ჩეზარე პრანდელი: ფრანჩესკო ტოტი? - რატომაც არა

AutoSharing Option
ჩეზარე პრანდელის ხელში იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებით განვლო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი და სრულიად დამსახურებულად მოიპოვა უკრაინა-პოლონეთის საგზური.

მართალია, ბოლო ამხანაგური შეხვედრა "სკუადრა აძურამ" ურუგვაის ნაკრებთან დათმო და თანაც, საკუთარ კედლებში, მაგრამ მთლიანობაში, პრანდელის გუნდის ასპარეზობა დადებითად უნდა შევაფასოთ. სწორედ ამიტომაა, რომ აპენინებზე ევროფორუმს დიდი იმედებით ელოდებიან... თუმცა, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ეს იმედი ოდნავ გააფერმკრთალა.

საქმე იმაშია, რომ იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ერთი მეორეს მიყოლებით იმტვრევიან და პრანდელისაც ძირითადი ბირთვი ეცლება ხელი
დან. ანტონიო კასანოს ამბავი ყველას მოგეხსენებათ, გულზე აღმოაჩნდა პრობლემები და პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ევროპის ჩემპიონატი მის გარეშე ჩაივლის.

უმძიმესი ტრავმა აქვს ჯუზეპე როსისაც, რომელიც სავარაუდოდ მაისში დაუბრუნდება აქტიურ სპორტს, მაგრამ მოასწრებს თუ არა თვეზე ნაკლებ დროში ოპტიმალურ ფორმაში შესვლას, რთული სათქმელია.

მუდმივად ახლადგამოჯანმრთელებულის ამპლუაშია ფაბიო კვალიარელა და შესაბამისად, "იუვენტუსის" ძირითად შემადგენლობაში ვერაფრით მოიკიდა ფეხი. არადა, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, მასზე დიდი იმედები მყარდებოდა.

პრანდელის "აძურაში" წამყვანი პოზიცია ეჭირა სტეფანო მაურის, თუმცა ისიც დაშავებულია და კაცმა არ იცის, როდის დაუბრუნდება მოედანს.

მოკლედ, იტალიიის ეროვნული ნაკრების კანდიდატებს ტრავმები დაერია და შედეგად, სენიორ ჩეზარე საკადრო პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ამ საკითხზე პრანდელი "გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტს ესაუბრა და სწორედ იქ გააჟღერა, რომ არის შანსი, ეროვნულ გუნდს თვით ფრანჩესკო ტოტი დაუბრუნდეს. დიახ, ფრანჩესკო ტოტი, რომელიც დღეს 35 წლის არის.

პრანდელი ტოტიზე
საკადრო პრობლემებიდან გამომდინარე, დღეს მართლა არ მაქვს წარმოდგენა რა შემადგენლობით გავემგზავრებით უკრაინა-პოლონეთში. პრინციპში, ჯერ ადრეა და ამ საკითხზე ვერც გვექნება ჩამოყალიბებული პოზიცია. მაისში დავჯდებით და ყველაფერს კარგად ავწონ-დავწონით, აქცენტი კი მათზე გაკეთდება, ვინც უკეთეს ფიზიკურ კონდიციაში იქნება.

რაც არ უნდა მაღალი იყოს საშემსრულებლო ოსტატობა და კლასი, თუ ფეხბურთელი ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით მოიკოჭლებს, ძნელია მას დაეყრდნო. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვთქვათ ვეტერანებს შანსი არ ექნებათ - პირიქით, სულ მალე ნაკრებში ანტონიო დი ნატალეს მიეცემა ასპარეზობის საშუალება, სამომავლოდ კი ფრანჩესკო ტოტის დაბრუნებაზეც ვფიქრობ. "რომას" კაპიტანმა "ჩეზენასთან" შესანიშნავად ითამაშა და თუ ასე გააგრძელა, სიამოვნებით გამოვიძახებ.

ჟურნალისტებმა ეს ამბავი უმალ აიტაცეს და მთელ იტალიას მოსდეს - ბუნებრივია, ამ საკითხზე კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა და ბევრისთვის მოულოიდნელად, ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება, რბილად რომ ვთქვათ, არ გამორიცხა.

ტოტი ნაკრებზე
ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩეზარე პრანდელის ყურადღება დავიმსახურე და ეროვნულ ნაკრებში ჩემს დაბრუნებაზეც კი დაფიქრდა. სიმართლე გითხრათ, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და არც მე გამოვრიცხავ, რომ ერთ მშვენიერ დღეს "სკუადრა აძურას" მაისურა მოვირგო.

როგორც პრანდელიმ განაცხადა, ჩემზე დაკვირვებას განაგრძობს და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული