რომაულ-მოსკოვური სატრანსფერო ინტრიგა

AutoSharing Option
"ატალანტამ" სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და მიუხედავად დაკლებული ქულებისა, ერთი ხანობა ევროტურნირების ზონასაც კი მიუახლოვდა.

თუმცა, ბოლო შეხვედრები ბერგამოელებმა აშკარად ჩააგდეს და კლუბის მესვეურებმაც გაძლიერებაზე დაიწყეს ზრუნვა. შედეგიც სახეზეა: გავრცელებული ცნობის თანახმად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ სეზონის დარჩენილ ნაწილს გილიერმო სტენდარდო სწორედ "ატალანტაში" გაატარებს.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის მცველი "ლაციოს" საკუთრებაა და მიმდინარე სეზონშიც ამ გუნდის ღირსებას იცავდა. თუმცა, საქმეც მაგაშია, რომ ვერ იცავდა, რადგან ედუარდო რეიამ მას ერთხელაც არ მისცა მოედანზე გასვლის საშუალება.

"ატალანტაში" გადაბარგებით სტენდარდო ძალიან გახარებულია და ეს
არც ჟურნალისტებთან დაუმალავს. მით უმეტეს, ბერგამოში მისი მწვრთნელი სტეფანო კოლანტუონო იქნება, ვისი თავკაცობითაც ის კარიერის საწყის წლებში "პერუჯაში" ასპარეზობდა.

"ლაციოსთან" დაკავშირებით, უფრო საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა "კორიერე დელო სპორტმა", რომლის მიხედვითაც რომაული კლუბი აქტიურად ცდილობს მოსკოვის ცსკა-ს ორი ფეხბურთელის გადაბირებას.

ამ მიზნით, რუსეთის დედაქალაქში კლუბის სპორტული დირექტორი იგლი ტარე გაემგზავრა და დიდია შანსი, იტალიაში კარგი შედეგებითაც დაბრუნდეს - ერთი სიტყვით, ლაპარაკია კეისუკე ჰონდასა და ალან ძაგოევის "გაარწივებაზე". უფრო დიდი ინტერესი რომაელებს იაპონელის მიმართ აქვთ, რომლის საბაზრო ღირებულება დღეს 12 მილიონი ევროა. ვნახოთ, რით დასრულდება რომაულ-მოსკოვური მოლაპარაკებები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული