მთავარი ინტრიგა "მეაცაზეა", ლიდერს ბერგამოში ბრძოლას ჰპირდებიან

AutoSharing Option
XIX ტურის ცენტრალური შეხვედრა "ჯუზეპე მეაცაზე" გაიმართება, სადაც ერთმანეთის პირისპირ სატურნირო ცხრილში მეოთხე და მეხუთე ადგილზე მყოფი გუნდები წარსდგებიან.

ცხრილსაც რომ თავი დავანებოთ, "ლაციო"-"ინტერის" ჯახზე გვაქვს საუბარი, რაც ყოველთვის საინტერესოა და გამონაკლისი არც კვირის პაექრობა იქნება. მით უმეტეს, მილანურმა გრანდმა შესანიშნავი ტემპი აკრიფა და უკვე ცხადზე ცხადია, რომ სკუდეტოს უმიზნებს.

ამ დროს, "ბიანკოჩელესტეს" თავისი ამოცანები აქვს, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება სურს, სადაც დიდი ალბათობით ერთადერთი ვაკანტური ადგილია დარჩენილი - "მილანი" და "იუვენტუსი" სამეულს ქვემოთ პრაქტიკულად წარმოუდგენელია, აი მესამე ადგილისთვის კი
რომაელები "უდინეზესთან" და "ინტერთან" აპირებენ ჭიდაობას. მოკლედ, კვირას დიდი ჯახია და წესით, მეაცაზე ძალიან უნდა ჩამოცხეს.

"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, კლაუდიო რანიერი 4-4-1-1 ტაქტიკას აირჩევს და შეტევის წინა ხაზზე დიეგო მილიტოს ეულად გაამწესებს. ვერ გეტყვით საიდან ასეეთი ვარაუდი, მაგრამ ფაქტია, რომ ავტორიტეტული გამოცემა სწორედ ასეთ პროგნოზს აკეთებს. მილიტოს უკან წესით ვესლი სნეიდერი უნდა გაისარჯოს, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და კვირის პაექრობას სრულ მზადყოფნაში ხვდება. ჰოლანდიელს ოთხი ნახევარმცველი გაუმაგრებს ზურგს: ხავიერ ძანეტი, ანდრეა პოლი, ესტებან კამბიასო და რიკი ალვარესი. ვნახოთ, რა გამოვა ამ ყველაფრისგან.

ედუარდო რეიას საკმაოდ დიდი დანაკლისი აქვს და მარტო ის რად ღირს, რომ ტრავმის გამო შეხვედრას ერნანესი გამოტოვებს. ბრაზილიელის არყოფნაში, ნახევარდაცვას ლულიჩი, მათუზალემი, ლედესმა და გონსალესი გაამაგრებენ, წინა ხაზზე კი მიროსლავ კლოზეს ტომაზო როკი შეუწყვილდება. რანიერისგან განსხვავებით, რეია ნაცად ტაქტიკას დაეყრდნობა და ფეხბურთელებს 4-4-2 სქემით განალაგებს.

საინტერესო მატჩი გაიმართება ბერგამოში, სადაც ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი ჩადის. "ატალანტამ" ბოლო დროს აშკარად უკლო თამაშს და "იუვენტუსთან" შეეცდება ნავსის გატეხვას. ამაზე წინასამატჩო პრესკონფერენციაზე მწვრთნელმა სტეფანო კოლანტუონომ ისაუბრა:

"ძალიან კარგია, რომ ჩემპიონატის ლიდერს ვხვდებით, რადგან ეს შანს გვაძლევს შავი პერიოდი უკან მოვიტოვოთ. "იუვენტუსის" დამარცხება საკუთარი თავის რწმენას დაგვიბრუნებს და ამიტომ, მიზნის მისაღწევად ყველაფერი უნდა ვიღონოთ. მეტოქე პირველი ნომრიდან შეეცდება თამაშს, თუმცა მოედნის ცენტრში იოლად არაფერს დავთმობთ. ვპირდები გულშემატკივრებს, რომ "ატალანტა" ბოლომდე იბრძოლებს".

"გაძეტას" ვარაუდით, ანტონიო კონტე 4-3-3 სქემას გამოიყენებს და შეტევაში შემდეგ სამეულს გაამწესებს: მირკო ვუჩინიჩი, მარკო ბორიელო, სიმონე პეპე. დიახ, თუ იტალიელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, ალესანდრო მატრიც სათადარიგოთა სკამზე დარჩება და მისი სეხნია დელ პიეროც. ვნახოთ, რამდენად გამართლდება პროგნოზი და თუ გამართლდა, რამდენად კარგად შეუტევს მატრი-დელ პიეროს გარეშე "იუვენტუსი".

