რობერტო დონადონი "პარმას" შემადგენლობას აძლიერებს

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ემილიურ გუნდს რობერტო დონადონი ჩაუდგა სათავეში, "პარმას" მესვეურები სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდნენ და გარკვეულ შედეგებსაც მიაღწიეს. მაგალითად, ორიოდე დღის წინ, კლუბმა "ინტერის" ახალგაზრდა ნახევარმცველი ჯონათანი გაიფორმა, რომელიც სეზონის ბოლომდე იჯარის წესით სწორედ "პარმაში" იასპარეზებს.

"კორიერე დელო სპორტში" გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მალე ემილიელები კიდევ ორ ფეხბურთელს დაიმატებენ, რომელთაგან ერთი თავდამსხმელია, მეორე კი მცველი. ანუ, გამოდის, რომ რობერტო დონადონი ყველა პოზიციაზე მიიღებს შევსებას. თავდამსხმელი სტეფანო ოკაკა ჩუკა გახლავთ, რომელიც იტალიური ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი პერსონაა. ოკაკა 22 წლისაა, "რომას" აღზრდილია
და წლების განმავლობაში იჯარით თამაშობდა: "მოდენაში", "ბრეშაში", "ბარისა" და ინგლისურ "ფულჰემში" - ამჟამად, "რომას" შემადგენლობაში ირიცხება, მაგრამ მიმდინარე სეზონში ერთხელაც არ მისცემია მოედანზე გასვლის საშუალება.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, ოკაკა ნახევარწლიან საიჯარო ხელშეკრულებას გააფორმებს "პარმასთან" და თუ სეზონის ბოლოს ემილიელები მის გამოსყიდვას მოისურვებენ, "რომას" ბიუჯეტში 7.5 მილიონი ევროს გადარიცხვა მოუწევთ.

რაც შეეხება "პარმას" კიდევ ერთ პოტენციურ ახალწვეულს, ის 23 წლის მცველი, ფრანჩესკო აჩერბი გახლავთ, რომელიც "კიევოს" შემადგენლობაშია, თუმცა მიმდინარე სეზონში მხოლოდ ხუთჯერ გამოჩნდა მოედანზე. სანამ ვერონაში გადაბარგდებოდა, "რეჯინას" ღირსებას იცავდა და კალაბრიული გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, დაცვის ნამდვილი ბურჯი იყო. დიდი ალბათობით, ოკაკაც და აჩერბიც "პარმას" ამუნიციას მოირგებენ და ვნახოთ, როგორ წარმოაჩენენ თავს ახალ გუნდში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული