"კორიერე დელო სპორტში" გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მალე ემილიელები კიდევ ორ ფეხბურთელს დაიმატებენ, რომელთაგან ერთი თავდამსხმელია, მეორე კი მცველი. ანუ, გამოდის, რომ რობერტო დონადონი ყველა პოზიციაზე მიიღებს შევსებას. თავდამსხმელი სტეფანო ოკაკა ჩუკა გახლავთ, რომელიც იტალიური ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი პერსონაა. ოკაკა 22 წლისაა, "რომას" აღზრდილია
ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, ოკაკა ნახევარწლიან საიჯარო ხელშეკრულებას გააფორმებს "პარმასთან" და თუ სეზონის ბოლოს ემილიელები მის გამოსყიდვას მოისურვებენ, "რომას" ბიუჯეტში 7.5 მილიონი ევროს გადარიცხვა მოუწევთ.
რაც შეეხება "პარმას" კიდევ ერთ პოტენციურ ახალწვეულს, ის 23 წლის მცველი, ფრანჩესკო აჩერბი გახლავთ, რომელიც "კიევოს" შემადგენლობაშია, თუმცა მიმდინარე სეზონში მხოლოდ ხუთჯერ გამოჩნდა მოედანზე. სანამ ვერონაში გადაბარგდებოდა, "რეჯინას" ღირსებას იცავდა და კალაბრიული გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, დაცვის ნამდვილი ბურჯი იყო. დიდი ალბათობით, ოკაკაც და აჩერბიც "პარმას" ამუნიციას მოირგებენ და ვნახოთ, როგორ წარმოაჩენენ თავს ახალ გუნდში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"