"მილანი" "ნოვარას" შეეჭიდება, გუნდს, რომელთანაც შუა კვირაში 120-წუთიანი სათასო ჯახი გადაიტანა. თუ თასზე გუნდებმა "სან სიროზე" ითამაშეს, ამჯერად შეხვედრა "ნოვარას" საშინაო არენაზე გაიმართება და წესით, "მილანს" კიდევ უფრო უნდა გაუჭირდეს... თუმცა, ფეხბურთში რომ ასე მარტივად არ არის საქმე და ყველაფერი ლოგიკას არ ექვემდებარება, ესეც ცხადზე ცხადია. მოკლედ, ნოვარაში ან ბრძოლა გაჩაღდება, ან შეიძლება სტუმრებმა შედარებით იოლად მოიგონ - "მილანს" ამის პოტენციალი ნამდვილად შესწევს.

მასიმილიანო ალეგრი ტრადიციულ ტაქტიკას აირჩევს და თავდასხმაში ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და რობინიოს ტანდემს გაამწესებს. სავარაუდოდ, ფორვარდთა უკან ურბი ემანუელსონი გაირჯება და იქნებ ამჯერად მაინც ქნას რამე სახეირო. ძირითადში მოიაზრება ალექსანდერ მერკელიც, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ დაუბრუნდა მილანურ გრანდს. გერმანელთან ერთად, შუა ხაზს მარკ ვან ბომელი და ანტონიო ნოჩერინო გაამაგრებენ. "ნოვარას" მწვრთნელი იქადნება, "მილანს" დიდ ბრძოლას გავუმართავთო და თავდასხმისთვის ორ ახალწვეულს, ჯუზეპე მასკარას და ანდრეა კარაჩოლოს ამზადებს. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება და დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

სერია A. XIX ტური
დღეს:
რომა-ჩეზენა 21.00
ტრავმა: დე როსი, ოსვალდო, კასეტი, ბურდისო - ჯოკოვიჩი, მალონგა.

ატალანტა-იუვენტუსი 23.45
დისკვალიფიკაცია: ლუკინი, კარმონა (ატალანტა).
ტრავმა: ბელინი, კაპელი - ელია, კვალიარელა.

ხვალ:
ბოლონია-პარმა 15.30
დისკვალიფიკაცია: კერუბინი, მორლეო (ბოლონია).
ტრავმა: კონე, ლორია, პულცეტი - მირანტე, პელე.

კალიარი-ფიორენტინა 18.00
ტრავმა: სამპაიო, პერიკო, ნენე, ერიკსონი - კროლდრუპი, ბაბაქარი, ხარჯა.

ლეჩე-კიევო 18.00
დისკვალიფიკაცია: ჯაკომაცი (ლეჩე).
ტრავმა: კორვია, ჯანდონატო, შტრასერი, ბერტოლაჩი, ფალკონე, კაროციერი (ლეჩე).

ნოვარა-მილანი 18.00
დისკვალიფიკაცია: პაჩი, დელაფიორე - ბოატენგი, ნესტა.
ტრავმა: ლუდი, პინარდი, ლუზუძო - აბიატი, ბოატენგი, ფლამინი, კასანო, იეპესი, აკვილანი, გატუზო, პატო.

პალერმო-ჯენოა 18.00
დისკვალიფიკაცია: როსი (ჯენოა).
ტრავმა: ზაჰავი, პიზანო, ბაჩინოვიჩი, ერნანდესი - ანტონელი, დაინელი, ბოვო, კალაძე.

სიენა-ნაპოლი 18.00
დისკვალიფიკაცია: როსეტინი, გაცი (სიენა).
ტრავმა: ბრკიჩი, ბოლცონი (სიენა).

უდინეზე-კატანია 18.00
ტრავმა: ბარეტო, კოდა, დომიცი - ლანცაფამე, კაპუანო.

ინტერი-ლაციო 23.45
დისკვალიფიკაცია: ტიაგო მოტა (ინტერი).
ტრავმა: მუნტარი, სტანკოვიჩი, ფორლანი - კანა, კოზაკი, მაკინვა, მაური, დიასი, ერნანესი.

თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 18 10 8 0 28-11 38
2. მილანი 18 11 4 3 37-17 37
3. უდინეზე 18 10 5 3 26-13 35
4. ლაციო 18 9 6 3 26-17 33
5. ინტერი 18 10 2 6 28-19 32
6. ნაპოლი 18 7 7 4 33-20 28
7. რომა 17 8 3 6 23-19 27
8. ჯენოა 18 7 3 8 22-29 24
9. კიევო 18 6 5 7 14-20 23
10. კალიარი 18 5 7 6 16-18 22
11. კატანია 17 5 7 5 20-25 22
12. პარმა 18 6 4 8 24-32 22
13. ფიორენტინა 18 5 6 7 18-16 21
14. პალერმო 18 6 3 9 19-24 21
15. ატალანტა 18 6 8 4 23-23 20
16. ბოლონია 18 5 4 9 17-25 19
17. სიენა 18 4 6 8 19-19 18
18. ჩეზენა 18 4 3 11 12-25 15
19. ლეჩე 18 3 3 12 18-34 12
20. ნოვარა 18 2 6 10 18-35 12

შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა

ბომბარდირები
13 - დი ნატალე (უდინეზე); 12 - დენისი (ატალანტა), იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 11 - კავანი (ნაპოლი); 10 - კლოზე (ლაციო); 9 - იოვეტიჩი (ფიორენტინა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული