"იუვე" ბალასტს ვერ იშორებს

AutoSharing Option
"იუვენტუსის" სატრანსფერო გეგმებს იტალიაში ბევრი ვერაფერი გაუგეს და ეს გაუგებრობა როგორც ჩანს სატრანსფერო ბაზრის ბოლომდე გაგრძელდება.

კლუბის მესვეურები აქტიურად ცდილობენ სარფიანად გაასაღონ ვინჩენცო იაკვინტა, ლუკა ტონი და კარვალიო ამაური, მაგრამ ამ საქმიდან ჯერჯერობით არაფერი გამოდის - პრინციპში, ეს ლოგიკურიც არის, რადგან ამ სამ ფორვარდზე 2011 წელს ერთობლივად თითზე ჩამოსათვლელი გოლები მოდის. ამასობაში, ტურინელებმა მარკო ბორიელო გაიფორმეს და შედეგად, გუნდის განაცხადში ამ მომენტისთვის არც მეტი, არც ნაკლები 11 თავდამსხმელია.

ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ლუკა ტონით "ბოლონიას" მესვეურები
დაინტერესდნენ და თითოქოს მასში 5 მილიონი ევროს გადახდასაც აპირებდნენ, თუმცა ეს ინფორმაცია კლუბის პრეზიდენტმა ალბანო გუარალდიმ უარყო და შემდეგი დასძინა:

"ლუკა ტონი ძალიან კარგი თავდამსხმელია, მაგრამ მისი გადაბირებით ნამდვილად არ ვართ დაინტერესებულნი. ტურინის "იუვენტუსის" მესვეურებთან აქტიურ მოლაპარაკებებში ვართ ჩართული, მაგრამ არა ტონის, არამედ ფრედერიკ სორენსენბის გადაბირებასთან დაკავშირებით.

ახალგაზრდა სკანდინავიელს იშვიათად ეძლევა "ბიანკონერიში" ასპარეზობის საშუალება და გამომდინარე აქედან, თავადაც სურს გარემოს შეცვლა.

ტურინელები უფრო საიჯარო ხელშეკრულებას ემხრობიან და ვნახოთ, სადამდე მიგვიყვანს მოლაპარაკებები".

ამასობაში, "იუვენტუსის" ფეხბურთელის რანგში პირველი კომენტარი გააკეთა მარკო ბორიელომ, რომელსაც ტურინული გრანდის გულშემატკივრები საკმაოდ ცივად დახვდნენ და მას არც თუ გულთბილი ბანერებიც კი გამოუკიდეს - აი, რას ამბობს მარკო: "ტიფოზთა ნაწილი მართლაც ცივად შემხვდა, მაგრამ ამის გამო არ ვნერვიულობ და ვცდილობ ანტონიო კონტეს ნდობა დავიმსახურო.

ჩემი მიზანია, რომ გუნდის ძირითად შემადგენლობაში დავმკვიდრდე და გულშემატკივრებს თავი შევაყვარო. "იუვენტუსი" დიდი გუნდია, ძლიერი მენტალიტეტით და ბედნიერი ვარ, რომ ტურინში გადმობარგების საშუალება მომეცა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული