"მილანი" VS "ინტერი" - მეტი, ვიდრე თამაში...

AutoSharing Option
ევროპაში ნამდვილად არ არსებობს მეორე ქალაქი, სადაც ევროპული ფეხბურთის ორი სრულფასოვანი, აღიარებული გრანდი ბინადრობდეს.

შესაძლოა მანჩესტერი გაიხსენოთ, რომლის ორი გუნდი დღეს პრემიერლიგის ტიტულისთვის იბრძვის, მაგრამ აბა "სიტის" გრანდად შერაცხვა ჯერ მაინც ძალიან ადრეა და არ ვიქნებით ბოლომდე მართლები; შეიძლება "სელტიკი" და "რეინჯერსი" გავიხსენოთ და ამ შემთხვევაში, ორ მართლაც ძალიან ტრადიციულ გუნდზე გვაქვს საუბარი, მაგრამ სიტყვა გრანდი მაინც სხვა დატვირთვას ატარებს.

იგივე შეიძლება ითქვას რომაულ, მადრიდულ თუ ნებისმიერი სხვა ქალაქის გუნდებზე - ყველგან რაღაც აკლიათ, აი მილანში კი ორი ნ
ამდვილი გრანდია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და გამომდინარე აქედან, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კვირას, 15 იანვარს ევროპის ყველაზე მაგარი დერბი გაიმართება: "მილანი" "ინტერის" წინააღმდეგ.

მცირე რამ სტატისტიკიდან...
მილანური დერბი 1908 წლიდან იღებს სათავეს - მას შემდეგ გუნდებმა 275 შეხვედრა ჩაატარეს და აქედან, უფრო მეტი გამარჯვება "მილანს" ხვდა წილად. ბარემ დავკონკრეტდეთ და ვთქვათ, რომ "როსონერის" ანგარიშზე 108 მოგებული მატჩია, "ინტერმა" კი 95 პაექრობაში მიაღწია წარმატებას, შესაბამისად, 72 მატჩი ფრედ დასრულდა; "ინტერის" ფეხბურთელებმა 405-ჯერ დალაშქრეს თანაქალაქელის კარი, მაშინ როდესაც "მილანის" ანგარიშზე 436 გატანილი ბურთია.

მოკლედ, მცირე უპირატესობას შავ-წითლები ფლობენ, მაგრამ დღეს ამას ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა აქვს - მთავარია, რომ "დერბი დელა მადონინას" განსაკუთრებული ძალა აქვს, ამ დღეს ქალაქი ორად იყოფა, ქუჩებში კი საოცარი ატმოსფერო სუფევს. თუმცა, არა მარტო ამ დღეს, როგორც კლაუდიო რანიერიმ განაცხადა, ბოლო დღეებში მილანში რაღაც განსაკუთრებული ხდება და ამის ახსნა სიტყვებით წარმოუდგენელია.

ქომაგობა თაობიდან თაობას
საფეხბურთო თვალსაზრისით, ქალაქი ყოველთვის ორად არის გაყოფილი, უბრალოდ ეს მაშინ იგრძნობა განსაკუთრებულად, როდესაც დერბი ახლოვდება. ჯერ კიდევ წინა საუკუნის დასაწყისში, "მილანს" უფრო მუშათა კლასის წარმომადგენლები და იტალიის სხვადასხვა კუთხეებიდან ამ ქალაქში ჩასული ხალხი გულშემატკივრობდა, რომელთა სოციალური მდგომარეობა საშუალოზე დაბალი გახლდათ; "ინტერს" კი უფრო მაღალი ფენა, მილანის ძირძველი მკვიდრები ქომაგობდნენ.

მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და დღეს, ხალხის სხვადასხვა კლასებად დაყოფა აღარ ხდება - გუნდებს კი ამ მართლა საფეხბურთო ქალაქში ოჯახური ტრადიციებით გულშემატკივრობენ. ამა თუ იმ კლუბის ქომაგობა თაობიდან თაობას გადაეცემა და ეს ტრადიცია ძალიან იშვიათად ირღვევა.

საინტერესო მაგალითები...
ზემოთ თქმულის გასამყარებლად რამდენიმე საინტერესო მაგალითის მოყვანა შეგვიძლია. მაგალითად, ანდრეა პირლო ბავშვობიდან "ინტერის" თავგადაკლული გულშემატკივარი გახლდათ, რადგან ის სწორედ "ინტერისტების" ოჯახში დაიბადა. გამომდინარე აქედან, მშობლებმა ანდრეა სწორედ "ნერაძურის" საფეხბურთო სკოლაში მიიყვანეს, სადაც გაიზარდა კიდეც, თუმცა შემდეგ, როგორც უპერსპექტივო ფეხბურთელი "ბრეშაში" გაუშვეს.

ამ პატარა ქალაქში პირლოს რობერტო ბაჯოსთან ერთად მოუწია თამაშმა, რამაც მის წინსვლაში დიდი როლი ითამაშა - ანდრეა "მილანის" მესვეურებმა შენიშნეს და სულ მალე, გადაიბირეს კიდეც... მიუხედავად იმისა, რომ პირლო წლების განმავლობაში იცავდა "როსონერის" ღირსებას და ამ გუნდის ამუნიციით ყველაფერი მოიგო, ის მაინც ყოველთვის ამბობდა, რომ თავს "ინტერის" გულშემატკივრად თვლიდა. დიახ ასეა, ამ სიტყვებს კი პირლოს "მილანისტები" ყოველთვის პატიობდნენ, რადგან მათ კარგად იციან რას ნიშნავს: იყო ქომაგი ამ ქალაქში.

პირლოს მსგავსად, "ინტერისტების" ოჯახში გაიზარდა ალესანდრო კოსტაკურტა, რომელიც წლების განმავლობაში "მილანის" ღირსებას იცავდა და ამ გუნდის ცოცხალ ლეგენდად იქცა. საინტერესო კი ის არის, რომ ალესანდროს მამა ბოლომდე "ინტერის" ქომაგად დარჩა და მაშინაც საყვარელ გუნდს გულშემატკივრობდა, როდესაც დერბიში "ნერაძურის" წინააღმდეგ მისი შვილი იბრძოდა.

ბილი კოსტაკურტა ამ ყველაფერს იქამდე ითმენდა, სანამ მამამისმა მისი შვილიც არ გადაიბირა და დღეს, ბაბუა და შვილიშვილი ერთად გულშემატკივრობენ მათთვის საყვარელ გუნდს. ბილის კი ძალიან უჭირს შვილთან ერთად ქალაქში სეირნობა, რადგან ბავშვი არაფრით იხდის შავ-ლურჯ ფერებში გადაწყვეტილ მაისურს... ბილის ეს გარკვეულ უხერხულობას უქმნის და თუ რატომ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.

ულტრასები
მილანში რთულია მონახო ადამიანი, რომელიც თავს გულშემატკივრად არ თვლის, მაგრამ ულტრასები მაინც ცალკე სალაპარაკო თემაა. ამ ორ გუნდს ერთი სტადიონი აქვს, რომელსაც "მილანისტები" "სან სიროს" უწოდებენ, "ინტერისტები" კი "ჯუზეპე მეაცას". ულტრასებს კარების უკანა სექტორები აქვთ განაწილებული, შავ-ლურჯები სამხრეთ ტრიბუნაზე ჯდებიან, შავ-წითლები კი ჩრდილოეთზე.

ის, რაც ამ სექტორებზე დერბის დროს ხდება, სიტყვებით რთული გადმოსაცემია: ეს არ არის დაპირისპირება მხოლოდ გულშემატკივრობაში, სიმღერაში, ან უბრალო შეძახილებში - იქ ნახავ იმას, რასაც იტალიაში ქორეოგრაფიულ ჯახს უწოდებენ - ვგულისხმობთ, უდიდეს, გრანდიოზულ ბანერებს, რომლებიც ორივე სექტორზე იშლება და რომლებსაც ვიზუალურთან ერთად, შინაარსობრივი დატვირთვაც აქვთ. სწორედ ამ ბანერების გაშლით იწყება დერბი და შემდეგ, დუღილის ტემპერატურა მაქსიმუმს აღწევს.

ისევ სტატისტიკა...
მილანური დერბი იმ მატჩთა კატეგორიას მიეკუთვნება, როდესაც დიდი სურვილი არ გაქვს ისაუბრო ამა თუ იმ ფეხბურთელის ტრავმაზე, დისკვალიფიკაციაზე და ათას უბედურებაზე... თითქოს ეს შეხვედრა ნებისმიერ ფეხბურთელზე მაღლა დგას და ასეთ დაწვრილმანებებს ვერ იღებს. თუმცა, ამ დიდ ისტორიას მაინც მოთამაშეები წერენ და ბოლოს, საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს გადავხედოთ.

მილანის ყველაზე დიდი გამარჯვება
ინტერი-მილანი 0:6 (01.05.2001)

ინტერის ყველაზე დიდი გამარჯვება
მილანი-ინტერი 0:5 (06.02.1910)

ყველაზე უხვგოლიანი დერბი
ინტერი-მილანი 6:5 (06.11.1949)

ყველაზე სწრაფი გოლი
ინტერი-მილანი 1:1
სანდრო მაცოლა, მე-14 წამი (24.02.1963)

ყველაზე მეტი მატჩი მილანურ დერბიში
პაოლო მალდინი (მილანი) - 56
ჯუზეპე ბერგომი (ინტერი) - 44
ალესანდრო კოსტაკურტა (მილანი) - 43
ჯანი რივერა (მილანი) - 42
ხავიერ ძანეტი (ინტერი, არგენტინა) - 42
ჯაჩინტო ფაკეტი (ინტერი) - 40
ალესანდრო მაცოლა (ინტერი) - 40
ჯუზეპე მეაცა (ინტერი/მილანი) - 40
ფრანკო ბარეზი (მილანი) - 39
მაურო ტასოტი (მილანი) - 35
ტარჩიზიო ბურგნიჩი (ინტერი) - 34
ჯუზეპე ბარეზი (ინტერი) - 33
მარიო კორსო (ინტერი) - 33
მარკო სალა (მილანი/ინტერი) - 32
ლუიჯი პერვერსი (მილანი) - 31
კლარენს ზეედორფი (ინტერი/მილანი, ჰოლანდია) - 30

ყველაზე მეტი გოლი მილანურ დერბიში
ანდრეი შევჩენკო (მილანი, უკრაინა) - 14
ჯუზეპე მეაცა (ინტერი/მილანი) - 13
გუნარ ნორდალი (მილანი, შვედეთი) - 11
იშტვან ნერში (ინტერი, უნგრეთი) - 11
ენრიკო კანდიანი (ინტერი/მილანი, არგენტინა) - 10
ლუი ვან ჰეგე (მილანი, ბელგია) - 7
ბენიტო ლორენცი (ინტერი) - 7
ჟოზე ალტაფინი (მილანი) - 7
რობერტო ბონინსენია (ინტერი) - 7
ალესანდრო ალტობელი (ინტერი) - 7
ალდო ჩევენინი (ინტერი/მილანი) - 6
პიეტრო სერანტონი (ინტერი) - 6
ატილიო დემარია (ინტერი) - 6
ალდო ბოფი (მილანი) - 6
სანდრო მაცოლა (ინტერი) - 6
კაკა (მილანი, ბრაზილია) - 5
რონალდო (ინტერი/მილანი, ბრაზილია) - 5
კლარენს ზეედორფი (მილანი/ინტერი, ჰოლანდია) - 4
ფილიპო ინძაგი (მილანი) - 4
დეიან სტანკოვიჩი (ინტერი, სერბეთი) - 4
ზლატან იბრაჰიმოვიჩი (ინტერი/მილანი, შვედეთი) - 4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული