მორატის რამირესიც სურს

AutoSharing Option
როგორც ჩანს, კარლოს ტევესს ძალიან მოსწონს მისი ამჟამინდელი მდგომარეობა, რადგან არა და არ დააყენა საშველი ახალ გუნდში გადაბარგებას.

ჯერ "მილანთან" მიმდინარე მოლაპარაკებები შევიდა ჩიხში, შემდეგ თითქოს "ინტერში" გადადიოდა, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, ამ ფლანგზეც სერიოზული პრობლემები წარმოიშვა - და ეს მიუხედავად იმისა, რომ "ნერაძურის" მესვეურებმა "მანჩესტერ სიტისთან" შეთანხმებას მიაღწიეს.

ანუ, მოლაპარაკებები ჩიხში თავად ტევესს შეჰყავს და რა უნდა საერთოდ ამ ფეხბურთელს, ვგონებთ თავადაც არ იცის... როგორც ჩანს, ძალიან მოსწონს კოლოსალური გასამრჯელოს უსაქმურობაში აღება და ასეთ შემთხვევაში, პერიოდულად საჯარიმო სანქციებსაც პრობლემების გარეშე
ეგუება.

მოკლედ, იმის თქმა გვსურს, რომ ბოლო ცნობების თანახმად, ტევესის "ინტერში" გადაბარგებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და მილანური გრანდის მესვეურები ახალ ვარიანტებზე გადაერთვნენ...

ერთ-ერთი ვერსიით, მასიმო მორატის "ვერდერის" 22 წლის გარემარბის, მარკო მარინის გადაბირება სურს, რომელიც საკმაო ხანია უმაღლეს დონეზე ასპარეზობს და ევროპული ფეხბურთის გრანდთა ინტერესს იწვევს. თუმცა, უფრო აქტიურად "ინტერის" მხრიდან გასტონ რამირესის მიმართ დაინტერესების შესახებ იწერება, რომელიც "ბოლონიაში" ასპარეზობს და ამ გუნდში ყველაზე ძვირადაც ფასობს.

21 წლის ურუგვაელი ფორვარდი "ბოლონიაში" 2010 წლიდან ასპარეზობს, 40 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 8 გოლი გატანილი. იქამდე სამშობლოში, "პენიაროლში" თამაშობდა და 30 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. მართალია, გოლების რაოდენობით დიდად ვერ დაიკვეხნის, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ თამაშების უმეტესობა ნახევარმცველის პოზიციაზე აქვს ჩატარებული და მხოლოდ ამ სეზონში წაიწია წინა ხაზზე.

გასტონ რამირესის საბაზრო ღირებულება 18 მილიონი ევროა - თუ მის ასაკს გავითვალისწინებთ, არც ისე ბევრი. "ინტერის" სპორტული დირექტორი მარკო ბრანკა რამირესისადმი ინტერესს ადასტურებს: "ტევესთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძლდება და ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არგენტინელი ფორვარდი გავიფორმოთ, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. რაც შეეხება გასტონ რამირესს, მასზე ნიჭიერი ფეხბურთელი იშვიათად შემხვედრია და ვადასტურებ, რომ ძალიან მინდა ის "ინტერის" ამუნიციით ვიხილო. მოლაპარაკლებებს აუცილებლად წამოვიწყებთ და ეს განურჩევლად იმისა, გადმოვიბირებთ თუ არა კარლოს ტევესს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული