ცუდიც, კარგიც და სახალისოც

AutoSharing Option
სულ ცოტაც და 2011 ისტორიის საკუთრება გახდება, წელი, რომელმაც იტალიურ ფეხბურთს ბევრი საფიქრალი დაუტოვა...

ცუდი
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სერია A-მ ევროპულ საკლუბო რეიტინგში ვარდნა განიცადა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხე საგზური გერმანიას გადაულოცა.

სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "კალჩოპოლი" ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ოპტიმისტურად, რომ ვთქვათ, იტალიური ფეხბურთი ჯერაც არ არის ბოლომდე გაწმენდილი.

აპენინური ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის წლის ბოლოს ბევრი უსიამოვნო ამბავი მოხდა, რომელთაგან რამდენიმე შეგვიძლია გამოვარჩიოთ - მაგალითად ის, რომ ანტონიო კასანო და ჯუზეპე როსი კარგა ხნით ჩამოშორდნენ ფეხბურთს და
სავარაუდოდ, ვერც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

კარგი
უმჯობესია დღეს უარყოფითზე მეტი აღარ ვთქვათ და დადებით მოვლენებზე გავამახვილოთ ყურადღება. მაგალითად, იმაზე, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მერვედფინალურ ეტაპზე, იტალიას ყველაზე მეტი, სამი გუნდი ჰყავს შემორჩენილი, ეს კი შეიძლება საწინდარი გახდეს საკლუბო რეიტინგში მესამე ადგილის დაბრუნების.

არ შეიძლება დავივიწყოთ ის, რომ ტურინის "იუვენტუსმა" ახალი სტადიონი გახსნა და ამით, იტალიურ ფეხბურთში ახალ ერას დაუდო სათავე - 2014 წლამდე ახალი სტადიონი კიდევ რამდენიმე გუნდს ექნება, რაც აუცილებლად აამაღლებს საერთო საფეხბურთო დონეს.

სერია A-ს შეხვედრებზე გულშემატკივართა რაოდენობამ საგრძნობლად იმატა, რაც როგორც ჩასნს, კონკურენციის გაზრდით გახლავთ განპირობებული. აუცილებლად უნდა ვთქვათ იტალიის ეროვნულ ნაკრებზე, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი წარმატებით დაძლია და 2012 წელს უკრაინა-პოლონეთში იასპარეზებს.

წლის გუნდი და ფეხბურთელი
მიუხედავად იმისა, რომ სერია A-ს 2010/2011 წლების სეზონი "მილანის" გამარჯვებით დასრულდა, წლის გუნდად "ნაპოლი" უნდა ვაღიაროთ.

მართალია, "როსონერის" კარგა ხანი არ ჰქონდა სკუდეტო მოგებული და მასიმილიანო ალეგრის თავკაცობით ნავსი გატეხა, მაგრამ ასეა თუ ისე, ლომბარდიული გრანდის საჩემპიონო ტიტული არავის გაკვირვებია. "მილანი" იმის "მილანია", რომ ყველაზე ცუდ შემთხვევაში, შვიდ წელიწადში ერთხელ მაინც მოიგოს სკუდეტო; აი, ნეაპოლელთა აღმასვლა კი უდავოდ ყველაზე გამოსარჩევი მოვლენაა.

რაც შეეხება წლის ფეხბურთელს, ეს წოდება უდავოდ ედინსონ კავანის ეკუთვნის, რომელიც წლის გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა გახლავთ. გასულ სეზონში, ბომბარდირთა შორის მეორე იყო ანტონიო დი ნატალეს შემდეგ და წელსაც იბრძვის საუკეთესო გოლეადორის ტიტულისთვის. ამასთან, შესანიშნავად გაისარჯა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, რომელიც ნეაპოლურმა გუნდმა წარმატებით დაძლია.

წლის ყველაზე იმედისმომცემი
ლუის ენრიკე ახალ "რომას" ქმნის, რომელიც ისევე უნდა ათამაშდეს, როგორც კატალონიური "ბარსელონა" და შემდეგ, ისევე მოიგოს ტიტულები, როგორც ამას პეპ გვარდიოლას გუნდი აკეთებს. ესპანელი სპეციალისტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ჩადის ფსონს, რომლებსაც კარიერის საუკეთესო წლები წინ აქვთ... ერთ-ერთი ასეთთაგანი ერიკ ლამელაა, რომელიც გასულ ზაფხულს "რომამ" არგენტინული "რივერ პლეიტიდან" გადაიბირა და დღეს, მასზე უდიდეს იმედებს ამყარებს - სრულიად ლოგიკურადაც, რადგან ერიკმა უკვე დაგვანახა, რომ უნიჭიერესი მოთამაშეა და თუ ბევრს იშრომებს, მწვერვალების დაპყრობა შეუძლია.

ფრანჩესკო ტოტიმ უკვე განაცხადა, რომ ერიკ ლამელაში თავის მემკვიდრეს ხედავს - ეს თემა იტალიელმა ჟურნალისტებმა უმალ აიტაცეს და მას ახალი "პუპონე" შეარქვეს. არგენტინაში კი ლამელას, ისევე როგორც ყველა ნიჭიერ ფეხბურთელს დიეგო მარადონასა და გაბრიელ ბატისტუტას ადარებენ, თანაც ერთდროულად.

წლის ყველაზე სტაბილური
არა თუ წლის, მინიმუმ ბოლო ათწლეულის ყველაზე სტაბილური ფეხბურთელი ხავიერ ძანეტია, რომელიც უკვე "ინტერის" ლეგენდაა და გულშემატკივართა განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს.

თუმცა, ყველაფერს აქვს საზღვარი და ბოლო დროს, ხავიერს კრიტიკოსები მოუმრავლდნენ, რომლებსაც უბრალოდ მობეზრდათ ამ ფეხბურთელის ყურება... დიახ, მობეზრდათ, რადგან ძანეტი არასდროს უშვებს შეცდომებს, მუდმივად ერთ სტილში ირჯება და ყოველთვის სამაგალითო პროფესიონალია... მეტიც, ის ვიზუალურადაც არ იცვლება და დღესაც ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც 15 წლის წინ.

იტალიელ გულშემატკივართა აბსოლუტური უმეტესობა კატეგორიულად მოითხოვს, რომ ძანეტიმ იმიჯი მაინც შეიცვალოს: წვერი მოუშვას, ბლანჟე გაიკეთოს, ან სულაც თავი გადაიპარსოს... ამ საკითხზე კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა და შემდეგი განაცხადა:
"თავი გადავიპარსო? - ეს მხოლოდ ბრაზილიელების საქმეა, რადგან მათ თავის განსაკუთრებული ფორმა აქვთ. ჩვენ, არგენტინელებს თმა უფრო გვიხდება და თქვენის ნერბართვით, ყველაფერს უცვლელად დავტოვებ".

წლის ყველაზე გემოვნებიანი და უგემოვნო
სუფთა საფეხბურთო თემატიკას გავცდით და უმჯობესია, ასევე გავაგრძელოთ. იტალიელმა ჟურნალისტებმა ყველაზე გემოვნებიანი და უგემოვნო ადამიანები გამოავლინეს, რომლებიც რა თქმა უნდა ფეხბურთში მოღვაწეობენ. ჯერ მათზე ვთქვათ, ვინც მოდის მიმდევართა მოწონება დაიმსახურა, შემდეგ კი პირიქით...

წლის ყველაზე გემოვნებიან ფეხბურთელად კევინ პრინს ბოატენგი დასახელდა, რომელიც აქტიურად მისდევს მოდას და ყოველთვის კარგად იმოსება. ბოლო დროს, განელი პოდიუმზეც ხშირად ჩნდება და არ არის გამორიცხული, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, სწორედ ამ პროფესიას მიჰყოს ხელი. ამასთან, კევინი ძალიან კარგად ცეკვავს და მღერის, რაშიც ყველაზე ნათლად მაშინ დავრწმუნდით, როდესაც "მილანმა" სკუდეტო მოიგო, ბოატენგმა კი მაიკლ ჯექსონის ცეკვა შეასრულა.

იტალიელები სერია A-ს გაცდნენ და შორეულ ინგლისში გამონახეს თანამემამულე, თანაც ისეთი, რომლის არსებობაც ბევრს მივიწყებული ჰქონდა - ლაპარაკია კარლო კუდიჩინიზე, რომელიც მთელ ალბიონზე ცნობილია, როგორც ძალიან კარგი ჩამცმელი და მოდის მიმდევარი. ძირითადად, კუდიჩინი სწორედ ბუტიკებში სიარულით არის დაკავებული, თორემ თამაში პრაქტიკულად არც უწევს. იტალიელმა ჟურნალისტებმა კარლოს ფეხბურთის ანა კურნიკოვა უწოდეს, რომელიც კუდიჩინის არ იყოს, თამაშის გარდა, ყველაფერს აკეთებდა.

კიდევ უფრო საინტერესო გახლდათ თუ ვინ გაიმარჯვებდა უგემოვნოთა ნომინაციაში და აქ პირველობა ესტებან კამბიასომ არავის დაუთმო.

პრინციპში, ხავიერ ძანეტი აბსოლუტურად მართალი გახლდათ, როდესაც ამბობდა, რომ არგენტინელებს თმა უფრო უხდებათ, ვიდრე უთმობა... თუმცა, მელოტიც არის და მელოტიც - რთული წარმოსადგენია თუ როგორ ახერხებს კამბიასო დარჩენილი თმის ასე არაეფექტურად გამოყენებას - კარგი იქნება თუ 2012 წელს მაინც აიყვანს იმიჯმეიკერს და ვარცხნილობას შეიცვლის. თუმცა, მხოლოდ ვარცხნილობას არა - მისი ჩაცმის სტილიც აშკარად შესაცვლელია.

წლის ჩავარდნა
2011 წელი ყველაზე ცუდი არა რომელიმე ფეხბურთელისთვის, მწვრთნელისთვის, ან გნებავთ კლუბისთვის, არამედ ლაბორატორიისთვის გახლდათ... დიახ, "მილანი" ყოველთვის ამაყობდა სამედიცინო ლაბორატორიით, რომელიც "მილანლაბის" სახელითაა ცნობილი და სადაც ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით მკურნალობენ ფეხბურთელებს.

შედეგად, თითოეულ შეხვედრაში მასიმილიანო ალეგრის მინიმუმ რვა-ცხრა მოთამაშე აკლია. მეტიც, 2011 წელს "როსონერი" მრავალ უბედურებას გადაურჩა: ჯენარო გატუზო ერთ-ერთი ვარჯიშისას ლამის დაბრმავდა და დღემდე თვალის მკურნალობა უწევს; კასანოს დაავადების შესახებ კი მანამდე ვერ გაიგეს ვერაფერი, სანამ ერთ-ერთი თამაშის შემდეგ, ანტონიომ კინაღამ სული განუტევა. ცალკე სალაპარაკო თემაა ალეშანდრე პატო, რომელიც ლაზარეთში ისე გრძნობს თავს, როგორც წესით მეტოქის საჯარიმოში უნდა გრძნობდეს; ანუ, როგორც თევზი წყალში...

წლის ადამიანი X
2011 წელს, ისევე როგორც წინა წლებში, იტალიურ პრესაში მინიმუმ ათჯერ მაინც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლუჩანო მოჯის ახალი ბრალეულობა დაუმტკიცდა, რამაც მისი დაკავება და დაპატიმრება გამოწვია.

ყოველი ასეთი ცნობა სენსაციური გახლდათ, ჟურნალ-გაზეთების პირველი გვერდები კი ფოტოებით იყო აჭრელებული, სადაც მოჯი გისოსებს მიღმა, ტუსაღთათვის ტრადიციული ზოლიანი სამოსით გახლდათ გამოკეტილი. ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ მოჯი დღემდე გარეთაა და მას არავინ იჭერს... ალბათ მხოლოდ იტალიაშია შესაძლებელი იყო თავისუფალი პატიმარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული