ყველაფერი შავ-თეთრი ჯახის შესახებ

AutoSharing Option
XX ტურში ერთი განსაკუთრებული შეხვედრაა და ისიც დღეს გაიმართება - ტურინში ერთმანეთის პირისპირ ჩემპიონატის პირველი და მესამე გუნდები წარსდგებიან, ანუ "იუვენტუსი"'"უდინეზეს" დაეჯახება.

"ბებერი ქალბატონი" ფავორიტია, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ "უდინეზეს" ძლიერი მხარე სწორედ კონტრიერიშებზე თამაში და დაცვიდან შეტევაში ელვის სისწრაფით გადასვლაა. ნებისმიერ შემთხვევაში, წინ ძალიან საინტერესო პაექრობა გველის და ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას...

"გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, ანტონიო კონტე ტრადიციულ ტაქტიკას აირჩევს და მეტოქეს 4-3-3 სქემას დაუპირისპირებს. ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, ცენტრფორვარდის პოზიციაზე ალესანდრო მატრი გაირჯება, ფლანგებიდან
კი ესტიგარიბია და ალექს დელ პიერო შეუტევენ. დიახ, დელ პიერო, რომელმაც სათასო პაექრობაში თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა და პოზიციები საგრძნობლად გაიმყარა.

"უდინეზეს" ტაქტიკა-სტრატეგიასთან დაკავშირებით იტალიელ ჟურნალისტთა აზრები ორად იყოფა - წესით, ფრანჩესკო გვიდოლინმა ტრადიციული 3-4-1-1 სქემა უნდა გამოიყენოს, მაგრამ იგივე "გაძეტა" არც მეორე ვარიანტს გამორიცხავს, რომლის მიხედვითაც მწვრთნელი 4-4-2 ტაქტიკას შეარჩევს. "უდინეზე" და ოთხი მცველი ერთობ უჩვეულო ამბავია, მაგრამ ვნახოთ, იქნებ გვიდოლინი კონტეს სიურპრიზს უმზადებს. მოკლედ, ამ ეტაპზე ეს ყველაფერია ორი "ბიანკონერის" ჯახის შესახებ და ბოლოს, გვიდოლინსაც გადავცეთ სიტყვა, რომელიც აშკარად ოპტიმისტურ ნოტაზეა:

"სწორედ ასეთ თამაშებში უნდა დავამტკიცოთ, რომ უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია. კარგად ვიცი, რომ "იუვენტუსი" პირველივე წუთებიდან შემოგვიტევს და ისიც ვიცი, რა უნდა დავუპირისპიროთ ამ ყველაფერს. შემადგენლობასა და ტაქტიკაზე დღეს ვერაფერს გეტყვით, დაველოდოთ თამაშს და ყველაფერი გაცხადდება".

კვირის ღამის მატჩი "სან სიროზე" გაიმართება, სადაც "მილანი" "კალიარის" უმასპინძლებს. თუ იტალიელ ჟურნალიტებს დავუჯერებთ, მასიმილიანო ალეგრი მცირე ექსპერიმენტს მიმართავს და ჩვეულ ტაქტიკაში (4-3-1-2) გამთამაშებლის პოზიციაზე სტეფან ელ შაარავის გაამწესებს. შეტევის წინა ხაზზე ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად რობინიოს ვიხილავთ.

დავიდე ბალარდინი არასდროს ყოფილა დაცვაზე ორიენტირებული მწვრთნელი და ამიტომ, არც "კალიარისგან" ველოდებით "კატენაჩოს". გამომდინარე აქედან, მილანში წესით საინტერესო ბრძოლა უნდა გაჩაღდეს. ამაზე ამახვილებს ყურადღებას ალეგრი: "თუ ჩავთვლით, რომ, სამი ქულა უკვე ჯიბეში გვიდევს, მაშინც სულაც უქულოდ დავრჩებით - ამიტომ, მაქსიმალური მობილიზება და ბოლომდე დახარჯვა გვმართებს. "მილანი" შემტევ ფეხბურთს ითამაშებს და დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება".

ლიდერთა სამეულზე ვთქვით და დროა "ინტერის" ამბავი მოვიკითხოთ... მილანური გრანდი ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერს სტუმრობს და ყველა ლოგიკით, სახლში სამი ქულით ხელდამშვენებული უნდა დაბრუნდეს. თუმცა, ფეხბურთი რომ ხშირად ლოგიკას არ ექვემდებარება, საყოველთაოდ ცნობილი ამბავია.

კლაუდიო რანიერი ალბათ ორი ფორვარდით შეუტევს, ერთი დიეგო მილიტო იქნება, ხოლო მეორე ჯამპაოლო პაცინი. ამჯერად, თადარიგში მოიაზრება ვესლი სნეიდერი, ფორვარდთა პასებით მომარაგება კი მეტადრე რიკი ალვარესმა უნდა ითავოს.

შუა კვირაში "ინტერი" იტალიის თასიდან გამოვარდა და ფეხბურთელებს სარეაბილიტაციოდ აქვთ საქმე - წესით, მაქსიმალურად უნდა დაიხარჯონ და თუ ამან შედეგი არ გამოიღო, "ინტერის" მიერ კრიზისის სრულად დაძლევას და ჭეშმარიტების გზაზე შედგომას, კითხვის ნიშნები დაესმევა.

"ლეჩეზე" რა გითხრათ: დი მიკელე ფორმაშია, თითქოს მურიელიც, მაგრამ შევეშვათ და უმჯობესია, სიტყვა პირდაპირ კლაუდიო რანიერის გადავცეთ, რომელმაც საკმაოდ ვრცელი წინასამატჩო კომენტარი გააკეთა:

"ბოლო მოგებული შეხვედრის შემდეგ, შეგირდთა თამაშით უკმაყოფილება გამოვხატე და როგორც ხედავთ, არც თუ უსაფუძვლოდ. ეს ყველაფერი თასის პაექრობაში გამოვლინდა და არასასიამოვნო მარცხი ვიწვნიეთ. ნეაპოლური მატჩი დეტალებში გავარჩიეთ, დასკვნები გამოვიტანეთ და იმედი მაქვს, იგივე შეცდომებს "ლეჩესთან" აღარ გავიმეორებთ. ვნახოთ, ყველაფერი უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება".

სერია A. XX ტური
დღეს:
კატანია-პარმა 21.00
დისკვალიფიკაცია: ლეგროტალიე, ალმირონი - ძაკარდო.
ტრავმა: კაპუანო - მირანტე, პელე.

იუვენტუსი-უდინეზე 23.45
ტრავმა: ელია, მარკიზიო, ვუჩინიჩი - ფაბრინი, კოდა, ბარეტო, პინცი.

ხვალ:
ფიორენტინა-სიენა 15.30
დისკვალიფიკაცია: მუნარი (ფიორენტინა).
ტრავმა: კროლდრუპი, ბაბაქარი - ბრკიჩი.

რომა-ბოლონია 18.00
დისკვალიფიკაცია: რამირესი (ბოლონია).
ტრავმა: დე როსი, კასეტი, ოსვალდო, ბურდისო - კონე, ლორია, პულცეტი.

ჩეზენა-ატალანტა 18.00
ტრავმა: ჯოკოვიჩი, გეზალი - ბელინი, კაპელი.

კიევო-ლაციო 18.00
ტრავმა: ბროკი, კოზაკი, მაკინვა, ალფარო, ცანა, მაური (ლაციო).

ჯენოა-ნაპოლი 18.00
ტრავმა: როსი, კონსტანტი, ანტონელი, დაინელი, ველოზო, ბოვო, კალაძე (ჯენოა).

ლეჩე-ინტერი 18.00
დისკვალიფიკაცია: ფერარიო (ლეჩე).
ტრავმა: კაროციერი, ჯანდონატო, ფალკონე, ესპოზიტო - მუნტარი, სტანკოვიჩი, ფორლანი, კოუტინიო.

პალერმო-ნოვარა 18.00
ტრავმა: ერნანდესი, ბაჩინოვიჩი - ლუდი, ჩენტურიონი, მარიანინი, პინარდი.

მილანი-კალიარი 23.45
ტრავმა: ბოატენგი, ფლამინი, კასანო, იეპესი, აკვილანი, გატუზო, პატო, მერკელი - სამპაიო, ნენე, ერიკსონი, არიაუდო.

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 19 11 8 0 30-11 41
2. მილანი 19 12 4 3 40-17 40
3. უდინეზე 19 11 5 3 28-14 38
4. ინტერი 19 11 2 6 30-20 35
5. ლაციო 19 9 6 4 27-19 33
6. რომა 18 9 3 6 28-20 30
7. ნაპოლი 19 7 8 4 34-21 29
8. პალერმო 19 7 3 9 24-27 24
9. კიევო 19 6 6 7 16-22 24
10. ჯენოა 19 7 3 9 25-34 24
11. კალიარი 19 5 8 6 16-18 23
12. პარმა 19 6 5 8 24-32 23
13. კატანია 18 5 7 6 21-27 22
14. ფიორენტინა 19 5 7 7 18-16 22
15. ატალანტა 19 6 8 5 23-25 20
16. ბოლონია 19 5 5 9 17-25 20
17. სიენა 19 4 7 8 20-20 19
18. ჩეზენა 19 4 3 12 13-30 15
19. ლეჩე 19 3 4 12 20-36 13
20. ნოვარა 19 2 6 11 18-38 12

შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა

ბომბარდირები
14 - დი ნატალე (უდინეზე), იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 12 - დენისი (ატალანტა); 11 - კავანი (ნაპოლი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული