სნეიდერი ჯანზეა და დერბისთვის ემზადება

AutoSharing Option
იტალიური საფეხბურთო სამყარო მილანური დერბის მოლოდინშია და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ამ მართლაც გამორჩეულ დაპირისპირებამდე დღეებია დარჩენილი.

ორივე გუნდში დიდი სამზადისია, თუმცა პრესასთან უფრო აქტიურად "ინტერის" წარმომადგენლები ურთიერთობენ. ჯერ გუნდის მთავარ მწვრთნელ კლაუდიო რანიერის გადავცემთ სიტყვას, შემდეგ კი ერთი კარგი ამბავი გვაქვს "ნერაძურის" გულშემატკივრებისთვის:

"ბოლო დღებია ქალაქში საოცარი ატმოსფეროა, თითქოს რაღაც შეიცვალა და ზუსტად ვერც ვხვდები რა. ყველა ფეხბურთით ცოცხლობს და ეს განსაკუთრებულ აურას ქმნის. გულშემატკივართა მხარდაჭერას ფეხის ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობთ და დარწმუნებული ვარ, ასეა მეტოქის ბანაკშიც. ერთი სიტყვით,
წინ დიდი მატჩი გველის, რომელიც იმედია ჩვენი გამარჯვებით დასრულდება.

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ჩვენ უკეთეს მდგომარეობაში ვართ, რადგან დასაკარგი ბევრი არაფერი გვაქვს - აი "მილანი" კი სასკუდეტო მარათონშია ჩართული, რაც დამატებითი პასუხისმგებლობა და წნეხია. შემადგენლობასა და სტრატეგიაზე დღეს ვერაფერს გეტყვით, თუმცა ის ძალიან მახარებს, რომ ტრავმირებული ფეხბურთელები გვიბრუნდებიან".

რანიერი ნაწილობრივ შეეხო იმას, რაზეც ზემოთ დაგპირდით და პრინციპში, სათაურშიც გვაქვს გამოტანილი - საქმე იმაშია, რომ ვესლი სნეიდერმა საბოლოოდ მოიშუშა ტრავმა და გუშინ პირველი სრულფასოვანი ვარჯიში ჩაატარა. ჰოლანდიელი ნახევარმცველი ემოციებს ვერ მალავდა და შთაბეჭდილებები ჟურნალისტებს გაუზიარა:

"საკმაო ხანია სრულყოფილად არ მივარჯიშია და თავს უბედნიერესად ვგრძნობ. რაც მთავარია, ტკივილს არ შევუწუხებივარ, რაც იმის მანიშნებელია, რომ ტრავმა ბოლომდე მოშუშებულია. ვითამაშებ თუ არა დერბიში? - ეს მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია და ვნახოთ, რას მოიფიქრებს კლაუდიო რანიერი. მე მზად ვარ და თუ ძირითადში დამაყენა, ვეცდები შესაძლებლობები სრულად გამოვავლინო. ტრავმის შიში ნამდვილად არ მაქვს და თუ პირველი ვარჯიშით ვიმსჯელებთ, საკმაოდ კარგ ფორმაში ვარ".

მიკრო-ტრავმა ჰქონდა კიდევ ერთ ნახევარმცველ ტიაგო მოტას და "ინტერის" გულშემატკივართა გასახარად, ისიც სრულად განკურნებულია. ანუ, კლაუდიო რანიერის ამ დროისთვის მხოლოდ ორი ფეხბურთელი ჰყავს ლაზარეთში: სალი მუნტარი და ჯონათანი. ერთი სიტყვით, "ნერაძური" ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება მილანურ დერბის, რაც კლუბის პრეზიდენტ მასიმო მორატის ძალიან ახარებს - მისი თქმით, ფავორიტი სწორედ "ინტერია" და ეს კვირის შეხვედრაში დამტკიცდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული