ტიფოზებმა პრაქტიკულად ყველა ნომინაციაში გამოავლინეს საუკეთესოები და ყველა სიკეთესთან ერთად, 2011 წლის სიმბოლური გუნდიც შეადგინეს.
საუკეთესო მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი (მილანი, 44 წლის)
2011 წლის საუკეთესო მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი გახლავთ, სპეციალისტი, რომელმაც "მილანს" რამდენიმეწლიანი კრიზისი დააძლევინა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოაგებინა.
დიახ, როდესაც ალეგრიმ "როსონერი" ჩაიბარა, ფეხბურთელთა უმეტესობა თითქოს უმოტივაციოდ იყო და ეს თამაშებზეც შესაბამისად აისახებოდა.
მოკლედ, ალეგრი ამართლებს სილვიო ბერლუსკონის მოლოდინებს და სანამ ეს ასეა, ის ალბათ ყოველთვის იქნება საუკეთესო მწვრთნელობის კანდიდატი.
საუკეთესო მეკარე: სამირ ჰანდანოვიჩი (უდინეზე, 27)
აჯობო ჯანლუიჯი ბუფონს და თანაც იმ ვითარებაში, როდესაც გამოკითხვაში ძირითადად იტალიელები იღებენ მონაწილეობას, ნამდვილად ურთულესი საქმეა. ჰანდანოვიჩი 2011 წელს მართლაც რომ მოწოდების სიმაღლეზე იდგა და საუკეთესოს სტატუსი ნამდვილად დაიმსახურა. რაც მთავარია, მიმდინარე სეზონშიც შესანიშნავად ასპარეზობს, რაზეც "უდინეზეს" მიერ გაშვებული ბურთების რაოდენობა ნათლად მიუთითებს.
გასულ ზაფხულს სამირის გადაბირება თვით "მანჩესტერ იუნაიტედს" სურდა, თუმცა ინგლისელებმა არჩევანი ესპანელ დე ხეაზე შეაჩერეს, რამაც უდინელი ტიფოზები შვებით ამოასუნთქა. როდესაც ჰანდანოვიჩი კარში დგას, "სტადიო ფრიულიზე" შეკრებილი გულშემატკივრები თავს მშვიდად გრძნობენ.
საუკეთესო მცველი: ტიაგო სილვა (მილანი, 27)
სულ უფრო და უფრო ხშირად გვიწევს იმაზე საუბარი, რომ ტიაგო სილვა საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო უკანახაზელია მსოფლიო მასშტაბით. იყო პირველი მცველებს შორის და თანაც იტალიაში, ეს უდიდესი პატივია და ბრაზილიელი ამას კარგად აცნობიერებს.
მისი თქმით, კარიერის "მილანში" დასრულება და ამ გუნდის კაპიტნობა სურს. ეს დღე ალბათ დადგება და სილვა სამკლავურს მოირგებს, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ მასიმილიანო ალეგრი თავის შეგირდს გუნდისთვის შეუცვლელ ფიგურად მიიჩნევს.
საუკეთესო ნახევარმცველი: კევინ პრინს ბოატენგი (მილანი, 24)
კიდევ ერთი მილანელი, რომელმაც 100%-ით გაამართლა გულშემატკივართა მოლოდინი. უფრო სწორად, იმაზე მეტი გვაჩვენა, ვიდრე ამას "მილანის" ტიფოზები წარმოიდგენდნენ. ბოატენგი უფრო ხისტ, ჩამშლელ მოთამაშედ განიხილებოდა, მაგრამ "როსონერიში" ახალი კუთხით გაიხსნა და შემქმნელის როლშიც მოგვევლინა.
ალეგრიმ გამთამაშებლის პოზიციაზე გაამწესა და მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საუკეთესო თვისებები გამოავლინა. ბოატენგმა საგოლე გადაცემებიც უხვად არიგა და გოლებიც ბლომად გაიტანა. ასე რომ, გულშემატკივრების მხრიდან, არჩევანის მასზე შეჩერება ნამდვილად არ არის გასაკვირი.
საუკეთესო თავდამსხმელი: ანტონიო დი ნატალე (უდინეზე, 34)
რა უნდა ვთქვათ ახალი ანტონიო დი ნატალეზე? - ბომბარდირად დაბადებული, რომელიც "უდინეზეს" მთავარი დამრტყმელი ძალა და მეტიც, გუნდის სული და გულია. ის, რომ ფრიულელები წლებია უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვიან და ხშირად, საწადელსაც აღწევენ, პირველ რიგში სწორედ ტოტოს დამსახურებაა.
ყველაზე გასაოცარი მისი სტაბილურობაა, ვერ გაიხსენებთ შეხვედრას, რომელიც მან ჩააგდო. შედეგად, გულშემატკივრებმა ის 2011 წლის საუკეთესო თავდამსხმელად აღიარეს.
საუკეთესო ფეხბურთელი: ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი, 30)
შეიძლება იკითხოთ, თუ ზლატან იბრაჰიმოვიჩი საუკეთესო ფეხბურთელია, მაშინ როგორ არის ანტონიო დი ნატალე საუკეთესო თავდამსხმელი? - ჯერ ერთი, აქ გულშემატკივართა გამოკითხვაზეა ლაპარაკი და თუ ხმები ასე გადანაწილდა, ვერაფერს შეცვლი; მეორე, ზლატანი სწორედაც რომ საუკეთესო ფეხბურთელია და არა ფორვარდი. მაგალითად, გასულ სეზონში მან ლამის ორჯერ ნაკლები გოლი გაიტანა, ვიდრე იგივე ანტონიო დი ნატალემ, ან ედინსონ კავანიმ, მაგრამ თავისი გუნდისთვის ის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე მთავარი ფიგურა გახლდათ.
ბევრი მიიჩნევს, რომ იბრას გარეშე "მილანი" ვერ დაამხობდა "ინტერის" ჰეგემონიას და არც თუ უსაფუძვლოდ.
საუკეთესო მსაჯი: ნიკოლა რიცოლი
ვერ გეტყვით კონკრეტულად რომელ შეხვედრებში გამოიჩინა თავი რიცოლიმ და სად მიიღო საოცრად ზუსტი გადაწყვეტილებები, სად არ გაექცა სადავეები ხელიდან და ვინ დასაჯა დამსახურებულად, მაგრამ ფაქტია, რომ გულშემატკივართა გამოკითხვით, წლის საუკეთესო არბიტრად ნიკოლა რიცოლი მიიჩნიეს.
აპენინებზე ამბობენ, რომ პიერლუიჯი კოლინას შემდეგ, იტალიას ასეთი ნიჭიერი არბიტრი აღარ ჰყოლია - რა გვაქვს სათქმელია, საუკეთესოაო და იყოს საუკეთესო.
საუკეთესო გუნდი: უდინეზე
2011 წლის საუკეთესო გუნდად იტალიაში "უდინეზე" აღიარეს, რამაც ფრიულელები ძალიან გაახარა, ბევრი კი გააკვირვა, რადგან ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი მაინც "მილანია".
მეორე მხრივ, ახალი სეზონი ლომბარდიულმა გრანდმა ცოტა მძიმედ დაიწყო და მხოლოდ შემდეგ დაუბრუნდა ლიდერის პოზიციებს, მაშინ, როდესაც "უდინეზეს" პრაქტიკულად ჩავარდნა არ ჰქონია. ასეა თუ ისე, ხმათა უმრავლესობა სწორედ "უდინეზეს" ხვდა წილად და შესაბამისად, პირველობაც არავის დაუთმო.
სიმბოლური ნაკრები:
სამირ ჰანდანოვიჩი (უდინეზე) - კრისტიან მაჯო (ნაპოლი), ტიაგო სილვა (მილანი), ალესანდრო ნესტა (მილანი), პაბლო არმერო (უდინეზე) - მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი), კევინ პრინს ბოატენგი (მილანი), კლაუდიო მარკიზიო (იუვენტუსი) - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი), ედინსონ კავანი (ნაპოლი), ანტონიო დი ნატალე (უდინეზე).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"