იტალიის თასი. 1/8 ფინალი: "მილანი"-"ნოვარა" 1:1 დ.დ 2:1

AutoSharing Option
"ინტერთან" წაგებული დერბის შემდეგ, მასიმილიანო ალეგრიმ სათასო პაექრობისთვის თითქმის მთელი შემადგენლობა შეცვალა.

განსაკუთრებით საინტერესოდ გამოიყურებოდა შეტევის ხაზი, სადაც ვეტერან ფილიპო ინძაგის ახალგაზრდა სტეფან ელ შაარავი შეუწყვილდა.

პრესაში ძალიან ხშირად ვრცელდება ინფორმაციები პიპოს გასხვისების და "პატარა ფარაონის" განათხოვრების შესახებ, ამიტომ, ორივე მოტივირებული იყო მწვრთნელისთვის შესაძლებლობები დაემტკიცებინათ. ამიტომ იყო, რომ 38 წლის ინძაგიმ იმაზე მეტი ირბინა მინდორზე, ვიდრე დერბიში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და ალეშანდრე პატომ ერთად. მოკლედ, სუპერპიპომაც და ელ შაარავიმაც ძალიან მოინდომეს და მთლიანობაში, კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.

განსაკუთრებით ეს ელ შაარავიზე ითქმის,
რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან მაღალი გახლდათ; ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სტეფანმა ულამაზესი გოლით გახსნა ანგარიში - მატჩის 24-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც "პატარა ფარაონმა" ბურთი მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო, ერთი ახედა მოედანს და უძლიერესი დარტყმით "ნოვარას" კიპერი უშანსოდ დატოვა, 1:0.

როგორც მოსალოდნელი იყო, მთელი შეხვედრა მასპინძელთა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა და შესაბამისად, მომენტებიც სტუმართა კართან მეტი შეიქმნა. თუმცა, შეხვედრის 88-ე წუთზე "მილანის" კარის მიმართულებით საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, რადოვანოვიჩის უძლიერეს დარტყმას კი მარკო ამელიამ ვერაფერი მოუხერხა, 1:1.

ამ დროისთვის მოედანზე ალეშანდრე პატო იყო გამოსული, რომელიც მასიმილიანო ალეგრიმ ფილიპო ინძაგის ჩაანაცვლა. ანუ, შეტევაში ელ შაარავი-პატოს ტანდემი მოქმედებდა და სწორედ მათ კომბინაციას მოჰყვა "მილანის" მეორე და გამარჯვების გოლი - მე-100 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ელ შაარავიმ პატოს შესანიშნავი პასი გაუკეთა და ბრაზილიელი კიპერთან ერთი-ერთზე გაიყვანა, ალეშანდრემ თავზე გადაუგდო ბურთი "ნოვარას" მეკარეს და ცარიელი კარი დალაშქრა, 2:1.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ შეხვედრაში მონაწილეობა "მილანში" დაბრუნებულმა ალექსანდერ მერკელმაც მიიღო და მთლიანობაში, მანაც სააკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. საგულისხმოა, რომ "მილანი", "ნოვარას" სერია A-ს მომდევნო ტურშიც შეხვდება და ამჯერად, გასვლაზე მოუწევს ასპარეზობა. ნამატჩევს, ალეგრიმ შემდეგი განაცხადა:

"მერკელის და ელ შაარავის თამაში ძალიან მომეწონა და შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ მათ დიდი სათამაშო დრო მიეცემათ. ისე კი, ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ პაექრობა 120 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ასეთ რთულ გრაფიკში, მომქანცველი სათასო პაექრობა ჩემს გეგმებში არ ჯდებოდა. ამასთან, პატომ იგრძნო ფეხში ტკივილები და სამედიცინო შემოწმების გავლა მოუწევს. იმედია, სერიოზული არაფერია და მომდევნო მატჩში მონაწილეობას მიიღებს. რაც იყო, იყო - მთავარია, "ნოვარა" დავამარცხეთ და თასის გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავედით".

მილანი-ნოვარა 1:1 დ.დ. 2:1
გოლები: 1:0 ელ შაარავი (24), 1:1 რადოვანოვიჩი (88), 2:1 პატო (100).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული