"რომამ" "ვიოლა" ნაანტრაქტევს გატეხა

AutoSharing Option
იტალიის თასის მერვედფინალურ ეტაპზე საკმაოდ საინტერესო წყვილები დაჯდა და შესაბამისად, თითოეული პაექრობა გულშემატკივართა საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს.

ოთხშაბათს ორი მატჩი გაიმართა, "რომამ" "ფიორენტინას" უმასპინძლა, "უდინეზემ" კი "კიევოს". ფავორიტად მასპინძლები მიიჩნეოდნენ, თუმცა უდინურ ჯახში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა.

ჯერ რომაულ პაექრობაზე ვთქვათ, რომელიც "რომას" დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა, 3:0. თუმცა, მეორე მხრივ, მასპინძლებმა გადამწყვეტი უპირატესობა მხოლოდ მეორე ტაიმში მოიპოვეს, იქამდე კი თანაბარი თამაში მიმდინარეობდა და მეტიც, პირველ ნახევარში უფრო მწვავედ სწორედ სტუმრები უტევდნენ. აი, ანტრაქტის შემდეგ მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო და ამ
გუნდმა მეტოქეს სამი უპასუხო ბურთი აგემა.

სამიდან ორი ერიკ ლამელას ანგარიშზეა, რომელმაც სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივრები აღტაცებაში მოიყვანა. ლამელას ორივე გოლი მეტად ეფექტური გამოვიდა, განსაკუთრებით კი მეორე, როდესაც რამდენიმესვლიანი იერიში ფრანჩესკო ტოტის შესანიშნავი პასით და ლამელას უზუსტესი დარტყმით დაგვირგვინდა. მესამე გოლი კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელის, ფაბიო ბორინის ანგარიშზეა, რომელმაც ერთ მეტოქეს ოსტატურად აუარა გვერდი და მახვილი კუთხიდან ბურთი ბრაზილიელი კიპერის, ნეტოს კარის ბადეში გაახვია.

ორივე გუნდი ნაწილობრივ ექსპერიმენტული შემადგენლობით გავიდა მინდორზე, რის გამოც რომაელებს გაუმართლა და ისინი აგრძელებენ კიდეც თასისთვის ბრძოლას.

რაც შეეხება უდინეში გამართულ პაექრობას, გაიმარჯვა იმან, ვისთვისაც მოგება უფრო მნიშვნელოვანი იყო. ფრიულელებს აშკარად ეტყობოდათ, რომ მათთვის სათასო მატჩი მეორეხარისხოვანი იყო და ეს მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე თვით ანტონიო დი ნატალე გახლდათ. თუ ტოტოს და სამირ ჰანდანოვიჩს არ ჩავთვლით, ფრანჩესკო გვიდოლინმა თითქმის მთელი ძირითადი შემადგენლობა დაასვენა და თავის გამოჩენის შანსი, რეზერვისტებს მისცა - ამ ექსპერიმენტმა არ გაამართლა და მეოთხედფინალში "კიევო" იასპარეზებს.

ბოლოს, ისიც ვთქვათ, რომ იტალიის თასის მერვედფინალურ ეტაპზე კიდევ სამი მატჩია დარჩენილი: "ნაპოლი"-"ჩეზენა", რომელიც დღეს გაიმართება, "მილანი"-"ნოვარა", რომელიც 19 იანვარს შედგება და 20 იანვრისთვის დაგეგმილი "ინტერი"-"ჯენოა".

იტალიის თასი. 1/8 ფინალი
რომა-ფიორენტინა 3:0
გოლები: 1:0 ლამელა (53), 2:0 ლამელა (66), ბორინი (75).

უდინეზე-კიევო 1:2
გოლები: 0:1 სამარკო (9), 1:1 დი ნატალე (84), 1:2 თერეუ (90).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული