სერია A. XVIII ტურის შეჯამება: ფეხბურთელები მწვრთნელების ჩრდილში

AutoSharing Option
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ XVIII ტურის შემდეგ, სერია A-ს მიმდინარე გათამაშება კიდევ უფრო საინტერესო გახდა.

ლიდერთა სამეულმა ქულები დაკარგა, "ლაციომ" და "ინტერმა" კი სამ-სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში და ცხრილის მწვერვალზე ვითარება უკიდურესად დაძაბეს. თავად განსაჯეთ, ამ დროისთვის ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ერთბაშად შვიდი გუნდი იბრძვის. საყოველთაო ვარაუდით, "მილანი" და "იუვენტუსი" არ დათმობენ ადგილს სამეულში და გამოდის, რომ დარჩენილი ერთადერთი ადგილისთვის ბრძოლა ხუთ გუნდს შორის გაჩაღდება - ბარემ ჩამოვთვალოთ: "უდინეზე", "ლაციო", "ინტერი", "ნაპოლი" და "რომა".

რაც შეეხება უშუალოდ XVIII ტურს, მთავარ თემად
რა თქმა უნდა მილანური დერბი რჩება, რომელიც ბევრისთვის მოულოდნელად "ინტერის" გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია "კატანია"-"რომას" მატჩის გადადება, რისი მიზეზიც ძლიერი წვიმა გახდა - უფრო სწორად, ბოლო 25 წუთის გადადება და თუ როდის ჩამთავრდება სიცილიურ-დედაქალაქური დაპირისპირება, ჯერ კიდევ უცნობია.

აქვე ვთქვათ ორშაბათს გამართული "ნაპოლი"-"ბოლონიას" დაპირისპირების შესახებ, რადგან გასაგებ მიზეზთა გამო, ტურის მიმოხილვაში ამ პაექრობაზე არაფერი გვითქვამს და ვერც ვიტყოდით... ვალტერ მაძარის შეგირდებმა მთელი თამაში შეტევებში გალიეს, მაგრამ როგორც ასეთ დროს ხშირად ხდება, საკუთარ ნახევარზე გამაგრებულ მეტოქესთან ბევრი ვერაფერი გააწყვეს. რობერტ აკვაფრესკას მიერ პირველ ტაიმში გატანილ გოლს, ედინსონ კავანიმ ზუსტი თერთმეტმეტრიანით უპასუხა და შეხვედრა ასეც დასრულდა, 1:1. ნამატჩევს, ნეაპოლელთა თავკაცმა შემდეგი განაცხადა:
"მინდა შევაქო მეტოქე, რომელიც ძალიან კარგად იცავდა თავს და მთლიანობაში, ქულა დამსახურებულად მოიპოვა. ჩვენმა რამდენიმე ფეხბურთელმა შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინა, რისთვისაც დავისაჯეთ. კარგად უნდა გავითავისოთ, რომ ბოლომდე დახარჯვის გარეშე, მიზანს ვერასდროს მიაღწევ. ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი და "ბოლონიასთან" მატჩმა ეს თვალნათლივ დამანახა".

ტურის სიმბოლური ნაკრები
ფრეი (ჯენოა) - პულცეტი (ბოლონია), ანტონსონი (ბოლონია), ლუსიო (ინტერი), ნაგატომო (ინტერი) - ძანეტი (ინტერი), ბრედლი (კიევო) - იანკოვიჩი (ჯენოა), კოსუ (კალიარი) - მუტუ (ჩეზენა), მილიტო (ინტერი).

ტურის სიმბოლური ნაკრები იშვიათი ტაქტიკით განვალაგეთ: 4-2-2-2 და შეტევის წინა ხაზზე დიეგო მილიტოსთან ერთად, ადრიან მუტუ გავამწესეთ. არგენტინელმა თვით მილანური დერბის ბედი გადაწყვიტა და ბუნებრივია, რომ რჩეულთა შორის მოხვდა, რუმინელმა კი "ნოვარას" შეუსრულა დუბლი და "ჩეზენას" სასიცოცხლო მნიშვნელობის ქულები მოუტანა. მოკლედ, შეტევაში ორი ვეტერანი გვყავს, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ ფეხბურთის თამაში დიდებულად შეუძლიათ.

ფორვარდთა უკან იანკოვიჩი და კოსუ გამწესდნენ - პირველმა "ჯენოას" მიერ "უდინეზეს" ძლევაში დაიდო ლომის წილი, მეორემ კი "იუვენტუსს" საუცხოო გოლი გაუტანა. საყრდენ ნახევარმცველებად ძანეტი და ბრედლი გამოირჩნენ, განსაკუთრებით არგენტინელი უნდა გამოვყოთ, რომელმაც მილანურ დერბიში უმაღლესი პროფესიონალიზმი გამოავლინა - უკვე აღარც გვჯერა, რომ ძანეტი ოდესმე ფეხბურთის თამაშს თავს დაანებებს.

დაცვა ორი გუნდის ფეხბურთელებით დაკომპლექტდა - სამუელი და ნაგატომო "ინტერიდან", პულცეტი და ანტონსონი "ბოლონიადან". "ინტერისტებმა" "მილანის" ფორვარდებს ფაქტობრივად არაფერი შეაქმნევინეს და ამით ყველაფერია ნათქვამი, ბოლონიელებმა კი "ნაპოლის" დაწოლას გაუძლეს და "სტადიო სან პაოლოდან" ქულა წაიღეს.

ტურის გმირი
პირველად ამ სეზონში, ტურის გმირად მწვრთნელი უნდა შევრაცხოთ და არა ფეხბურთელი. ათასჯერ მაინც ვთქვით, ან რა თქმა სჭირდება, რომ მთავარი შეხვედრა "სან სიროზე" გაიმართა, სადაც ერთმანეთის პირისპირ მილანური გრანდები წარსდგნენ - მატჩი არც თუ სანახაობრივი გამოდგა და უფრო ტაქტიკურ ჭიდილში ჩაიარა - შესაბამისად, ყველაზე მთავარი ფიგურები მწვრთნელები გახლდნენ და არა ფეხბურთელები.

კლაუდიო რანიერიმ განგებ დახია თავისი გუნდი საკუთარ ნახევარზე და "მილანს" კონტრიერიშებზე ეთამაშა. ამასთან, მეტოქის ნახევარზე გადასულ "მილანელებს" "შავ-ლურჯები" სიხისტის ზღვარზე ეთამაშებოდნენ და გასაქანს არ აძლევდნენ. შესანიშნავად იყო დარეგულირებული კავშირი რგოლებს შორის და საერთოდაც, "ინტერმა" იდეალურად აწყობილი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. მართალია, ფეხბურთელთა ქმედებებში წუნი შეიმჩნეოდა, მაგრამ რანიერის გათვლებს ეს ჩრდილს ვერაფრით მიაყენებს. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ მილანური დერბი დიეგო მილიტოს გოლმა მოიგო, ტურის გმირი "ინტერის" მთავარი მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი გახლავთ.

ტურის დებიუტი
ტურის დებიუტსაც მწვრთნელთან მივყავართ და თანაც, "ენიო ტარდინიზე", იქ, სადაც "პარმამ" მოუგებელი მატჩების სერია შეწყვიტა და "სიენა" დამაჯერებლად დაამარცხა, 3:1.

ემილიურმა გუნდმა პირველად ითამაშა რობერტო დონადონის თავკაცობით და დებიუტი მართლაც რომ შესაშური გამოვიდა. დონიმ "პარმას" ტაქტიკური მონახაზი შეცვალა, გუნდი 3-4-3 სქემაზე გადაიყვანა და ძირითად შემადგენლობაში სამი ყველაზე ცნობილი შემტევი ერთად დააყენა - ლაპარაკია სერჯო ფლოკარიზე, ჯონათან ბიაბიანსა და რაღა თქმა უნდა, სებასტიან ჯოვინკოზე. დონადონის გადაწყვეტილებამ სრულად გაამართლა, "პარმას" შეტევები მრავალფეროვანი და ძალიან კარგი საყურებელი გახლდათ, რაც მთავარია, ამან შედეგი გამოიღო და ემილიელებმა უმნიშვნელოვანესი ქულები ჩაიწერეს აქტივში. ნამატჩევს, დონი ბედნიერი იყო:
"ფეხბურთელებმა ჩემი დავალებები პირნათლად შეასრულეს და მინდა ამისთვის მათ მადლობა გადავუხადო. ჯერ კიდევ გზის დასაწყისში ვართ და ბუნებრივია, ჩვენი თამაში უკეთესის სურვილს ტოვებს, თუმცა პროგრესი უკვე სახეზეა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი სადებიუტო შეხვედრა წარმატებული გამოდგა, თუმცა მთავარი ბრძოლები წინ არის და თითოეულ პაექრობას 100%-ით მომზადებულნი უნდა შევხვდეთ".

ტურის ფრაზა
დელიო როსი (ფიორენტინას მთავარი მწვრთნელი): "როდესაც XVII ტურში "ნოვარა" დავამარცხეთ, ჩავთვალე, რომ სწორ გზას დავადექით... თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არ ყოფილა და "ლეჩესთან" მარცხმა ნათლად დამანახა, რომ სეზონის დარჩენილი ნაწილი ცრემლიანი და სისხლიანი იქნება (!!!)".

გლობალური სტატისტიკა
საუკეთესო დასწრება:
XVIII ტური, მილანი-ინტერი, 85 000 გულშემატკივარი

ყველაზე დაბალი დასწრება:
XVII ტური კალიარი-ჯენოა, XVIII ტური კიევო-პალერმო, 6 000 გულშემატკივარი

ყველაზე დიდი საშინაო გამარჯვება:
ნაპოლი-ჯენოა 6:1 (I ტური), ინტერი-პარმა 5:0 (XVII).

ყველაზე დიდი საგარეო გამარჯვება:
ინტერი-ნაპოლი 0:3 (VI ტური), კალიარი-ლაციო 0:3 (X), ნოვარა-ფიორენტინა 0:3 (XVII).

ყველაზე უხვგოლიანი თამაში:
პალერმო-ინტერი 4:3 (II ტური), ლეჩე-მილანი 3:4 (VIII), ნაპოლი-ჯენოა 6:1 (I).

სერიები
მოგება: ინტერი - 6 თამაში
წაგება: ატალანტა, ნოვარა, პალერმო - 3
წაუგებლად: იუვენტუსი - 18
მოუგებლად: პალერმო, ნოვარა - 6

გუნდური სტატისტიკა
საუკეთესო თავდასხმა: 37 გოლი - მილანი; 33 - ნაპოლი; 29 - იუვენტუსი.
საუკეთესო დაცვა: 12 გაშვებული - იუვენტუსი; 13 - უდინეზე; 16 - ფიორენტინა.
უარესი თავდასხმა: 12 გოლი - ჩეზენა; 14 - კიევო; 16 - კალიარი.
უარესი დაცვა: 35 გაშვებული - ნოვარა; 34 - ლეჩე; 32 - პარმა.
ზუსტი გადაცემები: 10163 - მილანი; 9461 - იუვენტუსი; 9067 - რომა.
კარის მიმართულებით დარტყმები: 314 - იუვენტუსი; 278 - ინტერი; 274 - რომა.
კარში დარტმები: 115 - იუვენტუსი; 96 - მილანი; 87 - ნაპოლი, ჯენოა.

ინდივიდუალური სტატისტიკა

ბომბარდირები:
13 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 12 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი), ხერმან დენისი (ატალანტა); 11 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 9 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა), მიროსლავ კლოზე (ლაციო).

ასისტენტები:
7 - ანტონიო კასანო (მილანი); 6 - ალბერტო აკვილანი (მილანი), მირალემ პიანიჩი (რომა), პაბლო არმერო (უდინეზე); 5 - ჯიბრილ სისე (ლაციო), ხუან მანუელ ვარგასი (ფიორენტინა), მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი), სებასტიან ჯოვინკო (პარმა).

ზუსტი პასები
1304 - ანდრეა პირლო (იუვენტუსი); 1256 - დანიელე დე როსი (რომა); 1228 - კრისტიან ლედესმა (ლაციო); 1071 - მიგელ ველოზო (ჯენოა); 1068 - ტიაგო სილვა (მილანი).

კარის მიმართულებით დარტყმები
82 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 73 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 68 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 58 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 56 - ადრიან მუტუ (ჩეზენა).

კარში დარტყმები
35 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 29 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 25 - ხერმან დენისი (ატალანტა); 22 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 21 - ადრიან მუტუ (ჩეზენა); 19 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 17 - მარკო რიგონი (ნოვარა).

ჯარიმები
47 - მაქსი ლოპესი (კატანია), ჯამპიერო პინცი (უდინეზე); 46 - ლუკა ჩიგარინი (ატალანტა); 44 - პერპარიმ ჰეტემაი (კიევო), ხუან კუადრადო (ლეჩე); 38 - ხერმან დენისი (ატალანტა); 37 - სტეფანო მორონე (პარმა), დანიელე კონტი (კალიარი).

ციფრები და ფაქტები
- "მილანმა" დერბიში სამმატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა;

- კლაუდიო რანიერის ბოლო 8 დერბიდან არც ერთი არ აქვს წაგებული, დაწყებული ტურინულით, გაგრძელებული რომაულით და დასრულებული განვლილი მილანური დაპირისპირებით;

- "მილანმა" 2010 წლის დეკემბრის შემდეგ, პირველად წააგო სერია A-ს პაექრობა საკუთარ მოედანზე;

- ედუარდო რეიამ "ატალანტას" ძლევით მე-300 გამარჯვება მოიპოვა სამწვრთნელო კარიერაში;

- "ლეჩემ" "ფიორენტინას" საშინაო გამარჯვებათა სერია შეწყვიტა, რომელიც 5 მატჩს შეადგენდა;

- "ლეჩემ" პირველი გამარჯვება მოიპოვა სერსე კოსმის თავკაცობით;

- "ჯენოას" მცველმა ანდრეას გრანკვისტმა პირველი გოლი გაიტანა სერია A-ში;

- "ჯენოამ" "უდინეზეს" წაუგებელი სერია შეწყვიტა, რომელიც 6 მატჩს შეადგენდა;

- "პარმამ" პირველი შეხვედრა მოიგო გასული წლის 20 ნოემბრის შემდეგ;

- "სიენას" არასდროს მოუპოვებია სამი ქულა "ენიო ტარდინიზე";

- ადრიან მუტუს 101 გოლი აქვს სერია A-ში გატანილი, ამ მაჩვენებლით ის ლუკა ტონის და პიერ პაოლო ვირდისს გაუთანაბრდა;

- "კიევოს" საკუთარ მოედანზე 4 მატჩია არ წაუგია;

- "პალერმოს" გასვლაზე გასული წლის 15 მაისის შემდეგ არ მოუგია;

- "სიენას" ფეხბურთელმა პაოლო გროსიმ პირველი გოლი გაიტანა სეზონში, რაც მე-60 000 (!!!) გამოდგა სერია A-ს ისტორიაში;

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 18 10 8 0 28-11 38
2. მილანი 18 11 4 3 37-17 37
3. უდინეზე 18 10 5 3 26-13 35
4. ლაციო 18 9 6 3 26-17 33
5. ინტერი 18 10 2 6 28-19 32
6. ნაპოლი 18 7 7 4 33-20 28
7. რომა 17 8 3 6 23-19 27
8. ჯენოა 18 7 3 8 22-29 24
9. კიევო 18 6 5 7 14-20 23
10. კალიარი 18 5 7 6 16-18 22
11. კატანია 17 5 7 5 20-25 22
12. პარმა 18 6 4 8 24-32 22
13. ფიორენტინა 18 5 6 7 18-16 21
14. პალერმო 18 6 3 9 19-24 21
15. ატალანტა 18 6 8 4 23-23 20
16. ბოლონია 18 5 4 9 17-25 19
17. სიენა 18 4 6 8 19-19 18
18. ჩეზენა 18 4 3 11 12-25 15
19. ლეჩე 18 3 3 12 18-34 12
20. ნოვარა 18 2 6 10 18-35 12

შენიშვნა: ატალანტა - 6 ქულა

მომდევნო ტური
21 იანვარი: კალიარი-ფიორენტინა, რომა-ჩეზენა, ატალანტა-იუვენტუსი.
22 იანვარი: ბოლონია-პარმა, ლეჩე-კიევო, ნოვარა-მილანი, პალერმო-ჯენოა, სიენა-ნაპოლი, უდინეზე-კატანია, ინტერი-ლაციო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული