ბარცალიმ წარმატების საიდუმლო გათქვა

AutoSharing Option
ანდრეა ბარცალის აზრით, "იუვენტუსის" წარმატების მთავარი საიდუმლო დაცვის კარგ თამაშშია. შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში 17 ტურია გასული, ტურინულ გრანდს კი მხოლოდ 11 გოლი აქვს გაშვებული.

ამ მაჩვენებლით "ბიანკონერი" მეორე ადგილზეა და მხოლოდ "უდინეზეს" ჩამორჩება, რომლის კარიც ათჯერ დაილაშქრა. ცნობისთვის, ჩემპიონატის კიდევ ერთ ლიდერ "მილანს", 16-ჯერ გამოაღებინეს ბურთი კარიდან. დავუბრუნდეთ ბარცალის, რომელმაც "კორიერე დელო სპორტთან" საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"მიმდინარე სეზონში ყველაფერი იმაზე უკეთესად მიდის, ვიდრე გვეგონა - გამომდინარე აქედან, ერთი წუთითაც არ ვნანობ, რომ მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა, ტურინში დარჩენის
გადაწყვეტილება მივიღე. რაშია "იუვენტუსის" წარმატების საიდუმლო? - ჩემი პირადი აზრით, ჩვენი მთავარი იარაღი ორგანიზებული თავდაცვაა, რის ხარჯზეც ძალიან ცოტა გოლს ვუშვებთ.

არ იფიქროთ, რომ ამით მხოლოდ მცველებს, მათ შორის საკუთარ თავს ვაქებდე - პირიქით, მინდა სხვა ამპლუის ფეხბურთელები გამოვარჩიო, რომლებიც აქტიურად გვეხმარებიან და დიდ სამუშაოს ასრულებენ დაცვით ფაზაში. "იუვენტუსი" ერთ მუშტად შეკრული გუნდია და ეს ყველაფერში აისახება".

ამასობაში, აქტიურად ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ უახლოეს პერიოდში პაოლო დე ჩელიემ შესაძლოა "იუვენტუსი" დატოვოს და "რომაში" გადაბარგდეს. პაოლოს ტურინულ ხელშეკრულებას 2013 წლის ზაფხულში გასდის ვადა და ფეხბურთელის თქმით, თუ მას ამ ზამთარს არ გაყიდიან, დიდი შანსია შემდეგ გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

საქმე იმაშია, რომ დე ჩელიე საკმაო ხანია ვეღარ ხვდება "იუვეს" ძირითად შემადგენლობაში და მეტწილად სათადარიგოთა სკამზე უწევს ჯდომა.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში 25 წლის განაპირა მცველი მხოლოდ ექვსჯერ გამოჩნდა მოედანზე და ისიც იმ შემთხვევებში, როდესაც "იუვეს" ლაზარეთი სწორედ უკანახაზელებით გახლდათ სავსე. მოკლედ, დე ჩელიეს ტურინიდან აბარგება სურს და სწორედ რომისკენ უჭირავს თვალი, სადაც მას ლუის ენრიკე ეპატიჟება. "კორიერე დელო სპორტის" ცნობით, უახლოეს დღეებში მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაიწყება და სავარაუდოდ, შეთანხმებითაც დასრულდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული