შედეგად, ლიდერთა სამეული უახლოეს მდევარს მთელი ხუთი ქულით დაშორდა, რაც არც ბევრი, მაგრამ არც ისე ცოტაა. მართალია, მეოთხე ადგილზე ჯერ კიდევ "ლაციოა", მაგრამ საყოველთაო მოლოდინით, რომაულ გუნდს მალე ათამაშებული "ინტერი" გადაასწრებს. მილანურმა გრანდმა "პარმას" ბრდღვირი ადინა და მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.
ლიდერების მსგავსად, აუტსაიდერთა სამეულიც გამოიკვეთა და აქ კიდევ უფრო სერიოზულად არის საქმე - უკვე თამამად საუბრობენ იმის შესახებ, რომ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ელიტარულ დივიზიონს "ნოვარა", "ჩეზენა" და "ლეჩე" დატოვებენ.
მართალია, ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, მაგრამ პროგნოზები უკვე ძალიან თამამი კეთდება. თუ სატურნირო ცხრილის ფსკერს ჩახედავთ, დიდია შანსი, ამ მოსაზრებას თქვენც დაეთანხმოთ. მოკლედ, ისე გამოვიდა, რომ ლიდერები და აუტსაიდერები გამოიკვეთნენ, მაგრამ ვგონებთ, რომ არც ასე მარტივად უნდა იყოს საქმე...
აქტუალური თემა: ტევესი ინტერს უახლოვდება
სანამ ტურის შეჯამებაზე და ათასგვარ სტატისტიკაზე გადავიდოდეთ, იმის შესახებ ვთქვათ, რამაც შესაძლოა დიდი გავლენა იქონიოს ჩემპიონატის დარჩენილ ნაწილზე - საუბარია კარლოს ტევესის ტრანსფერზე, რომელსაც არა და არ დაადგა საშველი. თუმცა, ყველაფერს აქვს ბოლო და როგორც ჩანს, 27 წლის არგენტინელი ფორვარდის საკითხი დღედღეზე გადაწყდება. თანაც, დიდია შანსი გადაწყდეს ისე, როგორც ამას აქამდე არავინ ელოდა.
დიახ, უკანასკნელი ცნობების თანახმად, ტევესის აგენტსა და ადრიანო გალიანის შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და ფეხბურთელის "მილანში" გადაბარგების საკითხს სერიოზული კითხვის ნიშანი დაესვა - სამაგიეროდ, "ნერაძურის" მესვეურები გააქტიურდნენ და "მანჩესტერ სიტის" ახალი შეთავაზება გაუკეთეს, რომლის მიხედვითაც, კარლოსის სანაცვლოდ 27 მილიონი ევროს გადახდაზე არიან ყაბულს.
რაც მთავარია, თავად ფეხბურთელმაც შეიცვალა პოზიცია და თუ ადრე "ინტერში" გადაბარგების პერსპექტივა არ ხიბლავდა, დღეს რადიკალურად განსხვავებულ განწყობაზეა.
"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტის" მესვეურებმა წინასწარი თანხმობა უკვე განაცხადეს არგენტინელი ფორვარდის გასხვისებაზე და ბოლო სიტყვა სწორედ კარლოსმა და მისმა პირადმა აგენტმა კია ჯურაბჩიანმა უნდა თქვან - წინასწარი პროგნოზებით, ტევესი დათანხმდება "ინტერის" წინადადებას და ძალიან მალე, ტრანსფერი ოფიციალურად გაფორმდება. ვნახოთ, აღდგომა და ხვალეო...
ტურის სიმბოლური ნაკრები
ბუფონი (იუვენტუსი) - მაიკონი (ინტერი), ჟუანი (რომა), ბარცალი (იუვენტუსი), კუადრადო (ლეჩე) - დე როსი (რომა), ნაინგოლანი (კალიარი), ალვარესი (ინტერი) - მილიტო (ინტერი), დესტრო (სიენა), იოვეტიჩი (ფიორენტინა).
XVII ტური უხვგოლიანი გამოვიდა და რა გასაკვირია, რომ სიმბოლურ გუნდში მოხვედრილ სამ ფორვარდზე ჯამში ექვსი გოლი მოდის. მატია დესტრომ "ლაციოს" გაუტანა ორი გოლი, დიეგო მილიტომ "პარმას" კიპერი დაიბრიყვა, სტევან იოვეტიჩმა კი "ნოვარასთან" გასვლით პაექრობაში გამოიჩინა თავი.
ნახევარმცველებიდან ყველაზე შემტევი რიკი ალვარესია, რომელმაც შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა "პარმასთან" და კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მისი ადგილი ძირითად შემადგენლობაშია. ტრადიციულად, კარგად გაისარჯა დანიელე დე როსი, რომელიც პირველად არ ხვდება რჩეულ ფეხბურთელთა შორის - იგივე შეიძლება ითქვას რაჯა ნაინგოლანზე, რომელიც "კალიარის" ლიდერად ყალიბდება.
რაც შეეხება დაცვის ხაზს, აქ დუგლას მაიკონის, ჟუანის და ანდრეა ბარცალის სახით ტრადიციულ სახეებს ვხედავთ, აი კუადრადო კი რჩეულთა შორის პირველად მოხვდა. ბევრი აღნიშნავს, რომ მისი სახით "ლეჩეს" მომავალი ვარსკვლავი ჰყავს და ვნახოთ, რამდენად გამართლდება გაცემული ავანსები. კარში შეუდარებელი ჯანლუიჯი ბუფონი დგას, რომელიც "ლეჩესთან" პაექრობაში საუკეთესო იყო.
ტურის გმირი
მატია დესტრო ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, თუმცა იტალიურ საფერხბურთო სამყაროში მასზე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ. მართალია, სერია A-ში ჯერ ხეირიანად არ გაუბრწყინია, მაგრამ სამაგიეროდ, ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში სტაბილურად ასპარეზობს და რაც მთავარია, ძალიან შედეგიანად.
"სიენას" მთავარმა მწვრთნელმა აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც დესტრო "ლაციოსთან" შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში დააყენა. ახალგაზრდა ფორვარდი უდავოდ საუკეთესო იყო და მის მიერ გატანილი ორი გოლი ამის ნათელი დადასტურებაა.
პირველ შემთხვევაში, მარჯვენა ფრთიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და მეკარისაგან შორეული კუთხე დალაშქრა, მეორეჯერ კი თავური დარტყმით უწია მიზანს. ამასთან, თერთმეტმეტრიანი აიკიდა, რომელიც ემანუელე კალაიომ გოლად აქცია. მეტი რა უნდა გაეკეთებინა ფეხბურთელს იმისთვის, რომ ტურის გმირად შეგვერაცხა? - ამ რიტორიკული კითხვის შემდეგ, სიტყვას თავად დესტროს გადავცემთ:
"სიმართლე გითხრათ, არ მეგონა თუ "ლაციოს" ასეთი ანგარიშით დავამარცხებდით. ეს ის შემთხვევა გახლდათ, როდესაც ყველაფერი გამოგვივიდა და გატანილი გოლებით, გულშემატკივართა გულები მოვიგეთ. ერთი სიტყვით, მთლიანობაში ძალიან კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება ჩემს თამაშს, გოლებმა ძალიან გამახარა, მაგრამ მთავარი მაინც მოპოვებული სამი ქულაა. მჯერა, რომ ასევე გავაგრძელებთ და სერია A-ში ადგილის შენარჩუნება არ გაგვიჭირდება".
ტურის დებიუტი
ტურის დებიუტი სარდინიაზე შედგა, სადაც "კალიარიმ" "ჟენოას" უმასპინძლა და მეტოქეს სამი უპასუხო ბურთი მიართვა. სტუმართა რიგებში პირველად გამოჩნდა ალბერტო ჯილარდინო, რომელიც სულ ახლახანს ენრიკო პრეციოზიმ "ფიორენტინადან" გადაიბირა. გენუური გუნდის გულშემატკივრებს დიდი იმედი აქვთ, რომ ჯილა მნიშვნელოვნად გააძლიერებს შეტევის ხაზს და "ჯენოას" კრიზისს დააძლევინებს.
დიახ, "როსობლუ" კრიზისშია და დღეს, ამაზე უკვე თამამად შეიძლება ლაპარაკი. "კალიარიმ" ყველა კომპონენტში დაჯაბნა მეტოქე და სამი ქულა სრულიად დამსახურებულად მოიპოვა. რაც შეეხება ჯილარდინოს, მას ხეირიანად კარშიც კი არ დაურტყამს და მთლიანობაში, ცუდი შთაბეჭდლება დატოვა - ვნახოთ რა იქნება შემდეგ ტურში, როდესაც გენუას ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი "უდინეზე" ესტუმრება.
ტურის ფრაზები
კლაუდიო რანიერი (ინტერის პრეზიდენტი): "რომელ ადგილზე დავასრულებთ ჩემპიონატს? - ვერ გეტყვით, მაგრამ ერთი კი ვიცი, დღევანდელი "ინტერი" ახლოს არის იმ იდეალთან, რომლისკენაც მივისწრაფვით".
ედუარდო რეია (ლაციოს მთავარი მწვრთნელი): "ეს იყო ყველაზე ცუდი შეხვედრა, რაც "ლაციომ" ჩემი თავკაცობით ჩაატარა. პირველად ჩემ სამწვრთნელო კარიერაში, ერთი სული მქონდა როდის დაასრულებდა არბიტრი პაექრობას. ამ საქმეს ესე არ დავტოვებ და აუცილებლად გავერკვევი რა დაგვემართა და რატომ დავიჩაგრეთ ასე ძალიან".
გლობალური სტატისტიკა
საუკეთესო დასწრება:
X ტური, ინტერი-იუვენტუსი, 75 000 გულშემატკივარი
ყველაზე დაბალი დასწრება:
II ტური, კიევო-ნოვარა, 7 000 გულშემატკივარი
ყველაზე დიდი საშინაო გამარჯვება:
ნაპოლი-ჯენოა 6:1 (I ტური), ინტერი-პარმა 5:0 (XVII).
ყველაზე დიდი საგარეო გამარჯვება:
ინტერი-ნაპოლი 0:3 (VI ტური), კალიარი-ლაციო 0:3 (X), ნოვარა-ფიორენტინა (XVII).
ყველაზე უხვგოლიანი თამაში:
პალერმო-ინტერი 4:3 (II ტური), ლეჩე-მილანი 3:4 (VIII), ნაპოლი-ჯენოა 6:1 (I).
სერიები
მოგება: ინტერი - 5 თამაში
წაგება: კალიარი, ბოლონია, ჩეზენა - 3
წაუგებლად: იუვენტუსი - 17
მოუგებლად: პარმა - 7
გუნდური სტატისტიკა
საუკეთესო თავდასხმა: 37 გოლი - მილანი; 32 - ნაპოლი; 28 - იუვენტუსი.
საუკეთესო დაცვა: 10 გაშვებული - უდინეზე; 11 - იუვენტუსი; 15 - ფიორენტინა.
უარესი თავდასხმა: 9 გოლი - ჩეზენა; 13 - კიევო; 15 - კალიარი.
უარესი დაცვა: 34 გაშვებული - ლეჩე; 32 - ნოვარა; 31 - პარმა.
ზუსტი გადაცემები: 9603 - მილანი; 8810 - იუვენტუსი; 8678 - რომა.
კარის მიმართულებით დარტყმები: 303 - იუვენტუსი; 266 - ინტერი, რომა.
კარში დარტმები: 113 - იუვენტუსი; 93 - მილანი; 84 - კატანია.
ინდივიდუალური სტატისტიკა
ბომბარდირები:
12 - ხერმან დენისი (ატალანტა), ანტონიო დი ნატალე (უდინეზე), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 10 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 9 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა), მიროსლავ კლოზე (ლაციო).
ასისტენტები:
7 - ანტონიო კასანო (მილანი); 6 - ალბერტო აკვილანი (მილანი), მირალემ პიანიჩი (რომა); 5 - ჯიბრილ სისე (ლაციო), ხუან მანუელ ვარგასი (ფიორენტინა), მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი), პაბლო არმერო (უდინეზე).
ზუსტი პასები
1209 - ანდრეა პირლო (იუვენტუსი); 1187 - დანიელე დე როსი (რომა); 1178 - კრისტიან ლედესმა (ლაციო); 1054 - ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი); 1013 - მიგელ ველოზო (ჯენოა).
კარის მიმართულებით დარტყმები
76 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 70 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 64 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 54 - ადრიან მუტუ (ჩეზენა), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი).
კარში დარტყმები
32 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 26 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 21 - ხერმან დენისი (ატალანტა), ედინსონ კავანი (ნაპოლი); 19 - ადრიან მუტუ (ჩეზენა); 17 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა), მარკო რიგონი (ნოვარა).
ჯარიმები
47 - მაქსი ლოპესი (კატანია); 45 - ვალონ ბერამი (ფიორენტინა), ლუკა ჩიგარინი (ატალანტა); 44 - ჯამპიერო პინცი (უდინეზე), ხუან კუადრადო (ლეჩე), პერპარიმ ჰეტემაი (კიევო); 38 - ხერმან დენისი (ატალანტა); 37 - სტეფანო მორონე (პარმა), დანიელე კონტი (კალიარი).
ციფრები და ფაქტები
- "პარმას" "ინტერთან" ბოლო 6 გასვლითი შეხვედრა აქვს წაგებული;
- დიეგო მილიტომ მეშვიდე დუბლი შეასრულა სერია A-ში;
- "პარმას" ნახევარმცველმა მასიმო გობიმ მე-200 შეხვედრა ჩაატარა სერია A-ში;
- დავიდე ფარაონიმ პირველი გოლი გაიტანა "ინტერის" შემადგენლობაში;
- "უდინეზეს" ბოლო 27 საშინაო შეხვედრაში ანტონიო დი ნატალეს ამდენივე გოლი აქვს გატანილი;
- "ნაპოლიმ" პირველად მოიგო "რენცო ბარბერაზე" 1969 წლის შემდეგ;
- "ლეჩე" ერთადერთი გუნდია ჩემპიონატში, რომელსაც ჯერ საკუთარ მოედანზე არც ერთი მოგება არ აქვს;
- "ფიორენტინამ" პირველი გასვლითი მატჩი მოიგო მიმდინარე სეზონში;
- "სიენამ" პირველად მოიგო ჩემპიონატში გასული წლის 30 ოქტომბრის შემდეგ;
- "ლაციომ" პირველად წააგო გასვლითი მატჩი მიმდინარე ჩემპიონატში;
- კვადვო ასამოამ მე-100 შეხვედრა ჩაატარა სერია A-ში, რაც მე-6 გატანილი გოლით აღნიშნა;
- "ჩეზენას" შემტევმა ედერმა პირველად იხეირა მიმდინარე სეზონში, მისი გოლი კი ჩემპიონატში მე-400 გამოდგა;
- "ატალანტამ" პირველად წააგო საკუთარ მოედანზე მიმდინარე სეზონში;
სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. მილანი 17 11 4 2 37-16 37
2. იუვენტუსი 17 10 7 0 27-11 37
3. უდინეზე 17 10 5 2 24-10 35
4. ლაციო 17 8 6 3 24-17 30
5. ინტერი 17 9 2 6 27-19 29
6. ნაპოლი 17 7 6 4 32-19 27
7. რომა 17 8 3 6 23-19 27
8. კატანია 17 5 7 5 20-25 22
9. ფიორენტინა 17 5 6 6 18-15 21
10. კალიარი 17 5 6 6 15-17 21
11. პალერმო 17 6 3 8 19-23 21
12. ჯენოა 17 6 3 8 19-27 21
13. ატალანტა 17 6 8 3 23-21 20
14. კიევო 17 5 5 7 13-20 20
15. პარმა 17 5 4 8 21-31 19
16. სიენა 17 4 6 7 18-16 18
17. ბოლონია 17 5 3 9 16-24 18
18. ნოვარა 17 2 6 9 17-32 12
19. ჩეზენა 17 3 3 11 9-24 12
20. ლეჩე 17 2 3 12 17-34 9
შენიშვნა: ატალანტა - 6 ქულა
მომდევნო ტური
14 იანვარი: კატანია-რომა.
15 იანვარი: ლაციო-ატალანტა, ჩეზენა-ნოვარა, კიევო-პალერმო, ფიორენტინა-ლეჩე, ჯენოა-უდინეზე, იუვენტუსი-კალიარი, პარმა-სიენა, მილანი-ინტერი.
16 იანვარი: ნაპოლი-ბოლონია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"