"ლაციოში" მატებაა

AutoSharing Option
"კორიერე დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომის "ლაციოს" მესვეურები მოსკოვის ცსკა-ს ხელმძღვანელებს კეისუკე ჰონდას ტრანსფერზე შეუთანხმდნენ და გადაწყვეტილი ამბავია, რომ 25 წლის იაპონელი ნახევარმცველი "ბიანკოჩელესტეს" ღირსებას დაიცავს.

ჯერჯერობით, უცნობია თუ რამდენწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს კეისუკე "ლაციოსთან" და არც მისი სეზონური გასამრჯელოს შესახებ გავრცელებულა ცნობები. სამაგიეროდ, ის ნამდვილად ვიცით, რომ ამ გარიგების შედეგად, რუსული კლუბის ბიუჯეტი 14 მილიონი ევროთი გაიზრდება. პრინციპში, ტრანსფერი ოფიციალურად ჯერ არც დადასტურებულა, თუმცა რადგან იტალიური პრესა ამას დაბეჯითებით გვიმტკიცებს, სავარაუდოდ, ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება.

აქვე ვთქვათ, რომ ჰონდა
შემტევი ნახევარმცველია, 2010 წლიდან მოსკოვის არმიელთა კლუბის ღირსებას იცავს, 47 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 13 გოლი გატანილი. იქამდე ჰოლანდიურ "ვენლოში" ირიცხებოდა, ორ წელიწადში 68 მატჩი გამართა და 24 შედეგიან დარტყმას მოუყარა თავი. იაპონიის ეროვნულ ნაკრებში 2008 წლიდან ასპარეზობს, ამ დროისთვის 31 მატჩი აქვს ჩატარებული და 8 გოლი გატანილი. ვნახოთ, როგორ წარმოაჩენს თავს იტალიაში.

ამასობაში, პრაქტიკულად დადასტურდა ინფორმაცია ტიაგო მოტას "ინტერიდან" პსჟ-ში გადაბარგების შესახებ - ბევრს აღარ გავაგრძელებთ და სიტყვას პირდაპირ ფეხბურთელის პირად აგენტს გადავცემთ: "პარიზული კლუბისგან ოფიციალური წინადადება მივიღეთ და თანხმობით ვუპასუხეთ. დიახ, დასამალი არაფერია, მოტას დიდი სურვილი აქვს, რომ კარიერა პსჟ-ში გააგრძელოს და ეს ამბავი პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

მასიმო მორატიმ ტიაგოს პირობა მისცა, რომ გარიგებას არ ჩაშლის და ჩემი ბოლო ინფორმაციით, კლუბების მესვეურებმაც ჩამოარეთვეს ერთმანეთს ხელი. ასე რომ, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "ნაპოლი"-"ინტერის" შეხვედრა უკანასკნელი იქნება მოტასთვის მილანური გრანდის შემადგენლობაში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული