვიჩს, მან მართლაც დაიმსახურა ადგილი რჩეულ ფეხბურთელებს შორის.

მარჯვენა მცველი
კრისტიან მაჯო (ნაპოლი)
მართალია, ეროვნულ ჩემპიონატში "ნაპოლის" ისე კარგად ვერ მისდის საქმეები, როგორც ეს ნეაპოლელებს სურთ, მაგრამ ამაში კრისტიან მაჯო ყველაზე ნაკლებად არის დამნაშავე. იტალიის ნაკრების განაპირა მცველი თითქმის ყველა შეხვედრაში უშეცდომო გახლდათ და პრესისგანაც უმაღლეს შეფასებებს იღებდა. რამდენიმე შეხვედრაში სულაც საუკეთესო იყო "ნაპოლის" შემადგენლობაში, რამდენჯერმე კი ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. მოკლედ, მაჯომ ჩვეულად ირბინა მარჯვენა ფრთაზე და მისი ამპლუის ფეხბურთელებს შორის მართლაც რომ გამორჩეული გახლდათ.

ცენტრალური მცველი
ტიაგო სილვა (მილანი)
ალესანდრო ნესტას ტრავმების, მარიო იეპესის და დანიელე ბონერას გადამკიდე, "მილანის" დაცვა ხშირად არც თუ დამაჯერებლად გამოიყურება და რომ არა ტიაგო სილვას უმაღლესი კლასი, ასეთი უკანა ხაზით "როსონერის" ძალიან გაუჭირდებოდა სკუდეტოსთვის ბრძოლა. ბრაზილიელი აბსოლუტურად ყველა შეხვედრაში მოწოდების სიმაღლეზე გახლდათ და ხშირად, პარტნიორებსაც აზღვევდა. როდესაც ნესტა მწყობრშია, ტიაგოს შედარებით ნაკლები ჯაფა ადგას, მაგრამ აი თუ ბონერა შეუწყვილდა, ან იეპესი, იქ იწყება მისი საცოდაოება. ნებისმიერ შემთხვევაში, ბრაზილიელის ბრწყინვალე ასპარეზობა თვალშისაცემია და შედეგად, ისიც რჩეულთა შორისაა.

ცენტრალური მცველი
უგო კამპანიარო (ნაპოლი)
ტიაგო სილვას ნეაპოლელი უგო კამპანიარო შევუწყვილეთ, რომელმაც სეზონის პირველი ნახევარი შესანიშნავად განვლო და თავისი გუნდის ყველაზე საიმედი მცველად ჩამოყალიბდა. ადრე, ამ მხრივ ყველაზე გამორჩეული პაოლო კანავარო გახლდათ, მაგრამ ბოლო დროს, მასზე უკეთ სწორედ კამპანიარო გამოიყურება. უგომ დიდ კონკურენციაში მოიპოვა ადგილი სიმბოლურ ნაკრებში, მან ტურინის "იუვენტუსის" ორ უკანახაზელს: ჯორჯო კიელინის და ანდრეა ბარცალის აჯობა, რაც თავისთავად საპატიოა და ყველაფერზე მეტყველებს.

მარცხენა მცველი
სენად ლულიჩი (ლულიჩი)
როდრიკო ტადეი რომ ბევრად უფრო ადრე დაეყენებინა ლუის ენრიკეს მარცხენა მცველის პოზიციაზე, ბრაზილიელი სიმბოლურში ალბათ არავის დაუთმობდა ადგილს, მაგრამ ამ შემთხვევაში, არჩევანი "ლაციოს" ბოსნიელ ლეგიონერზე, სენად ლულიჩზე შეჩერდა. ბალკანელმა კარგად ისარგებლა რუმინელი რადუს დაშავებით, "ბიანკოჩელესტეს" ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი და შესანიშნავი თამაშით დაგვამახსოვრა თავი. უშუალო მოვალეობის შესრულების გარდა, ძალიან კარგად ერთვება შეტევებშიც და გოლიც არაერთი გაიტანა. მოკლედ, ლულიჩი გამორჩეული იყო და დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ რომაული გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

საყრდენი ნახევარმცველი
დანიელე დე როსი (რომა)
როდესაც გუნდს დასჭირდა, დანიელე დე როსიმ ცენტრალურ მცველად ითამაშა და იქაც საუკეთესოდ წარმოჩინდა. დიახ, სწორედ მაშინ, როდესაც მისთვის უჩვეულო ფუნქციების შესრულება მოუხდა, ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა მისი უმაღლესი საშემსრულებლო ოსტატობის და პროფესიონალიზმის. თუმცა, შეხვედრების აბსოლუტური უმრავლესობა ტრადიციულ ადგილზე, საყრდენად ჩააყარა და ასევე ტრადიციულად, მოწოდების სიმაღლეზე გახლდათ. დანიელე დე როსი ფრანჩესკო ტოტისთან ერთად "რომას" სული და გულია, ლუის ენრიკეს პროექტში კი მას დიდი როლი აკისრია.

ცენტრალური ნახევარმცველი
კევინ პრინს ბოატენგი (მილანი)
კევინ პრინს ბოატენგი ხშირად გამთამაშებლის პოზიციაზე ასპარეზობს, მაგრამ მისი თამაშის სტილიდან გამომდინარე, უფრო კლასიკური ნახევარმცველია, ვიდრე პლეიმეიქერი და დირიჟორი. ამიტომ, მას შუა ხაზში მივუჩინეთ ადგილი, იქ, სადაც თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. ბოატენგი რომ საოცარ სეზონს ატარებს, ჩვენი თქმა არ სჭირდება - "მილანის" ერთ-ერთ ლიდერად ყალიბდება, ეს კი სახუმარო საქმე ნამდვილად არ გახლავთ. მასიმილიანო ალეგრიმ ნახევარდაცვის გაახალგაზრდავებაზე გააკეთა აქცენტი, შუა ხაზი უფრო მობილური და მოძრავი გახადა, ვიდრე ეს ლეონარდოს, ან გნებავთ კარლო ანჩელოტის დროს იყო და ამ პროცესში ბოატენგს ფუნდამენტური როლი დაეკისრა. ბოას საუკეთესო მატჩი უდავოდ "ლეჩესთან" ჰქონდა - მაშინ ჩაერთო თამაშში, როდესაც "მილანი" 3:0-ს აგებდა, ჰეთთრიკი შეასრულა და საბოლოოდ, ლომბარდიელებმა საოცარი გამარჯვება მოიპოვეს. ბოატენგი რა თქმა უნდა იმსახურებს ადგილს რჩეულ ფეხბურთელებს შორის.

ცენტრალური ნახევარმცველი
კლაუდიო მარკიზიო (იუვენტუსი)
სადაც კევინ პრინც ბოატენგი ყალიბდება "მილანის" ლიდერად, იქაც კლაუდიო მარკიზიოა "იუვენტუსისთვის" უდიდესი ძალა. ამპლუით ნახევარმცველს უკვე ექვსი გოლი აქვს გატანილი, რაც დაგვეთანხმებით, შესაშური შედეგია. კლაუდიო ყველაგანაა, სადაც გუნდს სჭირდება: დაცვაში, ნახევარდაცვაში, თავდასხმაში და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თუ საჭირო გახდა, კარშიც ძალიან კარგად ჩადგება. თამამად შეიძლებას ითქვას, რომ ეს სეზონი მარკიზიოსთვის საუკეთესოა კარიერაში.

თავდამსხმელი
ხერმან დენისი (ატალანტა)
16 თამაშში გატანილი 12 გოლი ყველაფერზე ნათლად მეტყველებს და გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ხერმან დენისი ნამდვილად იმსახურებს პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრას. დენისი ისეთივე აღმოჩენაა მიმდინარე ჩემპიონატის, როგორიც მისი "ატალანტა". რომ არა დაკლებული ექვსი ქულა, ბერგამოული გუნდი მეხუთე-მექვსე ადგილზე იქნებოდა "ინტერთან" ერთად, ამაში კი ლომის წილი სწორედ დენისს მიუძღვის. არგენტინელი ფორვარდი გაჩერებას არ აპირებს და იქადნება, რომ "გოლეადა" 2012 წელსაც გაგრძელდება.

თავდამსხმელი
ედინსონ კავანი (ნაპოლი)
ხერმან დენისისგან განსხვავებით, ედინსონ კავანის შესანიშნავი თამაში ნამდვილად არ არის სიურპრიზი. ურუგვაელი ფორვარდი კვლავაც გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალაა, მეტოქე მცველებისთვის კი ნამდვილი რისხვა. რამდენიმე შეხვედრაში გადაღლილი ჩანდა, რაც ორ ფრონტზე ბრძოლით გახლდათ გამოწვეული, მაგრამ მთლიანობაში, მაინც საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა. შთამბეჭდავად იასპარეზა ბოლო ტურში, როდესაც "ჯენოას" ორი გოლი გაუტანა და მეტოქის უმოწყალო რბევაში ლომის წილი დაიდო.

თავდამსხმელი
მიროსლავ კლოზე (ლაციო)
მესამე ფორვარდი მიროსლავ კლოზე გახლავთ და არა ვთქვათ ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც ბომბარდირთა დავაში ხერმან დენის უდგას კუდში და ასევე შესანიშნავად ასპარეზობს. დიახ კლოზე, რადგან ის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშეა "ბიანკოჩელესტესთვის", ვიდრე იგივე ზლატანი "როსონერისთვის". ვეტერანი გერმანელი ბრწყინვალედ ჩაეწერა ახალ გუნდში, მალევე აუღო ალღო იტალიურ ფეხბურთს და ისე ათამაშდა, როგორც მას სჩვევია და როგირც გერმანიის ეროვნული ნაკრებიდან ვიცნობთ. მირო რომაული გუნდის ახალი ლიდერია და ყველანაირი ყოყმანის გარეშე ვიტყვით:, რომ მის გარეშე "ლაციო" არ იქნებოდა იქ, სადაც დღესაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული