1997 წლის აპრილი იდგა, როდესაც სერია A-ს ერთ-ერთ რიგით კალენდარულ შეხვედრაში "იუვენტუსი" "უდინეზეს" მასპინძლობდა. ტურინული გრანდი მაშინ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული იყო და მორიგი ტიტულის, სკუდეტოს მოსაპოვებლად დიდი ნაბიჯებით მიიწევდა წინ. "უდინეზე" არც დღესაა გრანდი და მაშინ სულაც მუდამ ცხრილის შუა გულში
შეხვედრა ახალი დაწყებული იყო, როდესაც მატჩის არბიტრმა უდინელი ტომას ჰელვეგი გააძევა მოედნიდან და ისედაც აუტსაიდერად შერაცხული "უდინეზე" მრისხანე მეტოქესთან კაცნაკლული დატოვა. თითქოს ყველაფერი გაცხადდა, "იუვეს" ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაეშვა და ყველა ლოგიკით, საკუთარ კედლებში მეტოქე მიწასთან გაესწორებინა... მაგრამ, მოხდა ის, რასაც მართლაც არავინ ელოდა: "უდინეზემ" სამი უპასუხო გოლი გაუტანა ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს, ევროპული ფეხბურთის აღიარებულ გრანდს და სახლში სამი ქულით ხელდამშვენებული დაბრუნდა.
სეზონის დარჩენილი ნაწილი "უდინეზემ" შესანიშნავად განვლო, არც ერთი შეხვედრა აღარ წაუგია და ცხრილის შუაგულიდან მეხუთე ადგილამდე აცოცდა. მომდევნო სეზონში ძაკერონის გუნდმა სულაც მესამე პოზიციაზე დაასრულა ჩემპიონატი და პოპულარობის ზენიტში მყოფი სპეციალისტი "მილანში" გადაბარგდა. მაინც რა მოხდა 1997 წლის აპრილის იმ განსაკუთრებულ დღეს? - როგორ მოუგო კაცნაკლულმა "უდინეზემ" "იუვენტუსს" გამანადგურებელი ანგარიშით და თანაც ტურინში?...
"იუვენტუსთან" მატჩისთვის ძაკერონიმ 4-4-2 ტაქტიკა აირჩია, სქემა, რომელიც იმ პერიოდში აბსოლუტურად უკონკურენციო გახლდათ აპენინებზე. მარჯვენა მცველად ტომას ჰელვეგი ჰყავდა გამწესებული, რომელიც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სტარტზევე გააძევეს მოედნიდან.
საყოველთაო მოლოდინით, ძაკის ფორვარდი უნდა მოეხსნა თამაშიდან, მცველი შეეყვანა მოედანზე და შეხვედრა 4-4-1-ით განეგრძო. თუმცა, ალბერტომ სულ სხვა გადაწყვეტილება მიიღო: უდინელთა მწვრთნელს ცვლილება არ მოუხდენია, უბრალოდ ერთ-ერთი ფორვარდი უკან დაწია, ნახევარდაცვას მიახმარა და თამაში 3-4-1-1 სქემით განაგრძო. შეტევის წინა ხაზზე ოლივერ ბირჰოფი დატოვა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ანუ, მაშინ, როდესაც შეტევაში უდინური გუნდი იყო, უკან დახეული მარსიო ამორუზო წინ მიდიოდა და ჩვეულესიბამებრ ფორვარდის ფუნქციას ასრულებდა. ამ ტაქტიკას, დაბნეულმა ტურინელებმა ვერაფერი დაუპირისპირეს, ამორუზოს დუბლს ბირჰოფმა ერთი გოლი დაუმატა და ტურინში ფრიულელებმა საოცარი გამარჯვება იზეიმეს.
ეს ყველაფერი კი იმად გავიხსენეთ, რომ სწორედ ამ თამაშის შემდეგ დაიწყო იტალიაში 3-5-2-ის ბუმი და ერთი ხანობა, მწვრთნელთა აბსოლუტური უმეტესობა სწორედ ამ ტაქტიკას იყენებდა. სწორედ ამ სქემით გახდა ძაკერონის "მილანი" იტალიის ჩემპიონი, როდესაც დაცვის ხაზში ალესანდრო კოსტაკურტა, პაოლო მალდინი და ბრუნო ნგოტი მოქმედებდნენ. თუმცა, ეს ბუმი არცთუ დიდხანს გაგრძელდა და მალე, დომინანტი ტაქტიკა ისევ 4-4-2, უფრო კონკრეტულად 4-3-1-2 გახდა. და აი, 3-4 წლის წინ, იტალიურმა საფეხბურთო სამყარომ გაიხსენა კარგად დავიწყებული ძველი და დღეს, 3-5-2 (თუნდაც 3-4-3) ისევ მოდური ხდება. აღნიშნული სქემა აქტიურ ბრძოლაშია ჩაბმული 4-3-1-2-თან და თუ ასე გაგრძელდა, მალე აჯობებს კიდეც...
საგულისხმოა, რომ 3-მცველიანი ტაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლობისტი დღესაც "უდინეზეა", რომელსაც ფრანჩესკო გვიდოლინი უდგას სათავეში. სწორედ მისი თავკაცობით მიაღწია ფრიულურმა გუნდმა ბოლო წარმატებებს და დღესაც უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის.
გვიდოლინის გზას ადგას "ნაპოლის" თავკაცი ვალტერ მაძარი, რომელიც ასევე 3-5-2-ის მიმდევარია - შეგვიძლია უცებ გავიხსენოთ კიდეც: დაცვაში კანავარო, არონიკა და კამპანიარო; ნახევარდაცვაში: მაჯო, გარგანო, დოსენა, ინლერი და შეტევაში: ჰამშიკი, ლავეცი, კავანი; ეს უფრო 3-4-3 გამოვიდა, მაგრამ ამას უკვე აღარ აქვს არსებითი მნიშვნელობა. აქ მთავარი დაცვაა, სადაც გვიდოლინსაც და მაძარისაც 3 მოთამაშე უყენიათ. "უდინეზესი" არ იყოს, "ნაპოლიც" წარმატებით ასპარეზობს და წლიდან წლამდე პროგრესირებს...
2007 წელს, "ჯენოას" ჯანპიერო გასპერინი ჩაუდგა სათავეში, სწორედ 3-5-2 დანერგა გენუურ გუნდში და მოკლე დროში არნახულ წარმატებებს მიაღწია - კრიზისში მყოფი "ჯენოა" ფერზე მოიყვანა და ძალიან მალე, ელიტარულ დივიზიონში აიყვანა. შემდეგ "ინტერში" აღმოჩნდა ჯანპიერო, იქაც სცადა საფირმო ტაქტიკის დანერგვა, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე აღარ გამოუვიდა, ან შესაძლოა არც დასცალდა.
თუმცა, "ინტერი" იქით იყოს და ფაქტია, რომ "ჯენოას" არანორმალური პროგრესი სწორედ 3-5-2-მა მოუტანა.
დღეს, 3-მცველიან სქემას ზემოთხსენებული მწვრთნელების გარდა, კიდევ არაერთი გუნდი იყენებს: "ფიორენტინა", "პარმა", "ლეჩე",
"ჯენოა", "ბოლონია", "კატანია", "ნოვარა". სამაგიეროდ, 4-4-2-ზე და ამ ტაქტიკის სხვადასხვა ვარიაციებზე დგანან "მილანი", "იუვენტუსი", "ინტერი", "ლაციო" და ა.შ. საინტერესო ამბავი ხდება "რომაში", რომელიც ამ ორი სქემის ერთგვარ სინთეზს გვთავაზობს - ლუის ენრიკე 4-3-3 სქემას იყენებს, მაგრამ როდესაც დედაქალაქელები უტევენ, ფლანგის მცველები შეტევაში გარბიან, საყრდენი დანიელე დე როსი კი უკან იხევს და შედეგად, ვიღებთ 3-4-3 სქემას - სამაგიეროდ, დაცვით ფაზაში, გუნდი ჩვეულ ტაქტიკას, 4-4-3-ს უბრუნდება... ეს "ბარსელონას" სკოლაა და ვნახოთ, რა გამოუვა ესპანელ სპეციალისტს.
და მაინც, სერია A-ს 2011/2012 წლების სეზონში, ერთმანეთს ორი საფეხბურთო ხედვა, ორი ტაქტიკური მონახაზი უპირისპირდება: 4-4-2 VS 3-5-2; ან, გნებავთ 4-3-1-2 VS 3-4-3; მიმდინარე სეზონი ამ მხრივ შესაძლოა გარდამტეხიც კი აღმოჩნდეს და მომდევნო წლებში ის საფეხბურთო მოდა დაკანონდეს, რომელიც წელს იძალებს. ბოლოს, სიტყვა ალბერტო ძაკერონის, ფრანჩესკო გვიდოლინსა და მარჩელო ლიპის გადავცეთ - პირველი ორი 3-მცველიანი ტაქტიკის უპირატესობაზე გაგვიზიარებენ საკუთარ მოსაზრებას, მეორე კი თავის საყვარელ 4-4-2-ს დაიცავს...
ალბერტო ძაკერონი (3-5-2):
სამი მცველი ბევრ უპირატესობას იძლევა და ამ ყველაფერზე სასაუბროდ შეიძლება ერთი, ან ორი საათიც კი არ მეყოს. როდესაც "უდინეზეში" 3-5-2 დავნერგე, ბევრმა ჩათვალა, რომ ამით ნახევარდაცვაში მსურდა უპირატესობის მოპოვება და ბურთზე კონტროლის დაწესება... სინამდვილეში, ჩემი მიზანი იყო, რომ დაცვიდან თავდასხმაში რაც შეიძლება სწრაფად გადავსულიყავით და ამ მიზანს მივაღწიეთ კიდეც. ყველაზე ცუდია, როდესაც ბურთს მცველი იღებს და სწრაფად ვერ აწვდის ნახევარმცველს, რათა კონტრშეტევა განვითარდეს - როდესაც მოედნის შუაგულში 5 ფეხბურთელია, ამის გაკეთება უპრობლემოდ შეიძლება და კონტრიერიშიც ელვის სისწრაფით ვითარდება. ეს ერთ-ერთი პლუსია, რომელსაც 3-მცველიანი სქემა იძლევა.
ფრანჩესკო გვიდოლინი (3-5-2)
ჯერ კიდევ რენუს მიხელსი ამბობდა, რომ გუნდი იდეალურად მაშინ იცავს თავს, როდესაც მცველები ერთით აღემატებიან თავდამსხმელებს. რადგან თანამედროვე ფეხბურთში წინა ხაზზე ერთი, ან მაქსიმუმ ორი ფეხბურთელი ირჯება, სამ მცველზე მეტის საჭიროებას უბრალოდ ვერ ვხედავ და ამ საკითხში ლეგენდარულ ჰოლანდიელ მწვრთნელს 100%-ით ვეთანხმები. ანუ, ის ზედმეტი ფეხბურთელი შეგიძლია სხვა პოზიციაზე გამოიყენო და ამით, შენი გამარჯვების შანსი გაზარდო.
მარჩელო ლიპი (4-4-2)
თანამედროვე ფეხბურთში გუნდების, განსაკუთრებით კი გრანდების უმეტესობა გარემარბებით თამაშობს - მაგალითად, მიუნხენის "ბაიერნი" ავიღოთ, რომელიც ერთი ფლანგიდან არიენ რობენით გიტევს, მეორედან კი ფრანკ რიბერით... ასეთ გუნდთან სამი მცველით თამაში პრაქტიკულად დამღუპველია, რადგან ორივე მათგანს ერთი მეტოქის მოტყუება თავისუფლად შეუძლიათ. იგივე შეიძლება ვთქვათ "ბარსელონაზე", "რეალზე" და სხვა არაერთ გუნდზე, რომლებიც დღეს საფეხბურთო მოდას აკანონებენ. ვფიქრობ, 3-მცველიანი ტაქტიკით გარეკვეულ ეტაპამდე წარმატების მიღწევა შეიძლება, მაგრამ დიდ მწვერვალებამდე 4 მცველით თამაში უფრო მიგიყვანს. ასე რომ, მე ჩემი საბაზო ტაქტიკის ერთგული ვრჩები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"